კრებითი ტერმინი, რომელიც გამოხატავს სამი კლასის იარაღთა სისტემას: ატომურს (ბირთვულს), ბიოლოგიურსა და ქიმიურს. ამ იარაღის კლასების ინგლისური დასახელების აბრევიატურიდან გამომდინარე, ზოგჯერ გამოიყენება აღნიშვნა ABC. მ. გ. ი. განსხვავდება ჩვეულებრივი იარაღისაგან როგორც შეუდარებლად მეტი გამანადგურებელი ძალით, ისე იმ ზიანის მასშტაბით, რაც მათი გამოყენების თანამდევ და შემდგომ მოვლენებს მოაქვს. მსოფლიოში დღეს არსებული მ. გ. ი–ის საერთო სიმძლავრე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლის სრული მოსპობისათვის იქნებოდა საკმარისი. ამიტომ ცივი ომის პერიოდში დასავლეთ–აღმოსავლეთის ურთიერთობების ერთ–ერთი ძირითადი საკითხი მ.გ. ი–ის წარმოების შეზღუდვა და განიარაღება იყო. ამჟამად განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მ.გ. ი–ის შექმნა ე.წ. პარია (არამზადა) სახელმწიფოების (იხ. ურჩი სახელწიფო) მიერ. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ ეს იარაღი ავტორიტარული და უპასუხისმგებლო რეჟიმების ხელში არ აღმოჩნდეს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი