დროში განმეორებადი კვლევის მეთოდი

Longitudinal Design

დროში განმეორებად კვლევის მეთოდს ხშირად დიაქრონულ კვლევის მეთოდსაც უწოდებენ, რადგან მისი გამოყენებით ერთსა და იმავე ცდის პირზე განმეორებითი დაკვირვება დროთა განმავლობაში წარმოებს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი დაკვირვება შესაძლოა რამდენიმე წლის მანძილზეც გაგრძელდეს.

ამ მეთოდს მკვლევრები უმეტესად განვითარების აღსაწერად და ინდივიდუალური განსხვავებების შესასწავლად იყენებენ ხოლმე და მისი მთავარი მიზანი საინტერესო ცვლადის ცვლილებების თანმიმდევრული შესწავლაა გარკვეული ხნის მანძილზე.

მაგალითად, ე.წ. „ფრემინგემის გულის კვლევაში“, რომელიც 1948 წელს დაიწყო, მკვლევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდნენ გულის კორონარული დაავადებების გავრცელებას მასაჩუსეტსის შტატის, ქალაქ ფრემინგემის 5209 მაცხოვრებზე. კვლევის დაწყებიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ცდის პირები ხელახლა გადიოდნენ დეტალურ სამედიცინო შემოწმებას.

1960 წელს, კვლევის შედეგად პირველად გაირკვა, რომ მოწევა შეიძლება რისკფაქტორი იყოს გულსისხლძარღვთა დაავადების აღმოცენებაში, ხოლო 1961 წელს კი მეორე რისკფაქტორი - მაღალი არტერიული წნევაც გამოიკვეთა.

ფრემინგემის გულის კვლევა ამით არ დასრულებულა. 1971 წელს მათ მეორე თაობის კვლევა დაიწყეს, ხოლო 2002 წლიდან, მესამე ეტაპზე - კვლევაში მონაწილე პირველი თაობის შვილიშვილები ჩაერთვნენ, რომელთა შესწავლაც ამჟამადაც მიმდინარეობს.

სხვადასხვა ინდივიდის თავისებურებებისა და ცხოვრების შესასწავლად მკვლევრებმა შეიძლება, მთელი რიგი ფაქტორები შეაფასონ დროში განმეორებადი კვლევის მეთოდით, რათა დააკვირდნენ,  რა გავლენა მოახდინეს ამ ფაქტორებმა ცალკეული ინდივიდების ცხოვრებაზე.

დროში განმეორებადი კვლევის მეთოდის გამოყენებას რიგი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. როგორც წესი, კვლევის ეს მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია დროში ხანგრძლივად მიმდინარე პროცედურების გამო. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ცდის პირებმა გარკვეულ ეტაპზე უარი თქვან კვლევაში მონაწილეობაზე ან გაუჩინარდნენ. რაც შეეხება უპირატესობებს: იქიდან გამომდიანრე, რომ ცდის პირები ძირითადად, ერთსა და იმავე სოციალურ-ეკონომიკურ პერიოდსა და პირობებში მცხოვრები ინდივიდები არიან, დროში განმეორებადი კვლევის მეთდი საშუალებას გვაძლევს  ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები დავაფიქსიროთ და სოციალური პირობების ცვალებადობისგან გამოვარჩიოთ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

History of the Framingham Heart Study (History of the Framingham Heart Study); 

https://www.framinghamheartstudy.org/about-fhs/history.php Retrieved 03.08.15

კატეგორია: 
ავტორები: