უილიამ ჯემსი იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც განასხვავა ერთმანეთისაგან ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების ფორმები. ხანგრძლივი მეხსიერებისაგან განსხვავებით, ხანმოკლე მეხსიერება მცირე ხანს გრძელდება და, ძირითადად, ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის ნაწილების დამახსოვრებასთან არის კავშირში, რომლებიც მცირე ხნით ნარჩუნდებიან მეხსიერებაში. მაგალითად, ტელეფონის ნომრები, ახალი ფრაზები, სახელები და ა.შ. კლასიკური განმარტების მიხედვით, ხანმოკლე მეხსიერება ეს არის პროცესი, რომელიც უახლოესი გამოცდილების შენახვასა და ხანგრძლივი მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოტანასტან არის დაკავშირებული.
ე.წ. „მაგიური ციფრი 7 ± 2“ ასახავს ახალი ინფორმაციის იმ მინიმალურ, საშუალო და მაქსიმალურ რაოდენობას, რომლის დამახსოვრებაც ერთ ჯერზე შეუძლია პიროვნებას ხანმოკლე მეხსიერებით, რამდენიმე წამის განმავლობაში, განმეორების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა საკმაოდ მცირეა, იგი მაინც წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას რაც იმაში გამოიხატება რომ: ა) მას აქვს ინფორმაციის განმტკიცების საშუალება განმეორებების და დაჯგუფებით; ბ) ხანმოკლე მეხსიერებიდან გაცილებით სწრაფად ხდება ინფორმაციის ამოტანა.
ხანმოკლე მეხსიერებაზე საუბრისას, ხშირად ადამიანები ხანგრძლივი მეხსიერების მსგავსად წარმოიდგენენ გარკვეულ საცავს, სადაც დამახსოვრებული მასალა ინახება, თუმცა რეალურად, ხანმოკლე მეხსიერება ერთგვარი მექანიზმია, რომელიც მომცრო სქემაზე უყრის შემეცნებით პროცესებს თავს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1