ალტერნატივებიდან არჩევანის გაკეთების პროცესი; შესაძლო ვარიანტების არჩევა ან უარყოფა.
ადამიანებს უამრავი გადაწყვეტილების მიღება უწევთ ცხოვრებაში. ზოგიერთი გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია და ადამიანის ბედს წყვეტს, მაგალითად, ვისზე ვიქორწინოთ, რა დარგში მივიღოთ განათლება, როგორ გავუმკლავდეთ სამედიცინო კრიზისს და ა. შ. ზოგიერთი გადაწყვეტილება ნაკლებად მასშტაბურია, როგორიცაა, ვთქვათ, სად ვისადილოთ და შევიძინოთ ყოველდღიური ნივთები, რა წავიკითხოთ ან რა ვჭამოთ, როგორ ვივარჯიშოთ ან გავაგრძელოთ უინტერესო საუბარი. ზოგიერთი გადაწყვეტილება კარგად გამოკვეთილ ვარიანტებს მოიცავს, ზოგი კი საკმაოდ ბუნდოვანი არჩევანის წინაშე გვაყენებს. ზოგი გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო დრო გვაქვს, ზოგი კი დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ.
გადაწყვეტილების მთელი ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ სისტემატური ზოგადი ცოდნის შექმნა? გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესასწავლად ფსიქოლოგებმა ორი ურთიერთშემავსებელი სტრატეგია შეიმუშავეს: ერთი სტრატეგია ერთ სფეროში რთულ საკითხებთან დაკავშირებული მრავალი გადაწყვეტილების სტატისტიკურ ანალიზს ეყრდნობა, მეორე კი — მარტივი გადაწყვეტილებების ექსპერიმენტულ მანიპულაციას, როდესაც იმ ელემენტებს (მაგალითად, გაურკვევლობებს, გარიგებებს) აკვირდებიან და შეისწავლიან, რომლებიც მრავალ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში განმეორებადად იჩენენ თავს.
პირველ სტრატეგია მეტ ეკოლოგიურ ვალიდობას აღწევს, რადგან ადამიანებს რეალური გადაწყვეტილების მიღების სიტუაციასთან ძალზე დაახლოებულ ვითარებაში ათავსებს, თუმცა ამ დროს ისეთი კომპლექსური სიტუაციები გამოიყენება, რომ ძალიან ძნელია იმის თქმა, რომელ ფაქტორს მიჰყავს ადამიანები გადაწყვეტილებამე. მეორე სტრატეგია ფაქტორების იზოლირებას ახდენს, თუმცა აქ სხვა სახის სირთულეს ვაწყდებით: ამ დროს ექსპერიმენტირების მცირე კონტექსტიდან რეალური გადაწყვეტილებების რეალურ სამყაროზე ხდება დასკვნების განზოგადება. ლოგიკურია, რომ ამ სტრატეგიების კომბინირება მკვლევრებს იმის შედარებით დაბალანსებული ხედვის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს, თუ რა არის და რა შეგვიძლია ვიცოდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ.
დაბალანსებული თვალსაზრისის ფორმირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ორივე მიდგომის საერთო მიზნის — ადამიანებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარების გაწევის — მიღწევისთვის. კვლევის ორივე სტრატეგიისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლა პრაქტიკული ინტერესებიდან გამომდინარეც ძალზე მნიშვენლოვანია. ზოგ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში ღირებული მიზნის მიღწევაა (მაგალითად, მოვლენის პროგნოზირება, საქმეში ჩადებული ინვესტიციიდან მოგების მიღება) მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი — გადაწყვეტილების მიღების თეორიის პრინციპებთან თავსებადობის ჩვენება (მაგალითად, ცვალებადი პრიორიტეტების ქონა, ამოცანების არარელევანტური მახასიათებლების ყურადღების მიღმა დატოვება).
აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მიღება განვასხვავოთ მსჯელობისგან. მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესია. მაგალითად, შეიძლება ვიღაცას შეხვდეთ წვეულებაზე და ხანმოკლე საუბრის შემდეგ ეს ადამიანი საინტერესო, ჭკვიან, პატიოსან და გულწრფელ პიროვნებად ჩათვალოთ. შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ დანარჩენი დრო წვეულებაზე მასთან ერთად გაატაროთ და მომავალი შეხვედრაც დათქვათ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 8.