ინდიელი ამერიკელების კულტურაში ბერდაში არის ადამიანი, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოთი დაიბადა, მაგრამ არც მამრობითი სქესისაა და არც მდედრობითი. ამ ადამიანებს ინდიელი ამერიკელები „ორსულიანებს“ უწოდებდნენ, ხოლო ევროპელმა ახალმოსახლეებმა „ბერდაში“ უწოდეს, რომელიც ფრანგულად ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში უმცროს პარტნიორს აღნიშნავდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ინდიელმა ლგბტ აქტივისტებმა გააკრიტიკეს ეს ტერმინი და მოითხოვეს, რომ მათთვის „ორსულიანი“ ადამიანები ეწოდებინათ. ინდიელი ამერიკელების წარმოდგენებით, ბერდაშები სპირიტუალურად ორმაგად მდიდრები არიან, რადგან მათ შემოქმედმა ორი სული უბოძა: კაცისა და ქალის. ბერდაშები გვხვდებიან 130-ზე მეტ ტომში. მათ მაღალი სტატუსი ჰქონდათ და პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთ კულტურაში დაშვებული იყო ბერდაშის ქორწინება მამაკაცზე. თუმცა მე-20 საუკუნეში, ქრისტიანული კულტურის გავლენით, ბერდაშის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. საჯარო მოხელეები, მისიონერები და მათივე ტომის წარმომადგენლები ხშირად აიძულებდნენ მათ, ორიდან ერთი გენდერი აერჩიათ.
ბერდაშის ძირითადი საქმიანობა იყო ბავშვების სწავლა-განათლება, ავადმყოფების მოვლა, ტომის შეკრებაზე ცეკვა-სიმღერა და სხვა მამაკაცების სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ისინი, ჰიჯრების მსგავსად, რიტუალურ ფუნქციასაც ითავსებდნენ და გვევლინებიან, როგორც შამანები და მკურნალები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.