სტრატეგიული ესენციალიზმი არის გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკის ცნება, რომელიც მან პირველად გამოიყენა ესეებში „შეუძლია თუ არა სუბალტერნს ლაპარაკი?“ (1988) და „სუბალტერნის კვლევები: ისტორიოგრაფიის დეკონსტრუქცია“ (1985). ამ ცნებით ის აღნიშნავს სუბვერსიული მიზნებისთვის ესენციალიზმის პოლიტიკურ და დროებით გამოყენებას იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც თავიანთი ჯგუფის თვითცნობიერების შექმნა ან გაგება სჭირდებათ. ესენციალიზმის სტრატეგიული გამოყენება, ამრიგად, განსხვავდება ესენციალიზმის მიღებისგან, რომელიც ფემინისტურ დებატებში არაერთგზის გააკრიტიკეს შიდაჯგუფური განსხვავებების უგულებელყოფისა და აქედან გამომდინარე ექსკლუზიურობის გამო. მეორე მხრივ, ესენციალიზმის სტრატეგიულად მიღება, როგორც მისი დამცველები იმედოვნებენ, თავს აღწევს ესენციალიზმის პოსტსტრუქტურალისტურ ალტერნატივას - ჯგუფური იდენტობების რადიკალურ უარყოფას, რაც, ბევრის აზრით, შეიცავს იმის საფრთხეს, რომ შეუძლებელს გახდის ჩაგრული ჯგუფების უკმაყოფილებისა და ინტერესების არტიკულირებას და ჩაგვრის სტრუქტურების იდენტიფიცირებას.
იხილეთ, აგრეთვე: ესენციალიზმი, განსხვავების ფემინიზმი, კულტურ-ფემინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Feminist Philosophies A–Z, Nancy Arden McHugh. Edinburgh University Press Ltd 2007