ქვიარ თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Queer Theory

ქვიარ თეორია ჰეტერონორმატიულობისა და, ზოგადად, ნორმატიულობის კრიტიკაზე დაფუძნებული მიდგომაა. ის მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განვითარდა ლესბოსური, გეი, ფემინისტური კვლევების საფუძველზე და მჭიდროდ არის დაკავშირებული გენდერისა და სექსუალობის ესენციალისტური თეორიების ფემინისტურ კრიტიკასთან.

ქვიარ თეორიის თავდაპირველი და არსებითი მიზანი სექსუალობის არსებულ კატეგორიებში (ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი) ეჭვის შეტანა იყო, რადგან ქვიარ თეორეტიკოსების თანახმად, „იდენტობის კატეგორიები ხშირად გამოიყენება რეგულაციის ინსტრუმენტებად“; ისინი ფუნქციონირებენ, როგორც „მჩაგვრელი სისტემების მანორმირებელი კატეგორიები“ (Butler 1991). თუმცა, ამავე დროს, მათ შეიძლება დადებითი როლი შეასრულონ ჩაგვრისგან გათავისუფლებისათვის ადამიანთა გაერთიანებაშიც. ქვიარ თეორეტიკოსები აკრიტიკებდნენ ლესბოსურ და გეი მოძრაობას იმის გამო, რომ თანასწორობის მათი მოთხოვნები სპეციფიკური და ვიწრო იყო და ისინი სექსუალურ იდენტობას ბრძოლის იარაღად იყენებდნენ. ქვიარ თეორეტიკოსებისა და აქტივისტების მტკიცებით, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩაგვრას სწორედ არსებული სოციალური სტრუქტურა და კატეგორიები უდევს საფუძვლად. სწორედ ამ კატეგორიებით გამოყოფილი ჯგუფების „ბუნებრივობისა“ და „ესენციალურობის“ მტკიცებით ხერხდება მათ შორის იერარქიების შენარჩუნება. შესაბამისად, პოლიტიკური აქტივიზმის საფუძვლად ამ კატეგორიების უპირობოდ მიღება, შესაძლოა, თვით ჩაგვრის სისტემის შენარჩუნებას ემსახურებოდეს. 

ქვიარ თეორეტიკოსები საჭიროდ მიიჩნევენ ჩაგვრის არსებული სისტემის ძირეულ რღვევას. მაიკლ ვორნერი, თავის ნაშრომში „ქვიარ პლანეტის შიში“, წერს: „იმის გამო, რომ სექსუალური წესრიგის ლოგიკა ასე ღრმად არის ჩაბეჭდილი სოციალური ინსტიტუტების ფართო ქსელში და ჩაბეჭდილია სამყაროს შესახებ ყველაზე სტანდარტულ წარმოდგენებში, ქვიარ ბრძოლის მიზანი ტოლერანტობისა და თანაბარი სტატუსის მოპოვება კი არ არის, არამედ ამ ინსტიტუტებისა და წარმოდგენების რღვევა.“

ქვიარ თეორეტიკოსები, სექსუალობის და სექსუალური კატეგორიების სოციალურად კონსტრუირებულობის დასაბუთებისას, პოსტსტრუქტურალიზმის, პოსტმოდერნიზმის, ფსიქოანალიზის თეორიულ ჩარჩოს ეყრდნობიან. ქვიარ თეორეტიკოსთა შრომებზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფრანგმა პოსტსტრუქტურალისტმა მიშელ ფუკომ. ცნობილი ქვიარ თეორეტიკოსები არიან მაიკლ ვორნერი, ჯუდით ბატლერი, დევიდ ჰალპერინი, ივ კოსოვსკი სეჯვიკი და სხვა.

იხილეთ, აგრეთვე: ქვიარ აქტივიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

Michael Warner (ed.), Fear of a Queer Planet: Queer Politics and Social Theory (University of Minnesota Press: Minneapolis and London), 1993, pp. vii-xxxi;

Juduth Butler: “Imitation and Gender Insubordination”, in Inside/Out: Lesbian Theories/Gay Theories. Diana Fuss ed. London: Routledge, 1991. pp 307-320

კატეგორია: 
ავტორები: