ბოდვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Delusions

ცრუ ან ირაციონალური რწმენა, რომელიც გვხვდება საწინააღმდეგოს ნათლად არსებობის პირობებში. ბოდვის არსებითი მახასიათებელია რეალობის დამახინჯება ან არარეალისტური იდეები, ან რწმენები. ის შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც შეუძლებელი/არარსებული, ხშირად უაღრესად პიროვნული იდეა ან რწმენის სისტემა, რომელიც არ არის აღიარებული მოცემული კულტურის ფარგლებში.

ზოგიერთი არსებული მონაცემი გვიჩვენებს, რომ იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, ბოდავს თუ არა მოცემული ინდივიდი, მართებული იქნება ვისაუბროთ გრადაციაზე და იმაზე,  რამდენად არის შესაძლებელი ბოდვითი რწმენის ნორმალურ რწმენათა კონტინუუმზე განთავსება. ასეთ შუალედურ მდგომარეობას ასახავს ფენომენი, რომელსაც ორმაგ ცნობიერებას უწოდებენ.

კლასიფიკაცია

პათოლოგიური რწმენების ანუ ბოდვების კლასიფიკაციის უამრავი გზა არსებობს. პათოლოგიური რწმენების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს: (ა) დევნის ანუ პარანოიდული, (ბ) მითითებების მიმცემი (გ) გრანდიოზულობის (დ) ნიჰილისტური, (ე) გავლენის, (ვ) სომატური და (ზ) მეტამორფოზების ბოდვები. ყველა ტიპის ბოდვა, ჩვეულებრივ, უშუალოდ იმ ადამიანს უკავშირდება, რომელსაც აღენიშნება ის და პიროვნულად სრულად თანხვდება ამ ინდივიდის ცხოვრების ისტორიას. ამგვარად, პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ბოდვა, რომ ადამიანები თვალ-ყურს ადევნებენ ან მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. იშვიათად მოიძებნება ისეთი პაციენტი, რომელიც, უბრალოდ, განყენებული ფანჯრების ჩრდილების ან მატარებლების შესახებ ბოდავს, მის ისტორიასთან და მიმდინარე საფიქრალებთან ყოველგვარი კავშირის გარეშე.

კენდლერი და მისი კოლეგები (Kendler, et. al., 1983) ბოდვის მდგომარეობის ექვს განსხვავებულ განზომილებას ასახელებენ: (1) მყარი რწმენა, (2) დარწმუნებულობის ხარისხი, რის გამოც ხდება ბოდვის შენარჩუნება, (3) გავრცელება ანუ პაციენტის ცხოვრებისეული გამოცდილების რა ნაწილია ჩათრეული ბოდვაში, (4) უცნაურობა ანუ რამდენად უჩვეულო და შეუძლებელია რწმენა, (5) დეზორგანიზაცია ანუ რწმენის თანმიმდევრულობის ხარისხი და (6) ზეწოლა ანუ რამდენად გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვს ბოდვა პაციენტისგან.

გავრცელება

ბოდვები დიაგნოსტიკური კატეგორიების საკლასიფიკაციო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ბოდვები შიზოფრენიული აშლილობის ყველაზე მნიშვენლოვანი სიმპტომი შეიძლება იყოს.

მთლიანობაში ბოდვების გავრცელების და შემთხვევების მაჩვენებელი აშლილობის ტიპსა და იმ დიაგნოსტიკურ ჯგუფზეა დამოკიდებული, რომელსაც პაციენტი მიეკუთვნება. მაგალითად, შიზოფრენიის მქონე პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაციის მწვავე ფაზაზე ბოდვები აღენიშნებათ, დაახლოებით 80%-ს შეადგენენ, ხოლო ბიპოლარული აშლილობის მქონე, მანიის ეპიზოდში მყოფი, ბოდვის მქონე  პაციენტები — 60%-ს.

 გავრცელებისა და შემთხვევების საკითხი შემდეგ კითხვას ბადებს: ბოდვები ნიშნისმაგვარი მახასიათებელია თუ მხოლოდ ერთჯერადი აბერაცია (გონების არევა), როცა პაციენტის ცხოვრებაში პათოლოგიური რწმენების ნაკადის ეტაპი დგება. ლონგიტუდური კვლევების შედეგები აჩვენებენ, რომ ბოდვები გამეორების ტენდენციით ხასიათდებიან როგორც შიზოფრენიული, ასევე სხვა ფსიქოტური აშლილობების დროს. ამგვარად, ამ აშლილობების მქონე პაციენტებისთვის ბოდვები ერთჯერადი აბერაცია კი არ არის, არამედ — დროდადრო გამეორებადი და, როგორც ჩანს, მათი ნიშნისმაგვარი მახასიათებელია.

მკურნალობა

შიზოფრენიული და ბოდვითი აშლილობისთვის საკმაოდ ეფექტურია ნეიროტრანსმიტერი დოფამინის, კერძოდ, D2 რეცეპტორის, დამბლოკავი ნეიროლეპტიკური აგენტები. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია მწვავე ბოდვების მკურნალობისას. კლოზარილი და სხვა ატიპური ნეიროლეპტიკები, რომლებიც დოფამინს და სეროტონინს ბლოკავენ 5HT-2 რეცეპტორებში, ასევე, ეფექტური აღმოჩნდა როგორც ბოდვების, ისე — უარყოფითი სიმპტომების სამკურნალოდ. ზოგადად, ნეიროლეპტიკებით მკურნალობა დიაგნოზის მიხედვით კი არ ინიშნება, არამედ კონკრეტული სიმპტომების ჯგუფებებზეა მიმართული. მათ შორისაა ბოდვები. ამრიგად, ბოდვების მკურნალობა არ შემოიფარგლება ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიით და სხვადასხვა დიაგნოზის დროს გამოიყენება. მდგრადი ან ქრონიკური ბოდვებიც ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე მწვავე ბოდვები.

ბოდვების თეორიები

ბოდვების შესწავლამ მთელ რიგ თეორიებს დაუდო სათავე. მათ შორის არის ფსიქოანალიტური მოსაზრება პარანოიდულ ბოდვებში განდევნილი იმპულსების შესახებ, ინდივიდის მეს სტრუქტურის აღქმის მონაცვლეობა, პიროვნული მახასიათებლების ეფექტები, ეგზისტენციალური ფაქტორები, სწავლის დეფიციტი, მტრულობის მართვა, სოციალური დამცირების/შეურაცხყოფის ეფექტები, პათოლოგიური მსჯელობის ეფექტები და კოგნიტური სტილების შედეგები. ბევრი თეორია საკმაოდ შედეგიანად ცდილობს ბოდვის წარმოშობის მოდელის შექმნას.

ბოდვის პერცეპტული დეფიციტის თეორიის მიხედვით, პათოლოგიურ აღქმას ბოდვების ფორმირებამდე მივყავართ, რათა შესაძლებელი გახდეს ამ აღქმების წარმოქმნა. ამ სქემას თუ მივყვებით, გამოდის, რომ ბოდვა პათოლოგიური აღქმის შედეგი შეიძლება იყოს, რომელიც ამ აღქმის არსებობის „რაციონალურ“ ახსნას ცდილობს. ეს გარკვეული პაციენტების შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. ამ მოსაზრების ემპირიული შეფასებები არაერთგვაროვან შედეგებს იძლევა. მეორე მხრივ, საკმაოდ იმედიანად გამოიყურება ბოდვების, როგორც ნორმალური აღქმის მცდარი ინტერპრეტაციის, გაგების მცდელობა. ამ მიდგომას საფუძვლად მდებარე მოტივებამდე/მიზნებამდე და მათთან ასოცირებულ ემოციებამდე მიყვავართ. სხვა სიტყვებით, გარემოს ინტერპრეტაციაზე ან აღქმაზე ინდივიდის მიმდინარე მოტივები/მიზნები/გეგმები და მათთან დაკავშირებული პრობლემები და მოთხოვნილებები ახდენენ გავლენას. შედეგად მიღებული იდეები ანდა რწმენები, როგორც ინტერპრეტაციის მამოძრავებელი ძალა, ამ საფუძვლად მდებარე მოტივებიდან/მიზნებიდან და მათთან დაკავშირებული ემოციებიდან გენერირდება.

მონაცემები აჩვენებენ, რომ ბოდვები პირველადი ლოგიკური შეცდომები კი არ არის, არამედ ემოციური მასალიდან მომდინარეობენ. ინტენსიური კოგნიტური აგზნების პირობებში, პაციენტის მოგონებები აფექტური წარსულიდან და სურვილები და ძირითადი საფიქრალები აწმყოში აფექტური ცხოვრებიდან იჭრებიან მის მიმდინარე აზროვნებაში. ეს აღრევა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება დიდი დაძაბულობისა და კოგნიტური აგზნების მდგოამარეობაში, როცა თავს იჩენს კოგნიტური დამახინჯება. ასეთ პირობებში წამყვანი მოტივები/მიზნები, სურვილები და საფიქრალები ხანგრძლივი მეხსიერების მდგენელებზეც მოქმედებს და მიკერძოებულს ხდის, რომელიც, ნორმალურ პირობებში, თავადვე გააკონტროლებდა საკუთარ იდეებსა და რწმენებს. პაციენტისთვის ბოდვა „რეალური“, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი და ინტენსიური ხდება. მას შემდეგ, რაც ინდივიდი ბოდვას იწყებს, ბოდვები ერთმანეთში ირევა და შეუძლებელი ხდება მათი პირველწყაროსა და წარმომავლობის დადგენა.

ბოდვების გენერირებასა და შენარჩუნებაში სხვა, ჯერ კიდევ უცნობი, ფაქტორები მონაწილეობენ. მოტივები/მიზნები სრულიად ნორმალურ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც მათ აღქმებზე ზემოქმედებენ, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ადამიანია დროის გარკვეულ პერიოდში რეალობის ასეთი დამახინჯებისა და ბოდვების წარმოქმნისადმი მოწყვლადი. ჯერ კიდევ კარგად არ არის ცნობილი აღრეული აზრებისა და რწმენების წარმოქმნაში, კონტროლსა და რეგულაციაში ჩართული ბიოლოგიური ფაქტორები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. II.

კატეგორია: 
ავტორები: