სტატისტიკური მიდგომა პასუხის სისტემატური შეცდომისადმი, რომელიც საშუალებას აძლევს ექსპერიმენტატოს, განსაზღვროს და ერთმანეთისგან განაცალკევოს სენსორული პროცესებისა და ინდივიდის ფაქტორის როლი.
სიგნალის შემჩნევის თეორია არის სისტემური მიდგომა პასუხის სისტემური შეცდომის პრობლემისადმი. ის სენსორულ პროცესებზე მკაცრად ფოკუსირების ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს თავად მსჯელობის პროცესზე გამღიზიანებლის არსებობა-არარსებობის შესახებ. თუ კლასიკური ფსიქოფიზიკა ერთადერთი აბსოლუტური ზღურბლის განსაზღვრას ახდენს, სიგნალის შემჩნევის თეორია სენსორულ დეტექციაში ორ განსხვავებულ პროცესს განსაზღვრავს, ესენია: (1) საწყისი სენსორული პროცესი, რომელიც გამღიზიანებლის სიძლიერის მიმართ დამკვირვებლის მგრძნობელობას ასახავს და (2) შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც დამკვირვებლის პასუხის სისტემატურ შეცდომას ასახავს.
ეს თეორია გვთავაზობს ორივე — სენსორული და გადაწყვეტილების მიღების — პროცესის ერთდროული შეფასების პროცედურას. სურათზე სუსტი სტიმული წარმოდგენილია ცდათა ნახევარში. მეორე ნახევარში კი სტიმული საერთოდ არ არის წარმოდგენილი. თითოეულ შემთხვევაში დამკვირვებლები პასუხობენ „დიახ“, როცა ფიქრობენ, რომ სტიმული სახეზეა და „არა“, როცა ფიქრობენ, რომ სტიმული არ არის. როგორც სურათის A მატრიცაზე ჩანს, თითოეული პასუხი ითვლება, როგორც წარმატებული დამთხვევა, პასუხის გამოტოვება, მცდარი განგაში ან სწორი რეაქცია იმისდა მიხედვით, წარმოდგენილი იყო თუ არა სტიმული და პასუხობდა თუ არა დამკვრივებელი სწორად.
დამკვირვებელს, რომელიც მუდმივად „დიახ“-ს პასუხობდა, წარმატებული დამთხვევების დიდი რაოდენობა ჰქონდა. ასევე, ბევრი ჰქონდა მცდარი განგაშის შემთხვევაც, როგორც ეს B მატრიცაზეა ნაჩვენები. მას, ვინც ქრონიკულად „არას“ ამბობდა, წარმატებული დამთხვევების რაოდენობაც ისეთივე მცირე ჰქონდა, როგორც — მცდარი განგაშის (C მატრიცა სურათზე).
წარმატებული დამთხვევებისა და მცდარი განგაშის პროცენტულ განაწილებაზე მუშაობისას მკვლევრებმა ცალ-ცალკე დამკვირვებლის მგრძნობიარობისა და პასუხის სისტემური შეცდომის მაჩვენებლების გამოსათვლელად მათემატიკური პროცედურა გამოიყენეს. ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, ორი დამკვირვებელი ერთნაირად მგრძნობიარეა თუ არა, მიუხედავად პასუხებში დიდი განსხვავებისა. სენსორული პროცესებისა და პასუხის სისტემური შეცდომის ერთმანეთისგან გამიჯვნით სიგნალის შემჩნევის თეორიამ საშუალება მისცა ექსპერიმენტატორს, განესაზღვრა და ერთმანეთისგან განეცალკევებინა სენსორული გამღიზიანებლისა და ინდივიდის ფაქტორის როლი ერთმანეთისგან საბოლოო პასუხის ჩამოყალიბებისას.
სიგნალის შემჩნევის თეორია გადაწყვეტილების მიღების მოდელს გვთავაზობს, რომელიც განსხვავებულ კონტექსტშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად მოიცავს განსხვავებულ ჯილდოებს ყოველი წარმატებული დამთხვევისა და სწორი პასუხისთვის და, ასევე, დასჯას, ყოველი გამოტოვებული სიგნალისა და მცდარი განგაშისთვის. მაგალითად, კინოში მიპატიჟებაზე თუ თქვით უარი, ამით თავიდან მოსაწყენი საღამო (სწორი უარყოფა) აირიდეთ თუ ახალი სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი გაუშვით ხელიდან (სიგნალის გამოტოვება)? თქვენი გადაწყვეტილება, ალბათ, პროგნოზირებული მოგებისა და წაგების შეფარდებით იქნება განპირობებული. მაგალითად, თუ „არას“ თქმა სტიმულის არსებობის შემთხვევაში (სიგნალის გამოტოვება) უფრო ძვირად გიჯდებათ, ვიდრე „დიახ“ პაუსხი სტიმულის არარსებობის შემთხვევაში (მცდარი განგაში), მაშინ „დიახ“ პასუხები თქვენთვის ნორმად იქცევა.
ამის კარგი მაგალითია ქირურგების ქცევა. ისინი, ჩვეულებრივ, ოპერაციის გაკეთებას ამჯობინებენ იმ შემთხვევებშიც კი, როცა არ არიან დარწმუნებულნი, რომ სიმსივნე ავთვისებიანია და, ამგვარად, რისკავენ, რომ მათი პასუხი შეიძლება მცდარი განგაში აღმოჩნდეს, გამოტოვებული სიგნალი (ავთვისებიანობა) კი, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს. საზოგადოდ, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული ფაქტები, თითოეული ტიპის შეცდომის შეფარდებითი ღირებულება და თითოეული სწორი გადაწყვეტილების შეფარდებითი მოგება. ამრიგად, კარგად ვხედავთ, რომ სიგნალის შემჩნევის თეორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესების კვლევისას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.