პიროვნების მრავლისმომცველი აღწერითი სისტემა, რომელიც ასახავს ურთიერთობას ზოგად ნიშნებს, თეორიულ ცნებებსა და პიროვნების სკალებს შორის. არაფორმალურად ეწოდება დიდი ხუთეული.
პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის მომხრეები ამტკიცებენ, რომ პიროვნების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ხანგრძლივად გადაუჭრელი საკითხი გადაჭრეს: საუკეთესოდ როგორ უნდა მოხდეს ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილი ათასობით პიროვნული ნიშნის ორგანიზება და კლასიფიცირება. ამ მოდელმა დიდი ინტერესი გამოიწვია ნიშნების ფსიქოლოგიაში და ისეთი მრავალფეროვანი სფეროების კვლევითი ინტერესის ფარგლებში აღმოჩნდა, როგორიცაა ქცევითი გენეტიკა, კროსკულტურული ფსიქოლოგია, ორგანიზაციული ფსიქოლოგია და პიროვნული აშლილობების კვლევა.
დიდი ხუთეულის მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ამომწურავ, ემპირიული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მოდელად ითვლება პიროვნების ფსიქოლოგიის ისტორიაში. ადამიანის პიროვნების ნიშნებისა და სტრუქტურის იდენტიფიცირება ზოგადად ფსიქოლოგიის ყველაზე ფუნდამენტური მიზანია. ოთხ ათწლეულზე მეტ ხანს წარმოებული კვლევის განმავლობაში ეს ხუთი ფართო ფაქტორი თანდათანობით აღმოაჩინა და განსაზღვრა მკვლევართა რამდენიმე დამოუკიდებელმა ჯგუფმა (Digman, 1990). ამ მკვლევრებმა პიროვნების ბაზისური, საფუძვლად მდებარე ფაქტორების კვლევა პიროვნების ყველა ცნობილი ნიშნის შესწავლით და ამ ნიშნების ასობით საზომის (თვითანგარიშისა და კითხვარების მონაცემებისა და ექსპერიმენტული სიტუაციებში ობიექტური საზომების) ფაქტორული ანალიზით დაიწყეს.
ათწლეულების მანძილზე მკვლევართა, სულ მცირე, ოთხი ჯგუფი მუშაობდა ამ საკითხზე და ყველა მათგანმა ზოგადად ერთი და იგივე ხუთი ფაქტორი გამოყო: ტუპესი და კრისტალი პირველები იყვნენ, მათ მოჰყვა გოლდბერგი (ორეგონის კვლევით ინსტიტუტში), კეტელი (ილინოისის უნივერსიტეტში) და კოსტა და მაკკრეი (ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში). ხუთი ფაქტორის გამოსავლენად ეს ოთხი ჯგუფი, გარკვეულწილად, განსხვავებულ მეთოდებს იყენებდა და ამიტომ ხუთი ფაქტორის ყოველ ნაკრებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული დასახელებები და განსაზღვრებები აქვს; თუმცა, ყველა მათგანს შორის არსებობს ძლიერი ინტერკორელაცია და ფაქტორულ ანალიზზეა ორიენტირებული (McCrae & Costa, 2003).
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნიშნები პიროვნების ორგანიზაციას ყველაზე ზედა დონეზე ახდენენ, შესაბამისად, უზრუნველყოფენ კონცეპტუალურ ჩარჩოს ჩვეულებრივი, შედარებით ქვედა დონის ნიშნებისთვის. თუმცა, ვინაიდან დიდი ხუთეულის ნიშნები ასეთი ფართო და ყოვლისმომცველია, ისინი არც ისე კარგი პრედიქტორები და ამხსნელებია კონკრეტული ქცევისთვის, როგორც უფრო მრავალრიცხოვანი ქვედა დონის ნიშნები. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ რეალური ქცევის წინასწარმეტყველებისთვის უფრო მრავალრიცხოვანი მახასიათებლები ანუ პირველადი დონის ნიშნები უფრო ეფექტურია.
დიდი ხუთეულის ფაქტორებია გამოცდილებისადმი ღიაობა (Openness), პატიოსნება (Conscientiousness), ექსტრავერსია (Extraversion), თანხმობისათვის მზაობა (Agreeableness) და ნეიროტიციზმი (Neuroticism). ნეიროტიციზმის ფაქტორს ზოგჯერ ემოციური სტაბილობის ფაქტორსაც უწოდებენ. გარკვეული უთანხმოება არსებობს გამოცდილებისადმი ღიაობის ფაქტორის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგჯერ „ინტელექტსაც“ უწოდებენ. თითოეული ფაქტორი უფრო კონკრეტული ნიშნების ნაკრებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან კორელირებენ. ექსტრავერსია მოიცავს ისეთ ურთიერთდაკავშირებულ თვისებებს, როგორებიცაა სოციაბილურობა, აგზნების ძიება, იმპულსურობა და დადებითი ემოციები. თანხმობისათვის მზაობის ფაქტორი ისეთი მახასიათებლებისგან შედგება, როგორებიცაა ერთ პოლუსზე ალტრუიზმი, ზრუნვა და ემოციური მხარდაჭერა და მეორე პოლუსზე მტრულობა, საკუთარ თავზე ცენტრირება და ეჭვიანობა. პატიოსნების ფაქტორში მოიაზრება კონფორმულობა ან იმპულსების სოციალურად მისაღები კონტროლი, სამსახურსა და მიღწევაზე ორიენტირებულობა და აქტივობებში წესრიგის შეტანაზე ორიანტაცია. მეოთხე ფაქტორი, ნევროტიზმი (ემოციური სტაბილობის წინააღმდეგ), ჩვეულებრივ, მოიცავს ისეთ აღმწერებს, როგორებიცაა დაძაბული, მშფოთვარე, ნერვიული და უხასიათო. გამოცდილებისადმი ღიაობა (ანუ ინტელექტი) აერთიანებს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა წარმოსახვის მქონე, ცნობისმოყვარე, არტისტული, გონებაგახსნილი და დახვეწილი, თუმცა ეს ფაქტორი ყველაზე ნაკლებად არის ნაკვლევი და განსაზღვრული.
ხუთფაქტორიანი მოდელი პიროვნების წმინდად აღწერითი მოდელია. ფაქტორები შეიქმნა ნიშნების ტერმინთა კლასტერების სტატისტიკური ანალიზის შედეგად და არა — თეორიის საფუძველზე, რომელიც ამბობდა: „ეს არის ფაქტორები, რომლებიც უნდა არსებობდეს“, მაგრამ ხუთფაქტორიანი მოდელის მომხრე ფსიქოლოგებმა ამ თეორიული დასაბუთების ძიება დაიწყეს. მაგალითად, მათ სცადეს, ხუთი განზომილება ინტერაქციათა იმ თანმიმდევრულ ტიპებთან დაეკავშირებინათ, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე (გერიგი & ზიმბარდო, 2009).
ხუთფაქტორიანი მოდელი შეიქმნა და დადასტურდა კვლევებში, რომლებშიც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარ თავსა და სხვებს აღწერდნენ. მოდელი ეფუძნება დაშვებას, რომ პიროვნების მნიშვნელოვანი ასპექტები სამეტყველო ენაში ცალკეული ტერმინებით იქნება წარმოდგენილი. ამ დაშვებამ ლექსიკური ჰიპოთეზის სახელი მიიღო. შესაბამისად, ბევრმა მკვლევარმა ნიშნების აღმწერებისთვის განმარტებით ლექსიკონებს მიმართა. სხვა მკვლევრებმა პიროვნების საკვლევი არსებული კითხვარები შეისწავლეს, რათა კითხვარების სკალებსა და ხუთფაქტორიან მოდელს შორის კავშირები ეჩვენებინათ. ორივე მიმართულებით (ლექსიკური ჰიპოთეზა და პიროვნული კითხვარები) წარმოებულმა კვლევებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ხუთფაქტორიანი მოდელის კონსტრუქტები და მათი მიმართება ნიშნების თეორიებთან და შეფასების ინსტრუმენტებთან.
რაც შეეხება პიროვნების ერთიან თეორიაში ხუთფაქტორიანი მოდელის ადგილს, მის ზოგიერთ მომხრესა და ნიშნების თეორეტიკოსებს აკრიტიკებენ, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს მოდელი ადეკვატურად აღწერს ადამიანის პიროვნებას. შედარებით ახლებური ხედვაა ხუთი ფაქტორის, როგორც პიროვნული დისპოზიციების ერთი ნაკრების, განხილვა უფრო ფართო თეორიულ ჩარჩოში, რომელიც სიტუაციური შეზღუდვების, მოტივაციის, დამოკიდებულებების, ღირებულებების, კოგნიტური უნარების და, ასევე, ცხოვრებისეული ისტორიებისა (იდენტობის ფორმირების) და საზოგადოებრივი გავლენებსაც აღიარებს (McAdams, 1996).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.
Digman, J. M. (1990). Personality structure: Emergence of the five-factor model. Annual Review of Psychology, 41, 417-440.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. IV.
McAdams, D. P. (1996). Personality, modernity, and the storied self: A contemporary framework for studying persons. Psychological Inquiry, 4, 295-321.
McCrae R. R., Costa, P. T. (2003). A contemplated revision of the NEO Five-Factor Inventory. Personality and Individual Differences, 36 587-596.