ფემინისტური ეპისტემოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Epistemology

სხვადასხვა კულტურაში საუკუნეების მანძილზე ხდებოდა კაცების ცხოვრებისა და გამოცდილების აღწერა და შესწავლა, ქალების ცხოვრებისეული ამბები კი ძალიან იშვიათად იყო დოკუმენტირებული, უფრო მეტიც, მათი სისტემატური იგნორირების გამო ეს ამბები მივიწყებული, უხილავი და მიჩქმალული რჩებოდა. მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ფემინისტების ძალისხმევის შედეგად, როგორც აკადემიაში, ისე მის გარეთაც ქალებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თეორიული, შემოქმედებითი თუ პრაქტიკული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - პოლიტიკაში, მედიცინაში, ბიზნესში, ბუნებისმეტყველების დარგებში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში -ქალების გამოცდილებები უგულებელყოფილია. აკადემიურ სივრცეში ფემინისტებმა მკვლევრებმა გამოავლინეს ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და დამკვიდრებულ თეორიულ ჩარჩოებს შორის არსებული შეუსაბამობები. ეს სტიმული აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ შემეცნების „ალტერნატიული“ გზების ძიება, რომელთაც ქალები ქალებისთვის დაამკვიდრებდნენ. ფემინისტური ეპისტემოლოგიის ამოსავალია რწმენა, რომ აუცილებელია სოციალური მეცნიერებების დომინანტური, როგორც წესი, პოზიტივისტური პარადიგმების შეცვლა ჰოლისტური მიდგომით.

ამრიგად, კვლევასთან, ცოდნის შექმნის პროცესებსა და შემეცნების თეორიასთან თანამედროვე ფემინისტური მიდგომები მიზნად ისახავს საუკუნეების მანძილზე იგნორირებული ქალების გამოცდილებების წინა პლანზე წამოწევას. ამ წამოწყების მიზანია ქალების ცხოვრების ავთენტიკურად რეპრეზენტაცია. ცოდნის შექმნის ერთ-ერთი ასეთი მოდელია ფემინისტური პოზიციის ეპისტემოლოგია. პოზიციის ეპისტემოლოგიის ამოსავალია მოსაზრება, რომ სამყაროს შემეცნებისთვის ჩაგრული, დაქვემდებარებული ჯგუფების - ამ შემთხვევაში, ქალების - გამოცდილებებს უნიკალური მნიშვნელობა აქვს; რომ, შემეცნების თვალსაზრისით, ძალაუფლებრივ იერარქიებში სხვადასხვა პოზიცია ერთნაირად ღირებული არ არის; და რომ მხოლოდ ჩაგრული ჯგუფების უნიკალური ხედვის გამოყენებითაა შესაძლებელი ისეთი ცოდნის მიღწევა, რომელიც ადეკვატურ საფუძველს შეუქმნის სოციალური აქტივიზმისა და გარდაქმნისათვის ბრძოლას. ამ მიდგომის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ცოდნის ძებნის ამოსავალი წერტილი გამოცდილებაა და რომ სწორედ ქალების პერსპექტივასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შეისწავლონ მკვლევრებმა სოციალური სამყარო. ფემინისტური პოზიციის ეპისტემოლოგია ემყარება მარქსისტულ იდეას პროლეტარიატის როლის შესახებ. მისი თანამედროვე დამცველებიდან ყველაზე ცნობილია სანდრა ჰარდინგი.

ფემინისტური ეპისტემოლოგიის კიდევ სხვა მიმართულება ტრადიციული ეპისტემოლოგიის ზოგიერთ პრინციპს იზიარებს, თუმცა გადასინჯავს და განაახლებს მათ. ამ კვლევების ერთი მიმართულებაა ტრადიციული მეცნიერების კრიტიკა იმის გამო, რომ მისი პრაქტიკა თვითონ არ შეესაბამება მის იდეოლოგიას, სახელდობრ, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის აღიარებულ იდეალებს. მეორე მხრივ, ეს თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მეცნიერების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის, როგორც ღირებულებების მიმართ ნეიტრალურობის, იდეალები განუხორციელებელი და არაადეკვატურია. თუმცა ისინი არ ეთანხმებიან პოზიციის ეპისტემოლოგიის ზოგიერთ თეზისს და გარკვეულ წინააღმდეგობას ხედავენ მათში (ჰელენ ლონგინო, სიუზენ ჰეკმენი და სხვ.).

 კიდევ სხვა, პოსტმოდერნული მიმართულება ფემინისტურ ეპისტემოლოგიაში (მაგ., დონა ჰარაუეი) აკრიტიკებს ზემოაღნიშნულ მიდგომებს, როგორც „ფემინისტურ ემპირიზმს“, არ ეთანხმება ობიექტურობის უფრო ადეკვატური კონცეფციის შემუშავების მათ სწრაფვას და უფრო რადიკალურად აყენებს ეჭვქვეშ მეცნიერების, როგორც ასეთის, ღირებულებას.

იხილეთ, აგრეთვე: პოზიციის ეპისტემოლოგია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Gayle Letherby,Feminist Research and Theory in Practice.

Abigail Brooks,„Feminist Standpoint Epistemology: Building Knowledge and Empowerment Through Women’s Lived Experience, in Sharlene Nagy Hesse-Biber, Patricia Lina Leavy, Feminist Research Practice. 

კატეგორია: 
ავტორები: