ყოველი ხალხის (ეთნოსის) საერთაშორისოდ აღიარებული უფლება დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვროს თავისი ბედი, მათ შორის თავისი სახელმწიფოებრივი არსებობის ფორმა. თ–ის პრინციპი ჩამოყალიბდა და დამკვიდრდდა დასავლეთ ევროპაში XVII–XIX სს–ის ეროვნული მოძრაობების გამვითარების პროცესში, რომლის ძირითად მიზანსაც დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა წარმოადგენდა. XX ს–ში აღნიშნული პრინციპი კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცა. დღეს იგი საყოველთაოდ არის აღიარებული და დაფიქსირებული გაეროს წესდებასა და ბევრ სხვა საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის, ჰელსინკის ხელშეკრულებებში. თ. ეროვნულ საკითხში დემოკრატიის ერთ–ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ამ უფლება სახელმწიფო არც უბოძებს და არც აწესებს. მას ესა თუ ის სახელმწიფო ცნობს ან არ ცნობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ამ ბუნებრივ უფლებას არ აღიარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხები ამ უფლებას კარგავენ. ამასთან ერთად, არ შეიძლება მისი აბსოლუტიზირება და სხვა, მაგ., ადამიანთა უფლებებზე უფრო მაღლა დაყენება. იგი უნდა განიხილებოდეს ყველა უფლებათა სისტემაში თავისი ისტორიული შინაარსის, რეალიზაციის კონკრეტული პირობებისა და სხვ. გათვალისწინებით. (იხ. აგრ. ეროვნული თვითგამორკვევა)
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი