თვითაღქმის თეორია დერილ ბემს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები საკუთარ თავს აკვირდებიან, რათა გამოყონ და გამოკვეთონ თავიანთი ქცევის მიზეზები ანუ საკუთარ შინაგან მდგომარეობაში გასარკვევად ადამიანები მოცემულ მომენტსა და სიტუაციაში აკვირდებიან საკუთარ ქცევებს და, აქედან გამომდინარე, გამოაქვთ დასკვნები.
თვითაღქმის თეორიის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, იყო ის, რომ ემპირიულ დონეზე გარკვეულიყო, რა აძლევს ადამიანს საშუალებას, ამოიცნოს და სახელდება გაუკეთოს მის მიერ განცდილ გარკვეულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს: „მე მწყურია“ - არის ეს თვითდაკვირვების შედეგი? დასკვნა? პირდაპირი ცოდნა? შესაძლოა თუ არა, რომ ინდივიდი შეცდეს საკუთარი მდგომარეობის შეფასებაში? თუ ეს გამორიცხულია თვითაღქმის განსაზღვრების მიხედვით? რა განსხვავებაა პირველ პირში ნათქვამ მტკიცებით ფორმას „ მე მშია“ და მესამე პირის მიერ ნათქვამ „მას შიას“ შორის?
იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობები შესაძლოა სუსტი, ორაზროვანი, განუსაზღვრელი ან გაუგებარი იყოს, საკუთარი თავის შეფასებისას ინდივიდი ფუნქციონალურად დაახლოებით იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც გარე დამკვირვებელი, რომელსაც მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგან (ექსტერნალურ) დეტალებზე დაკვირვებით შეუძლია ინდივიდის შინაგან მდგომარეობებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
შესაბამისად, როდესაც ინდივიდს ვეკითხებით მისი პიროვნული პრიორიტეტების შესახებ, იგი საპასუხოდ სიტუაციასთან დაკავშირებულ ქმედებებსა და ფაქტორებს იხსენებს და აღწერს, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ გრძნობებსა და აზრებში ყურადღებით გაერკვეს. თვითაღქმის ფენომენი, უმეტესად, ბუნდოვან და ორაზროვან სიტუაციებში აღმოცენდება ხოლმე, როდესაც უცნობ მოვლენებთან გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვებებში ინდივიდები აკვირდებიან საკუთარ ქცევებს და სწავლობენ, რას უნდა გრძნობდნენ შესაბამის სიტუაციაში, რაც, თავის მხრივ, ეხმარება ადამიანს შეიმუშავოს გარკვეული გრძნობები და დამოკიდებულებები ახალი ობიექტის მიმართ.
თუმცა თვითაღქმით საკუთარ თავში გარკვევის პროცესს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: ხშირად ინდივიდები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ხანდახან სიტუაციური ფაქტორები მათ ქცევებზე.
თვითაღქმა ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და ამისთვის აუცილებელია ბავშვს ჰყავდეს გარე ობიექტი, რომელიც დაეხმარება მას არსებული საგნებისა და მოვლენების კლასიფიკაციაში, მათ შორის განსხვავებებისა და მსგავსებების აღმოჩენასა და სახელდებაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Bem, D. J – Self-Perception Theory retrieved from http://web.mit.edu/curhan/www/docs/Articles/15341_Readings/Motivation/Bem_Self- Perception_Theory_in_Adv_Experiment_Soc_Psych_vol6_p1.pdf ; 09.03.2015