ჰელმჰოლცის ტერმინი, რომელიც გაცნობიერების გარეშე მიმდინარე აღქმას აღნიშნავს.
1866 წელს ჰერმან ფონ ჰელმჰოლცი (Hermann von Helmholtz) აღქმაში გამოცდილების ანუ შეძენილის მნიშვნელოვნების პოზიციას იცავდა. მისი თეორიის მიხედვით, ნერვულ სისტემაზე მოქმედი, ხშირად ორაზროვანი სტიმულების ინტერპრეტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ფსიქიკურ პროცესებს ენიჭება. გარემოს შესახებ წარსულში მიღებული ცოდნის საფუძველზე დამკვირვებელი ქმნის ჰიპთეზებს ანუ ვარაუდებს იმის თაობაზე, როგორია ესა თუ ის საგანი სინამდვილეში. მაგალითად, ტყეში მოულოდნელად დანახულ ოთხფეხა არსებას, ალბათ, ძაღლად უფრო მიიჩნევთ, ვიდრე — მგლად. ამდენად, აღქმა ინდუქციური პროცესია. კონკრეტული, სავარაუდო კერძო ხატიდან დასკვნის გაკეთება საგნების ან მოვლენების ზოგად კლასზე ხდება, რომელსაც შეიძლება ეს კონკრეტული ხატი მიეკუთვნებოდეს. რადგან ეს პროცესი ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, მას ჰელმჰოლცმა არაცნობიერი დასკვნა უწოდა. ეს დასკვნითი პროცესი, ჩვეულებრივ, ზუსტად მუშაობს, თმცა შეიძლება პერცეპტული ილუზიები წარმოქმნას, როცა უჩვეულო გარემოება ერთისა და იმავე სტიმულის მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ან, როცა ახლის ნაცვლად ძველი და ნაცნობი გზით ხდება ინტერპრეტაცია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.