კვლევის უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა და ასახავს ექსპერიმენტის გამართულობას, კვლევის აკურატულობის ხარისხის უზრუნველყოფას იმისათვის, რომ კვლევის შედეგად შესასწავლ ობიექტზე მივიღოთ კორექტული დასკვნა. ზოგადად კვლევაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები. ყველა ამ ფაქტორების კონტროლირება ხშირად ძალიან ძნელია, ამავე დროს, საჭიროა ყველა ამ ფაქტორის ეფექტებისა და ურთიერთქმედებების სწორი ახსნა, ექსტრაორდინალური გარე ფაქტორების ზემოქმედების მინიმიზაცია. კვლევის ვალიდურობის უზრუნველყოფა მკვლევარის პასუხისმგებლობაა.
მაგალითად, მოითხოვება რომ გასაზომი საშუალებები შეესამამებოდეს სტანდარტს.
ვალიდობის საფრთხე: არასწორად ჩატარებული ანალიზი, მაგალითად, როცა თვისებრივი მონაცემების დასამუშავებლად გამოყენებულია რაოდენობრივი ცვლადებისათვის გამოსაყენებელი მეთოდები; გასაზომი საშუალებები არ შეესაბამება სტანტარტს, არ არიან გამართული.
შიდა ვალიდობა (Internal Validity) - ცდის ისეთი წარმართვა, რომ ცდის შედეგად მიღებული მონაცემები არ იყვნენ განპირობებული არაკონტროლირებადი ან უცნობი ფაქტორების ზემოქმედებით. შიდა ვალიდობა საიმედოობის მტკიცებულებაა, რომ დამოკიდებული ცვლადის ცვლილება მართლაც არის დამოუკიდებელი ცვლადის მანიპულაციის შედეგი.
დაბალი შიდა ვალიდობის მაგალითი: მშობლები 100 ოჯახიდან შემთხვევითად გაანაწილეს ორ ჯგუფად და 10 კვირის განმავლობაში უტარებდნენ ორ განსხვავებული ტიპის ტრენინგს შვილების დეპრესიულობის სიმპტომების გაუმჯობესებაზე. შემდეგ მშობლებს საშუალება მიეცათ გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა თავის ბავშვებთან. 6 თვის შემდეგ გაკეთდა დასკვნა რომ ტრენინგის ორივე ტიპის შემთხვევაში მიაღწიეს გაუმჯობესებას. ამ ცდას ახასიათებს დაბალი შიდა ვალიდობა, რადგანაც არ იყო აღრიცხული იღებდნენ თუ არა მოზარდები მედიკამენტებს, ხომ არ შეიცვალა ამ პერიოდში მათი ცხოვრების წესი, მოხდებოდა თუ არა დეპრესიის დონის შემცირება ჩარევის გარეშე და ა.შ.
გარე ვალიდობა (External Validity) - განსაზღვრავს კვლევის შედეგების გადატანის შესაძლებლობას სხვა ასეთივე ტიპის სიტუაციაზე, მოვლენაზე, ექსპერიმენტულ გარემოზე, სხვა ობიექტებზე, სხვა ადგილსა და დროში. ეს ცნება ფართოდ გამოიყენება ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში. გარე ვალიდობა განსაზრვრავს, თუ რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს ექსპერიმენტის შედეგები იმ ტიპის ცხოვრებისეულ სიტუაციიას, რომელიც იქნა გამოკვლეული და რამდენად შეიძლება გავრცელდეს ეს შედეგები ყველა ანალოგიურ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე.
კვლევისას ვერასოდეს ვიტყვით, რომ ის აბსოლუტურად დაცულია, შესაძლებელია მივუთითოთ მხოლოდ მისი დარღვევა. გარე ვალიდობის აბსოლუტურად დაცულად ჩაითვლება მაშინ, როცა ცდის რეზულტატები შეიძლება განვაზოგადოთ ნებისმიერ პოპულაციაზე, ნებისმიერ პირობებში.
გარე ვალიდობის დარღვევის მაგალითი: ლორენს კოლბერგის გამოკვლევები, მიძღვნილი ბავშვთა ზნეობრივ განვითარებაზე, კრიტიკის ქვეშ მოექცა დაბალი გარე ვალიდობის გამო. 1963 წელს კოლბერგმა შეთავაზა მოზარდ ბიჭებს გადაეჭრათ მოკლედ ფორმულირებული დილემები. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა თეორია მორალური განვითარების ექვსი ეტაპის შესახებ.
ამ გამოკვლევის გარე ვალიდობის კრიტიკა ის იყო, რომ მეცნიერი არ ითვალისწინებდა სქესებს შორის განსხვავებას აზროვნების თავისებურების და მორალური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, მან არასწორად განაზოგადა თავისი მოდელი ორივე სქესის წარმომადგენლებზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა