მუშამეხსიერება

Working Memory

მუშამეხსიერება  მეხსიერების უნარია, რომელიც გამოიყენება ისეთი ამოცანების განსახორციელებლად, როგორებიცაა, მაგალითად, მიზეობრიობა და მეტყველება. მუშა მეხსიერება კავშირშია ხანმოკლე მეხსიერებასთან. ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რათა ხელი შეუწყოს ისეთი ბაზისური კოგნიტური აქტივობების განხორციელებას, როგორიც არის მიხვედრის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი და ა.შ.

ზოგადად, მუშამეხსიერების ცნება 1960 იან წლებში აღმოცენდა, ფსიქოლოგებს შორის დიდი დებატების შედეგად, რომელიც გრძელვადიანი და მოკლევადიანი მეხსიერების საკითხებს ეხებოდა. ბედლი შეეცადა აეხსნა მუშა მეხსიერების ფუნქციონირების მექანიზმები და გამოყო მასში შემავალი სამი  კომპონენტი: ფონოლოგიური ყულფი, სივრცით-ვიზუალური მატრიცა და ცენტრალური აღმასრულებელი.

ფონოლოგიურ საცავში ხდება ისეთი ინფორმაციის შემოსვლა და გამოყენება, რომელიც მეტყველებასა და ენაზეა დაფუძნებული. ფონოლოგიური საცავი, გარკვეულწილად, ემთხვევა ხანმოკლე მეხსიერებას, რადგან, მაგალითად, თუკი დამახსოვრების მიზნით იმეორებთ გარკვეულ ინფორმაციას, თქვენ ეყრდნობით ფონოლოგიური საცავის მოქმედებას.

მხედველობით სივრცით სქემაში კი თავს იყრის ის ინფორმაცია, რომელიც სივრცით და მედველობით შთაბეჭდილებებს მოიცავს. მაგალითად, როცა გსურთ გაიხსენოთ, როგორი ტახტი გიდგათ სახლში, თქვენ იყენებთ მხედველობით სივრცით სქემას, რომლის მუშაობის პრინციპიც ფონოლოგიური საცავის მექანიზმის ანალოგიურია.

ცენტრალური აღმასრულებელი ყურადღების კონტროლსა და ფონოლოგიური საცავიდან და მხედველობით-სივრცითი სქემიდან  მიღებული ინფორმაციის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გიწევთ ფსიქიკური პროცესების კოორდინაციით ამოცანის ამოხსნა,  ამისათვის  ცენტრალურ ამღასრულებელს ეყრდნობით.

დღესდღეობით მუშამეხსიერების ხანმოკლე მეხსიერების შემადგენელ ფუნქციურ ნაწილად განხილვა ადასტურებს იმ აზრს, რომ ხანმოკლე მეხსიერება, თავის მხრივ, პროცესია და არა ლოკალური ადგილი. ხანმოკლე მეხსიერება მრავალი განსხვავებული ელემენტის სწრაფ და თანმიმდევურლ ჩართვას მოითხოვს. შესაბამისად, მუშამეხსიერება ამ პროცესებში შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ როგორც ამ პროცესების განხორციელებისათვის  აუცილებელი ელემენტების საგანგებო და ხანმოკლე მობილიზაცია.

ბედლი მიიჩნევდა, რომ მუშამეხსიერება აქტიური პროცესია, რომლის მოცულობაც იმ სისწრაფით განისაზღვრება, რომლითაც ინფორმაციის გამეორება ხდება. მუშამეხსიერების მოდელის არსებობაზე მიუთითებს ნეიროფსიქოლოგიური კვლევები როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების დონეზე. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

წერეთელი (2012) კოგნიტური ფსიქოლოგია 1 - აღქმა, ყურადღება, მეხსიერება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: