სუბალტერნი

Subaltern

სუბალტერნი აღნიშნავს ძალაუფლებრივ ურთიერთობებში დაქვემდებარებულ, ჩაგრულ ჯგუფს, ადამიანს ან ქვეყანას. თუმცა, გაიატრი სპივაკის აზრით, ყველა ჩაგრული სუბალტერნი არ არის - სუბალტერნია ის, ვინც დაშორებულია სოციალური მობილობის შესაძლებლობასაც კი. სუბალტერნულობა აღნიშნავს დაქვემდებარებულ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია კოლონიალიზმით ან ჩაგვრის ისეთი ფორმებით, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური, რასისტული და კულტურული დომინაცია. ეს ტერმინი ჩაგვრისა და ძალაუფლების ანალიზის კონტექსტში პირველად გამოიყენა ანტონიო გრამშიმ, კულტურული ჰეგემონიის კონცეფციის განვითარებისას.

1982 წელს გამოქვეყნდა სუბალტერნის კვლევების პირველი ტომი რანაჯიტ გუჰას რედაქტორობით. სუბალტერნის კვლევები თავიდან გამოკვეთილად პოსტკოლონიური არ იყო, ბევრი მას ბრიტანული მარქსისტული ისტორიის ინდურ ვერსიად მიიჩნევდა, რომელმაც ისესხა ისტორიის „ქვემოდან“ წერის მიდგომა. იგი მიზნად ისახავდა ისტორიის გადასინჯვას და ემიჯნებოდა კოლონიალურ და ნაციონალისტურ ელიტიზმს. ჩატერჯის აზრით, სუბალტერნ ჯგუფებს აქვთ ავტონომიური სფერო, სადაც ისინი წინააღმდეგობას გამოხატავენ და, ამავდროულად, დაქვემდებარებულები არიან. წაართვა სუბალტერნს ავტონომიურობა, ნიშნავს გახადო ის პასიური და წაშალო მისი ისტორია. რანაჯიტ გუჰასთვის სუბალტერნია ის ხალხი, რომელიც ელიტა არ არის. მისთვის ელიტა სამ კატეგორიას მოიცავს: დომინანტური უცხოელები, დომინანტური (მმართველი) ადგილობრივები და რეგიონალური ჯგუფები. გაიატრი სპივაკის აზრით, სუბალტერნის, როგორც „ელიტისგან განსხვავებულის“, განმარტება ესენციალისტურია. სუბალტერნი უბრალოდ არაელიტა არ არის, ის შრომის საერთაშორისო გადანაწილების მსხვერპლიცაა, მაგალითად, პროლეტარი ქალი, არაორგანიზებული გლეხები, არალეგალური მიგრანტები და სხვ.

იხილეთ, აგრეთვე: პოსტკოლონიური ფემინიზმი, გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკი, ჰეგემონია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Guha, R. & Spivak, G. (eds.) (1988). Selected Subaltern Studies. New York: Oxford University Press.

Guha, R. (ed.). (1982). Subaltern Studies I: Writings on South Asian History and Society. Delhi: Oxford University Press. 

კატეგორია: 
ავტორები: