ანკეტირება

Questionnaire Technique

სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ურთიერთობა სოციოლოგსა და რესპოდენტს შორის გაშუალებულია ანკეტით, პირველადი სოციოლოგიური მონაცემების მოპოვების ინსტრუმენტით. ანკეტა კითხვებისა და პასუხების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ერთობლიობაა, თითოეული კითხვა გამოკვლევის პროგრამულ და პროცედურულ ამოცანებთანაა დაკავშირებული. ა. აგრეთვე ითვალისწინებს რესპოდენტების პასუხების დაფიქსირება-რეგისტრაციას, მათ დამუშავებასა და თეორიულ ინტერპრეტაციას ა-ის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენერალური ერთობლიობიდან იმ ნაწილის შერჩევას, რომლის შესწავლაც არის გათვალისწინებული. რესპოდენტების სწორი შერჩევის შედეგად მიღებული მონაცემები მთელი გენერალური ერთობლიობისათვის არის დამახასიათებელი და ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას წარმოადგენს. ა. არის წერილობითი, უმთავრესად დაუსწრებელი გამოკითხვის ფორმა. არსებობს რამდენიმე სახის ა: 1. გამოსაკითხი პირების რაოდენობის მიხედვით (პროცედურის მიხედვით): 1. ინდივიდუალური და 2. ჯგუფური; II. რესპოდენტებისათვის ანკეტის მიწოდების ხერხის, ფორმის მიხედვით: 1. დასარიგებელი (კურიერული), 2. საფოსტო და 3. პრესის საშუალებით; III.რესპოდენტთან კომუნიკაციის ფორმის მიხედვით (ე. ი. გამოკითხვაში ანკეტიორის მონაწილეობის მიხედვით): 1. დასწრებული და 2. დაუსწრებელი (საფოსტო, პრესის საშუალებით); IV. ჩატარების ადგილის მიხედვით განასხვავებენ ა-ს საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის მიხედვით და ა-ს მიზნობრივ აუდიტორიებში (თეატრისა და კინოს მაყურებლების, გამოფენის დამთვალიერებლების, საავადმყოფოს პაციენტების გამოკითხვა და სხვ.). ა. სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდია. ა-ის საშუალებით ხდება პირველადი მონაცემების მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ. ა-ის მეთოდი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება რესპოდენტთა დიდი რაოდენობის გამოკითხვისას. ე. წ. მასობრივი გამოკითხვის დროს. ა-ის პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. პირი, რომელიც ატარებს გამოკითხვას (ანკეტიორი), 2. პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს (რესპოდენტი), 3. ინფორმაცია, რომელიც კითხვებისა და პასუხების ფორმით გამოიხატება - გამოკითხვის კომუნიკე. 4. პირობები (გარემო, სადაც ტარდება ანკეტირება) - ა-ის ველი. (იხ. აგრ. გამოკითხვა).

კატეგორია: 
ავტორები: