სომატური სიმპტომის აშლილობა

Somatic Symptom Disorder

DSM-5-ში სომატური სიმპტომის და მასთან დაკავშირებული ხუთი ძირითადი აშლილობაა წარმოდგენილი: სომატური სიმპტომის აშლილობა, ავადმყოფობის შფოთვის აშლილობა, სამედიცინო მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედება, კონვერსიული აშლილობა და მოჩვენებითი ანუ გათამაშებული აშლილობა. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდები პათოლოგიურად შფოთავენ და დარდობენ საკუთარი სხეულების ფუნქციონირების გამო. ავადმყოფობის შფოთვის აშლილობა და სამედიცინო მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედება მნიშვნლოვნად ფარავენ ერთმანეთს, რადგან ორივე კონკრეტულ სომატურ სიმპტომებზე ან სიმპტომთა ნაკრებზე ფოკუსირდება. ამ სიმპტომების გამო, პაციენტი იმდენად მოჭარბებულად შფოთავს ან დისტრესს განიცდის, რომ ხელი ეშლება ფუნქციონირებაში, ან შფოთვა ან დისტრესი მხოლოდ ავადმყოფობის განვითარების შესაძლებლობაზე ფოკუსირდება, როგორც ეს ავადმყოფობის შფოთვის აშლილობის შემთხვევაში ხდება.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  1. ერთი ან მეტი სომატური სიმპტომი, რომელიც დისტრესს იწვევს და/ან მნიშვნელოვნად უშლის ხელს ყოველდღიურ ცხოვრებას.
  2. სომატურ სიმპტომებთან ან მათთან ასოცირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნერვიულობასთან დაკავშირებული მოჭარბებული აზრები, გრძნობები და ქცევები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ერთი ფორმით არის წარმოდგენილი: (1) არათანაზომიერი და მდგრადი აზრები ინდივიდის სიმპტომების სერიოზულობის შესახებ; (2) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვის მაღალი დონე; (3) ჭარბი რაოდენობის დრო და ენერგია იხარჯება ამ სიმპტომებზე ან ჯანმრთელობაზე ნერვიულობაში.
  3. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სიმპტომი, შესაძლოა, არ იყოს უწყვეტად წარმოდგენილი, სიმპტომატურობა მდგრადად შენარჩუნდება (როგორც წესი, 6 თვეზე მეტ ხანს).

კლინიკური აღწერა

1859 წელს ფრანგმა ექმიმმა პიერ ბრიქემ (Pierre Briquet) აღწერა პაციენტები, რომლებიც სომატური ჩივილების უსასრულო ჩამონათვალით მიდიოდნენ მასთან და მან ამ სიმპტომებს ვერანაირი სამედიცინო საფუძველი ვერ მოუძებნა. მიუხედავად უარყოფითი პასუხებისა, პაციენტები იმავე ან ახალი, ოდნავ შეცვლილი ჩივილებით მალევე უკან ბრუნდებოდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ამ აშლილობას ბრიქეს სინდრომს უწოდებდნენ, მაგრამ დღეს სომატური სიმპტომის აშლილობად მოიხსენიებენ.

სომატური სიმპტობის აშლილობის მქონე ადამიანები ყოველთვის არ განიცდიან მოქმედების საჭიროებას, მაგრამ მუდმივად სუსტად და ავადმყოფად გრძნობენ თავს; ერიდებიან ვარჯიშს, რადგან ჰგონიათ, რომ ამით კიდევ უფრო გაიუარესებენ ისედაც მძიმე მდგომარეობას. სომატური სიმპტომის აშლილობის კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითია მწვავე ტკივილის განცდა, რომელშიც ტკივილის შენარჩუნებაში ან გამწვავებაში ძირითად როლს ფსიქოლოგიური ფაქტორები ასრულებენ, განურჩევლად იმისა, არსებობს ტკივილის მკაფიოდ გამოკვეთილი ფიზიკური მიზეზი თუ არა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფიზიკური სიმპტომების, ვთქვათ, ტკივილის, მნიშვნელოვანი მახასიათებელია სრულიად რეალურობა და მტკივნეულობა, განურჩევლად იმისა, აქვს ამ ტკივილს კარგად გამოკვეთილი ფიზიკური მიზეზი თუ არა.

მიზეზები

სომატური სიმპტომის აშლილობების მქონე ინდივიდებს ყველასთვის ჩვეული ფიზიკური შეგრძნებები აქვთ, მაგრამ ისინი სწრაფად ამახვილებენ მათზე ყურადღებას. ცნობილია, რომ საკუთარ თავზე ფოკუსირდების ყოველი აქტი ზრდის აგზნებას და ფიზიკურ შეგრძნებებს კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის. თუ ამ სიმპტომების ავადმყოფობის სიმპტომებად ინტეპრეტაციისკენაც ხართ მიდრეკილნი, თქვენი შფოთვა კიდევ მოიმატებს. მომატებული შფოთვა დამატებით ფიზიკურ სიმპტომებს წარმოქმნის და ასე იქმნება ჩაკეტილი წრე (იხ. სურათი რომელიც DSM-IV-ში აღწერილი იპოქონდრიისთვის შეიქმნა, მაგრამ DSM-5-ის სომატური სიმპტომის აშლილობისთვისაც გამოდგება).

სხვა მხრივ, განსხვავებული თვალსაზრისების მქონე მკვლევრები თანხმდებიან სომატური სიმპტომის აშლილობებისას მიმდინარე ფსიქოპათოლოგიური პროცესების თაობაზე. ფიზიკური ნიშნების და შეგრძნებების ფიზიკური ავადმყოფობის მტკიცებულებად მცდარად ინტერპრეტაციას ცენტრალური ადგილი უკავია და ამიტომ თითქმის ყველა თანხმდება, რომ ეს აშლილობები, ფაქტობრივად, კოგნიციის ან აღქმის აშლილობებია, რომლებშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ემოციებს.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ აშლილობების მქონე კვლევის მონაწილეები მომატებულ პერცეპტულ მგრძნობელობას ავლენდნენ ავადმყოფობის მანიშნებლების მიმართ და ბუნდოვანი სტიმულების საფრთხის შემცველად ინტერპრეტირების ტენდენციითაც ხასიათდებოდნენ. ამგვარად, ისინი შესაძლო ავადმყოფობის ან დაავადების ნებისმიერ ნიშანს სწრაფად ამჩნევდნენ (და შიში ეუფლებოდათ). მაგალითად, უმნიშვნელო თავის ტკივილი შეიძლებოდა ტვინის სიმსივნის უეჭველ ნიშნად მიეჩნიათ. მეცნიერები თვლიან, რომ ამის მიზეზს მხოლოდ ბიოლოგიურ ან მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორებში ვიპოვით. მათ ყველანაირი საფუძველი აქვთ, იფიქრონ, რომ ამ აშლილობის ფუნდამენტური მიზეზები შფოთვითი აშლილობის მიზეზებს ჰგავს.  მაგალითად, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სომატური სიმპტომის აშლილობები ოჯახებში გვხვდება და მასში ზომიერი წვლილი შეაქვს გენეტიკას. თუმცა ეს წვლილი, შესაძლოა, არასპეციფიკური იყოს, როგორიცაა სტრესზე მოჭარბებულად რეაგირება და ამიტომ ვერ განვასხვაოთ შფოთვით აშლილობებში შეტანილი არასპეციფიკური გენეტიკური წვლილისგან. ჰიპერრეაგირება უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების არაპროგნოზირებადად და არაკონტროლირებადად აღქმასთან შეიძლება შეწყვილდეს და, შესაბამისად, მუდმივად თავს ვარიდებდეთ მათ.

აშლილობის ეტიოლოგიურ პროცესში კიდევ სამ სხვა ფაქტორს შეიძლება შეჰქონდეს თავისი წვლილი. პირველი, ეს აშლილობები, როგორც ჩანს, ბევრი სხვა აშლილობის მსგავსად, შფოთვითი აშლილობების ჩათვლით, სტრესული ცხოვრებისეული მოვლენის კონტექსტში ვითარდება. ასეთ მოვლენა ხშირად არის სიკვდილი ან ავადმყოფობა. მეორე, არსებობს ტენდენცია, რომ იმ ადამიანების ოჯახები, რომლებსაც ეს აშლილობები ემართებათ, დაავადების არაპროპორციული გავრცელებით გამოირჩეოდნენ მათი ბავშვობის წლებში. ამრიგად, თუ მოზარდობამდე არ განუვითარდათ სომატური სიმპტომის აშლილობები, ავადმყოფობის შესახებ მძაფრი მოგონებები არსად მიდის, რაც ადვილად შეიძლება იქცეს შფოთვის ფოკუსად. მესამე, მნიშვნელოვანი სოციალური და პიროვნებათშორისი გავლენა შეიძლება იყოს ჩართული. ისეთი ოჯახებიდან გამოსულ ზოგიერთ ადამიანს, რომლებშიც ავადმყოფობა მთავარი თემა იყო, დასწავლილი აქვს, რომ ავადმყოფ ადამიანს დიდ ყურადღებას აქცევენ. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ავად ყოფნით მიღებულ „სარგებელს“ თავისი წვლილი შეიძლება შეჰქონდეს აშლილობის განვითარებაში. „ავადმყოფ ადამიანზე“, რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს მეტ ყურადღებას, რომ ავად არის და შეუძლია თავი აარიდოს მუშაობას ან სხვა პასუხისმგებლობებს, ამბობენ, რომ მან „ავადმყოფის როლი“ მოირგო. 

სომატური სიმპტომის აშლილობის მძიმე ფორმების კვლევამ განმაცვიფრებელი შედეგები მოიტანა. ეს აშლილობა მჭიდროდ არის შეჭიდული ოჯახთან და ანტისოციალური პიროვნული აშლილობის გენეტიკურ კვლეევებთან.

ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, რომელსაც გარკვეული ემპირიული მასალაც უმაგრებს ზურგს, სომატური სიმპტომის და ანტისოციალური პიროვნული აშლილობებისთვის საერთოა ნეირობიოლოგიური საფუძვლის მქონე განმუხრუჭების სინდრომი, რომელიც იმპულსური ქცევით ხასიათდება. რას ნიშნავს ეს სომატური სიმპტომის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის? ამ აშლილობასთან ასოცირებული ბევრი ქცევა და ნიშანი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი პრობლემების ხანჯზე ხანმოკლე სარგებლის მიღების იმპულსურ მახასიათებელსაც ასახავს. ახალი სომატური სიმპტომების უწყვეტ განვითარებას იმწუთერი თანაგრძნობა და (დროებით) ყურადღება მოაქვს, თუმცა შემდგომში სოციალური იზოლაციისკენ მივყავართ. ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მძიმე სომატური სიმპტომის აშლილობის მქონე პაციენტები უფრო იმპულსურები და სიამოვნების მაძიებლები იყვნენ, ვიდრე სხვა ისეთი აშლილობის მქონენი, როგორიც შფოთვითი აშლილობაა.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning. 

კატეგორია: 
ავტორები: