ფემინისტი მკვლევრები კრიტიკულად არიან განწყობილნი ტრადიციული დისციპლინების მიმართ, რადგან ისინი, მათი აზრით, უგულებელყოფენ ქალების გამოცდილებას. ბევრი ფემინისტი მკვლევარი ემიჯნება პოზიტივისტურ სამეცნიერო მეთოდოლოგიას, როგორც მასკულინისტურს, და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერული განსხვავებების გათვალისწინებას. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ სოციალური მეცნიერებების წამყვანი მიდგომები არ ითვალისწინებს ქალების გამოცდილებასა და ღირებულებებს, მრავალი ფემინისტი სწავლული მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ თეორიებისა და მეთოდების სრულ უარყოფას. მაგალითად, ჯუდით ვითნერი (1990) ფიქრობს, რომ აუცილებელია ტრადიციული მიდგომების ცოდნა და კვლევა, რათა შემდეგ ფემინისტმა მკვლევრებმა ისინი საკუთარი მიზნების შესაბამისად გამოიყენონ.
ფემინისტური მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ყურადღების გამახვილება ქალების უხილავი და გაუჟღერებელი გამოცდილებების, დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების შესწავლაზე, რომლებიც ისტორიულად გარიყული და მარგინალიზებული იყო გაბატონებული მეტანარატივებიდან.
ფემინისტური მეთოდოლოგია, აგრეთვე, აკრიტიკებს ობიექტურობის სტანდარტულ კონცეფციებს, რადგან, ფემინისტების აზრით, ადამიანის სუბიექტური რეალობის უგულებელყოფა თვითონ გვაძლევს მიკერძოებულ შედეგებს. ფემინისტებსითვის ნამდვილი ობიექტურობა სუბიექტური გამოცდილების აღწერით მიიღწევა.
ფემინისტური კვლევა პოლიტიკურია და ის მიზნად ისახავს არსებული გენდერული ურთიერთობების ტრანსფორმაციას. თუმცა, ის არ არის გამონაკლისი და პოლიტიკურობა არ არის მხოლოდ ფემინისტური კვლევის მახასიათებელი. ფემინისტ მკვლევრებს უბრალოდ სააშკარაოზე გამოაქვთ სოციალური მეცნირებების სხვა მიდგომებისა და მეთოდების პოლიტიკურობა.
მაგალითად, ფემინისტური კვლევის ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება, იყოს ქალების ზეპირი ისტორიების შეგროვება. საზოგადოებაში, რომელშიც ქალების არჩევანი შეზღუდულია, საკმარისი არ არის მხოლოდ მათი საქმიანობისა და ქცევის შესწავლა, რადგან მათი ქმედება ხშირად არ ასახავს მათ ფიქრებს. ამგვარად, ზეპირი ისტორიები არა მხოლოდ ქალების საქმიანობაზე, არამედ მათ გრძნობებსა და მოსაზრებებზეც ამახვილებს ყურადღებას. ზეპირი ისტორიები: (ა) იკვლევენ ქალების სუბიექტურ და ემოციურ გამოცდილებებს და მათ საქმიანობას. (ბ) ინტერვიუ უტოლდება ისტორიულ დოკუმენტს, იმ განსხვავებით, რომ მკვლევარს შესაძლებლობა აქვს, გაუგებარი ცნებებისა თუ მოვლენების განმარტება სთხოვოს რესპონდენტს.
ფემინისტური კვლევა ღიაა სიახლეებისთვის მეთოდოლოგიაში და კრიტიკულად იაზრებს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ტრადიციულ მეთოდებს. ფემინისტური კვლევა სხვა კვლვევებისგან განსხვავდება, ასევე, იმით, რომ სოციალურ ცვლილებაზე და სამართლიანობაზეა ფოკუსირებული. ფემინისტი მკვლევრები ითვალისწინებენ მკვლევარსა და რესპონდენტს შორის არსებულ იერარქიას. კვლევის სუბიექტის და ობიექტის დიქოტომია მიანიშნებს მკვლევრის პრივილეგირებულ პოზიციაზე, რადგან მას შეუძლია კვლევის ობიექტების ცხოვრებისეულ გამოცდილებას მნიშვნელობა მიანიჭოს და განმარტოს. მკვლევრების ერთი ნაწილი ცდილობს, ეს იერარქია „თანასწორი“ ურთიერთობით ჩაანაცვლოს. მეორე ნაწილი თვლის, რომ ძალაუფლებრივი ურთიერთობები კვლევის გარდაუვალი შემადგენელი ნაწილია. თუ ადრე მკვლევრისა და რესპონდენტის ურთიერთობებში არსებული ძალაუფლება იყო დისკუსიის საგანი, დღეს ფემინისტები განიხილავენ იმას, თუ რა გავლენას ახდეს ძალაუფლება ცოდნის შექმნის პროცესზე.
იხილეთ, აგრეთვე: ფემინისტური ეპისტემოლოგია, პოზიციის ეპისტემოლოგია, ზეპირი ისტორიები
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Anderson, K., Armitage, S., Jack, D. & Wittner, J. Beginning Where We Are: Feminist Methodology in Oral History, in J. M. Nielsen (ed.), Feminist Research Methods: Exemplary Readings in the Social Sciences. Boulder, San Francisco, & London: Westview Press.
Doucet, A. & Mauthner, N. (2006). Feminist Methodologies and Epistemology, in Clifton D. Bryant and Dennis L. Peck (Eds.) Handbook of 21st Century Sociology. Thousand Oaks, CA: Sage
ჯავახიშვილი, ნ. (2004). კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, ფემინისტური ეპისტემოლოგიის პერსპექტივა, ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი (7), თბილისი.