ინტერსექსუალი

Intersexual

ინტერსექსუალი სამედიცინო სიტყვაა და აღწერს ადამიანთა ჯგუფებს, რომელთა ანატომიაც მდედრობითი და მამრობითი სქესისთვის ტიპურად მიჩნეული ანატომიისაგან განსხვავდება. ინტერსექსუალია ადამიანი, რომელიც ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშნებით იბადება. ამ ჯგუფს, ასევე, მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა შინაგანი ანატომიაც ერთი სქესის დამახასიათებელია, გარეგანი კი - მეორესი. ხშირად არატიპური სასქესო ქრომოსომების მქონე ადამიანებსაც ინტერსექსუალებს უწოდებენ. 1000-იდან დაახლოებით ერთი ადამიანი ინტერსექსუალი იბადება. თუმცა, ინტერსექსუალის კატეგორიის ზუსტი განმარტება რთულია, არ არსებობს მდედრობითი და მამრობითი სქესის მკაცრი კრიტერიუმები, რომელთაგან განსხვავებაც ინტერსექსუალად კლასიფიცირების საკმარისი საფუძველი იქნებოდა.

დასავლურ კულტურაში ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ მიდგომა, ძირითადად, განისაზღვრებოდა მისწრაფებით, ისინი ჰეტეროსექსუალურ ნორმებთან დაეახლოებინათ. ელის დრეგერი, ქრისტინ მატა და ელისაბეთ რეისი (1999) აღწერენ,  როგორ მოეთხოვებოდათ მე-19 საუკუნის ამერიკასა და ევროპაში ჰერმაფროდიტებად მიჩნეულ ადამიანებს ერთ-ერთ გენდერთან მყარად იდენტიფიცრება და განსხვავებული გენდერის პარტნიორის ყოლა. მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ცდილობდნენ, ინტერსექსუალი ადამიანების გენიტალიების ქირურგიული ჩარევით „კორექტირებას“ და ამ გზით მათი ერთ-ერთი სქესისთვის მიკუთვნებას. ენ ფაუსტო-სტერლინგი (2000) აღწერს ხელსაწყოს, ფალომეტრს, რომლითაც ხდება ახალშობილის ფალოსისა და კლიტორის ერთმანეთისაგან გარჩევა. გოგონასათვის კლიტორის სამედიცინოდ მისაღები ზომაა 1 სმ, ხოლო ბიჭებისათვის პენისის ზომა - 2.5 სმ-დან 4.5 სმ-მდე; იმ შემთხვევაში თუ გენიტალიის ზომა 1 სმდან 2.5 სმ-მდე მერყეობს, სამედიცინო თვალსაზრისით ინტერსექსუალობა დგინდება. ფაუსტო-სტერლინგი აკრიტიკებს ქალისა და მამაკაცის გენიტალიებისა და, ზოგადად, სქესის მსგავს ბინარულ კატეგორიებად დაყოფას. ის ეჭვს გამოთქვამს იმ ნდობისადმი, რაც საზოგადოებამ მედიცინას გამოუცხადა, რადგან თვლის, რომ ხშირად ექიმების გადაწყვეტილებები, მით უფრო, თუ ისინი ინტერსექსუალ ინდივიდებს ეხება, განპირობებულია ჰეტერონორმატიული შეხედულებებით და ემსახურება იმ რწმენის გამყარებას, რომ ბიოლოგიურად ქალსა და მამაკაცს შორის მკვეთრი საზღვარი არსებობს; შესაბამისად, სამედიცინო პრაქტიკა ესწრაფვის, ყველაფერი განსხვავებული შეცვალოს ისე, რომ ჰეტერონორმატიულობის მკაცრ ჩარჩოებში მოათავსოს.

მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ინტერსექსუალი აქტივისტები საკითხის მედიკალიზაციის და ინტერსექსუალური სხეულების სოციალური ნორმების მიხედვით რეგულირების წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ხაზს უსვამენ ასეთი ჩარევების ხშირად არასასურველ შედეგებს ინტერსექსუალი ადამიანებისათვის. მიუხედავად ამისა, ინტერსექსუალ ადამიანებთან მიმართებაში სამედიცინო ასპექტების გამორიცხვა საკმაოდ პრობლემურია, რადგან ზოგიერთი მდგომარეობა მეტაბოლურ პრობლემებთან, ჰორმონულ დისბალანსთან და საშარდე სისტემის დარღვევებთან არის დაკავშირებული და მისი მკურნალობა აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ინტერსექსუალობას წარსულში როგორც სამედიცინო, ისე პოპულარულ ენაზე ჰერმაფროდიტიზმს უსწოდებდნენ (ასე ჰქვია ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესისი და აფროდიტეს ორსქესიან შვილს). ბიოლოგიაში ჰერმაფროდიტი განიმარტება, როგორც ორგანიზმი, რომლის რეპროდუქციული ორგანოც  ორივე - მდედრობითი და მამრობითი - სქესით ხასიათდება. თანამედროვე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანებთან მიმართებაში ტერმინის „ჰერმაფროდიტი“ გამოყენება, რაც უნდა გულისხმობდეს ერთი ადამიანის სრულად მამაკაცად და, ამავდროულად, სრულად ქალად ყოფნას, შეცდომაში შემყვანია. გარდა ამისა, ადამიანებთან მიმართებაში ამ სიტყვამ მასტიგმატიზებელი მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ, მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ტერმინი „ჰერმაფროდიტიზმი“ „ინტერსექსუალით“ შეიცვალა.

იხილეთ, აგრეთვე: ანდროგინია, ტრანსგენდერი 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), „შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში“  იდენტობა, თბილისი.

Chase, C. (1998) Hermaphrodites with Attitude, GLQ: A Journal of Lesbian and Gay Studies, 4 (2).

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, p. 236–237.

Fausto-Sterling A.( 2000), Sexing the Body: Gender Politics and the Construction of Sexuality, New York: Basic.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, Vol. 2. Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: