ფსიქოსოციალური სტადიები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychosocial Stages

ერიკ ერიკსონის მიერ შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, რომლებიც საკუთარ თავსა და სხვებზე ორიენტაციაზე ფოკუსირდება. ეს სტადიები მოიცავს პიროვნების განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტებს და ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კონფლისქტებს.

ერიკსონის შრომები მყარად ეფუძნება ფსიქოანალიტურ თეორიას: ფროიდის დროიდან მოყოლებული, არავის იმდენი არ გაუკეთებია ფსიქოანალიზის პრინციპების დამუშავებისა და მათი ახალ სფეროებში გამოყენებისათვის, თანამედროვეობის პრობლემების გადაწყვეტისათვის, რამდენიც ერიკსონს. მან თანდათანობით განავითარა საკუთარი ორიგინალური თეორია, რომელიც ფსიქოანალიზს კი ეფუძნებოდა, მაგრამ არსებითად განსხვავდებოდა მისგან სიფართოვით/მასშტაბით, კონცეფციებითა და აქცენტების განლაგებით. ერიკსონს „არადოგმატურ, ემანსიპირებულ ფროიდისტს“ უწოდებდნენ. პიროვნებისა და პიროვნების კრიზისის მისეული ცნებები ყოველდღიურ მეტყველებაში შევიდა და გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ყველა სოციალურ მეცნიერებაზე.

ეპიგენეტიკური პრინციპი

ეგოს განვითარების თეორიაში ცენტრალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ცხოვრების მანძილზე გაივლის მთელი კაცობრიობისთვის უნივერსალურ განვითარების რამდენიმე სტადიას (იხ. ცხრილი N1). ამ სტადიათა გაშლის პროცესი რეგულირდება მომწიფების ეპიგენეტიკური პრინციპის შესაბამისად, რაშიც ერიკსონი გულისხმობს, რომ: (ა) პიროვნება საფეხურებრივად ვითარდება, ერთიდან მეორე საფეხურზე გადასვლა განპირობებულია შემდგომი ზრდისკენ, გაცნობიერებული სოციალური არეალისა და სოციალური ურთიერთქმედების რადიუსის გაფართოებისკენ მოძრაობისთვის მზაობით; (ბ) საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის სოციალური შესაძლებლობების განვითარება დადებითად მიიღება, საზოგადოება ცდილობს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და, ასევე, როგორც საჭირო ტემპის, ისე განვითარების სწორი თანმიმდევრობის გამყარებას.

ერიკსონი წიგნში „ბავშვობა და საზოგადოება“ (1963) ადამიანის ცხოვრებას ეგოს ფსიქოსოციალური განვითარების რვა ცალკეულ სტადიად და შესაბამის ფსიქოსოციალურ ამოცანებად ყოფს. პირველი ხუთი სტადია, რომელიც მოზარდობის ჩათვლით ვითარდება, თითქმის ხუთი ფროიდისეული ფსიქოსექსუალური სტადიის პარალელურია, ბოლო სამი კი განვითარებას შუახნის ასაკამდე და გვიანდელ წლებამდე აფართოვებს. ამრიგად, ეგოს განვითარების ერიკსონის თეორია ინდივიდის მთელ ცხოვრებას მოიცავს: ჩვილობიდან მოწიფულობამდე და მოხუცებულობამდე.

ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები „პიროვნების გეგმის“ ეპიგენეტიკური გაშლის შედეგია და ამ გეგმას ადამიანი გენეტიკურად (მემკვიდრეობით) იღებს. განვითარების ეპიგენეტიკური კონცეფცია ეფუძნება წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ცხოვრებისეული ციკლის ყოველი სტადია მისთვის წინასწარ განსაზღვრულ დროს ანუ „კრიტიკულ პერიოდში“ დგება და, ასევე, წარმოდგენას, რომ სრულფასოვნად ფუნქციორებადი პიროვნება მხოლოდ ყველა სტადიის თანმიმდევრულად გავლის გზით ფორმირდება (Pervin, 2003).

ცხრილი N 1. ფსიქოსოციალური განვითარების რვა სტადია ერიკსონის მიხედვით.

ფსიქოსოციალური კრიზისი და კონფლიქტის ცნება

ერიკსონის (1963) თანახმად, თითოეულ ფსიქოსოციალურ სტადიას თან სდევს კრიზისი — გადამწყვეტი მომენტი ინდივიდის ცხოვრებაში, რომელიც ჩნდება, როგორც ფსიქოლოგიური სიმწიფისა და ამ სტადიაზე ინდივიდისთვის წაყენებული სოციალური მოთხოვნების გარკვეული დონის მიღწევის შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის თითოეული ფაზა ხასიათდება სწორედ მოცემული ფაზისთვის სპეციფიკური ევოლუციური ამოცანით ანუ პრობლემით სოციალურ გავითარებაში, რომელიც თავის დროზე დგება ინდივიდის წინაშე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ გადაწყდეს. ინდივიდისთვის დამახასიათებელი ქცევის მოდელები განპირობებულია იმით, როგორ გადაჭრის იგი თითოეულ ამ ამოცანას ანუ როგორ დაძლევს კრიზისს (იხ. ცხრილი N2).

ცხრილიN 2. ფსიქოსოციალური განვითარების თითოეულ სტადიაზე შეძენილი ძლიერი მხარე და მისი სოციალური კონტექსტი.

შეფასების თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, თითოეული ფსიქოსოციალური კრიზისი მოიცავს დადებით და უარყოფით კომპონენტებს ანუ თითოეული სტადია პოლარობებით ხასიათდება, რომელზეც დადებითი მახასიათებლები უარყოფითებს უპირისპირდება. ინდივიდსა და მის სოციალურ გარემოში მიმდინარე ცვლილებები ქმნიან ცენტრალურ კონფლიქტს, რომლითაც განისაზღვრება ფსიქოსოციალური განვითარების ესა თუ ის სტადია. ერიკსონისთვის ყოველი პიროვნული და სოციალური კრიზისი ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც ინდივიდი პიროვნული ზრდისა და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისკენ მიჰყავს. როგორც უკვე ვთქვით, ინდივიდი უნდა დადგეს კონფლიქტის წინაშე, მაგრამ არ არის აუცილებელი მისი მოგვარება მოცემულ სტადიაზე. კონფლიქტის წინაშე დადგომა ერიკსონისთვის ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის გამოცდილება მის წინაშე უნიკალურ კითხვას სვამს, რომელიც, როგორც წესი, წამოიჭრება ამ სტადიაზე და, საბოლოო ჯამში, მასზე „პასუხის გაცემა“ ინდივიდის ქცევით ხდება. ეს კითხვა, შესაძლოა, სულაც არ იქნეს ცნობიერად დასმული, თუმცა, ინდივიდის ქცევის მთლიანი პატერნი მოცემულ სტადიაზე ისე იყოს სტრუქტურირებული, თითქოს ინდივიდი კონკრეტულ კითხვას სვამს (McAdams, 2009).

თუ კონფლიქტი დამაკმაყოფილებლად გადაიჭრა, მაშინ ეგო ივსება ახალი პოზიტიური კომპონენტით (მაგალითად, ბაზისური ნდობა და ავტონომია) და ეს იძლევა პიროვნების შემდგომი ჯანმრთელი განვითარების გარანტიას. პირიქით, თუ კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება ან არადამაკმაყოფილებლად გადაიჭრება, ამით განვითარებადი ეგო ზიანდება და მასში ნეგატიური კომპონენტი (მაგალითად, ბაზისური უნდობლობა, სირცხვილი და ეჭვი) ინერგება (Erikson, 1963).

ეპიგენეტიკური პრინციპის შესაბამისად, თითოეული სტადია წინმსწრები ფსიქოსოციალური კონფლიქტების გადაჭრასა და ინტეგრაციას ეფუძნება. ერიკსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა კრიზისი ამა თუ იმ ხარისხით არსებობს ადამიანის ცხოვრების პოსტნატალური პერიოდის დასაწყისიდანვე და თითოეული მათგანისათვის არსებობს დადგომის პრიორიტეტული დრო, განვითარების გენეტიკურად განპირობებული თანმიმდევრობით.

განვითარების ეს რვა სტადია უნივერსალური თავისებურებაა ადამიანის განვითარებისთვის, თუმცა, ერიკსონი, ამავე დროს, მიუთითებს თითოეული სტადიისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრის მეთოდებში კულტურული განსხვავებების არსებობაზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Erikson, E. (1963). Childhood and Society. New York: Norton.    

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.

Pervin, L. A. (2003). The Science of Personality, 2nd Ed. New York, Oxford: Oxford University Press.

კატეგორია: 
ავტორები: