ჰეტეროსექსუალობა

Heterosexuality

ჰეტეროსექსუალობა განსხვავებული სქესის მიმართ სექსუალურ ლტოლვასა და ქცევას გულისხმობს. ჰეტეროსექსუალობის ცნება სექსოლოგიის განვითარებასთან ერთად გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ამ სიტყვის წარმოშობა მჭიდრო კავშირშია სექსისა და სექსუალობის მედიკალიზაციასთან და სხვადასხვა სახის სექსუალობის პათოლოგიზაციასთან ამავე პერიოდში. ჰეტეროსექსუალობის ცნება ჰომოსექსუალური „გადახრის“ საპირისპიროდ შეიქმნა. მაშინ, როცა ჰომოსექსუალობა ამ პერიოდში აღიწერებოდა, როგორც არაბუნებრივი და არანორმალური, ჰეტეროსექსუალობას ნორმალური სექსუალობის მნიშვნელობა მიენიჭა და სექსუალობის ეს ჰეტერონორმატიული გაგება დღემდე აქტუალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროსექსუალობის ცნება თანამედროვეა, ჰეტეროსექსუალური კავშირი, რომელიც განსხვავებულ სქესთა შორის ურთიერთობას გულისხმობს და დღემდე რეპროდუქციის ძირითადი გზაა ადამიანებში, რასაკვირველია, უძველესია. ამ ფუნქციის გამო, ჰეტეროსექსუალობა დიდხანს განიხილებოდა, როგორც ბუნებრივი მოცემულობა და არა კულტურული და ისტორიული წარმონაქმნი.

80-იანი წლებიდან ჰეტეროსექსუალობის ბუნებრივობა კონსტრუქტვისტებმა ეჭვქვეშ დააყენეს. სოციალური კონსტრუქტივისტების მტკიცებით, ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის ცნებების გაჩენამდე, რაც მე-19 საუკუნეს უკავშირდება, სექსუალობა უფრო მეტად სექსუალური ქცევის ფორმად განიხილებოდა და არა იდენტობად. სექსუალობის მრავალი კვლევა ეხება იმას, თუ როგორ ხდება ჰეტეროსექსუალობის ბუნებრივობისა და თავისთავადობის დაშვება მისი უხილავობისა და სექსუალობის კატეგორიზაციიდან ამოვარდნის მიზეზი.

იხილეთ, აგრეთვე: ჰეტერონორმატიულობა, ჰეტეროსექსიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: