ტრანსგენდერი კრებითი ტერმინია სექსუალობის, გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვის მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის აღსაწერად.
ტრანსგენდერის ცნება ძირითადად აღწერს ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობაც მათ ბიოლოგიურ სქესს არ შეესაბამება. ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური მამაკაცი, რომელსაც ქალის გენდერული იდენტობა აქვს და ქალის ცხოვრებით ცხოვრობს (Male to Female - MTF) ან, პირიქით, ბიოლოგიური ქალი, რომელსაც კაცის გენდერული იდენტობა და შესაბამისი გენდერული როლი აქვს (Female to Male – FTM).
ტრანსგენდერ ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრების განმავლობაში ასრულებს ტრანზიციას (გადასვლას) ბიოლოგიური სქესიდან სასურველ გენდერზე. ტრანზიცია რთული პროცესია და მოიაზრებს როგორც სამედიცინო ჩარევას (ჰორმონული თერაპია, ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული ოპერაცია), ისე სასურველი სქესის შესაბამისი სოციალური როლის მორგებას. ტრანსგენდერ ადამიანთა იმ ნაწილს, რომელმაც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიცვალა სქესი, ტრანსსექსუალებს უწოდებენ.
2013 წლამდე DSM IV (ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო) შეიცავდა გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზს, რომელიც, ძირითადად, ადამიანის იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იყო ფოკუსირებული. ახალ გამოცემაში (DSM V) გენდერული იდენტობის აშლილობა გენდერული დისფორიით შეიცვალა. განახლებული დიაგნოზი ხაზს უსვამს სოციალური სტრესის გავლენას ტრანსგენდერ ადამიანებზე. ცვლილება მიანიშნებს, რომ გენდერული იდენტობის ბიოლოგიურ სქესთან შეუსაბამობამ მხოლოდ სოციალური წნეხის ზეგავლენით შეიძლება შექმნას პრობლემა.
ტერმინი „ტრანსგენდერი“, ასევე აერთიანებს ისეთ იდენტობებს, როგორებიცაა:
- აგენდერი - ადამიანები, რომლებიც ირჩევენ არ იდენტიფიცირდნენ არც ერთ გენდერთან;
- ანდგროგინი - ადამიანი, რომელიც ითავსებს ორივე სქესისთვის შესაბამის გენდერულ როლებს;
- ტრანსვესტიტი ან კროსდრესერი - ადამიანი, რომელიც პერიოდულად ან ყოველთვის იცვამს განსხვავებული სქესის შესაბამისად, თუმცა, არ სურს ბიოლოგიური სქესის შეცვლა.
ტრანსგენდერი იდენტობები მრავალ კულტურასა და ისტორიულ პერიოდში გვხვდება, მაგალითად, „ორი სულის მქონენი“ ან ბერდაშები ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ჰიჯრები ინდოეთში, ნაფიცი ქალწულები ბალკანეთში და ასე შემდეგ. დასავლური მეცნიერება სხვადასხვა კულტურაში აღიარებულ ტრანსგენდერთა აღსაწერად იყენებს ტერმინს „მესამე გენდერი“.
იხილეთ აგრეთვე: ბერდაში, ჰიჯრა, ინტერსექსუალი, ანდროგინია
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lerner K. L., Lerner B. W., Lerner A. W. (2006), Gender Issues and Sexuality: Essential Primary Sources, Thomson Gale.
Ember C. R., Ember M. (2003), Encyclopedia of Sex and Gender: Men and Women in the World’s Cultures, Kluwer Academic/Plenum Publishers.
Parry W. (2013), Gender Dysphoria: DSM-5 Reflects Shift In Perspective On Gender Identity, Huffington Post. Published on 06/04/2013; retrieved from: http://www.huffingtonpost.com/2013/06/04/gender-dysphoria-dsm-5_n_338528...