პოზიციონალურობის (ან პოზიციონირების) ცნებას ზოგიერთი ფემინისტი თეორეტიკოსი (ყველაზე ნიშანდობლივად, ლინდა ალკოფი) იყენებს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავიდან აირიდოს ქალის კატეგორიის, როგორც ფემინისტური თეორიისა და პოლიტიკის საფუძვლის, ესენციალიზება და, მეორე მხრივ, მაინც შესაძლებლი დარჩეს ფემინისტური პოლიტიკის მოთხოვნების ჩამოყალიბება. სახელდობრ, პოზიციონალურობის ცნების გამოყენებით ქალზე შეიძლება ვილაპარაკოთ არა როგორც სქესით ან რომელიმე სხვა არსებითი თვისებით განსაზღვრულ კატეგორიაზე, არამედ როგორც კონკრეტულ პოლიტიკურ და სოციალურ პოზიციაზე ძალაუფლების ველში, რომელიც ისტორიულად ცვალებადია. ალკოფი ამტკიცებს, რომ გენდერი, რასა, კლასი თუ სხვა მახასიათებლები მიმართებითი პოზიციებია და არა „ბუნებრივი თვისებები“. ინდივიდები ამ ცვალებადი სოციალურ-პოლიტიკური პოზიციებიდან აგებენ თავიანთ მნიშვნელობებს, ცოდნას და ღირებულებებს. ამრიგად, პოზიციონალურობის ცნებით აღიარებულია, რომ ქალები არიან სოციალური კონსტრუქციის როგორც სუბიექტები, ისე ობიექტები, რაც თეორიულ სივრცეს ქმნის ანტიესენციალისტური კონსტრუქტივისტული მიხვედრებისა და ინდივიდის მოქმედების (აგენტობის) შესაძლებლობის ერთმანეთთან შესათავსებლად.
იხილეთ, აგრეთვე: პოსტსტრუქტურალიზმი, კულტურ-ფემინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Alcoff, Linda. 1988. Cultural Feminism Versus Post-Structuralism: The Identity Crisis in Feminist Theory. Signs, Vol. 13, No. 3. 988: 405-436
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000