ფსიქოლოგიის დეფინიციასთან დაკავშირებული დებატები დიდი ხანია მიმდინარეობს. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ მისი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მრავალ განსხვავებულ ქვედარგს მოიცავს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ფსიქოლოგია განსაზღვრებადია. სწორედ მეორე პოზიციას იზიარებს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია, რომლის განმარტების მიხედვითაც, ფსიქოლოგია ეს არის მეცნიერების დარგი, რომელიც ინდივიდის ქცევას და ფსიქიკურ პროცესებს შეისწავლის. მისი მიზანია გაიგოს და ახსნას როგორია ადამიანის ბუნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ფსიქოლოგია მეცნიერებაა, ინდივიდის ბუნების შესწავლის პროცესში მეცნიერულ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც პრობლემის ანალიზისა და გადაჭრისათვის საჭირო თანმიმდევრულ ნაბიჯებს მოიცავს. ფსიქოლოგები დასკვნების გამოსატანად ობიექტურად შეგროვებულ მონაცემებს და მრავალფეროვან მეცნიერულ მეთოდოლოგიას იყენებენ, იქნება ეს ნარატივის ანალიზი, ექსპერიმენტული კვლევა თუ დახვეწილი სტატისტიკური მეთოდები.
ფსიქოლოგია ინდივიდის ბუნების გასარკვევად როგორც მასში, ასევე სოციალურ და ფიზიკურ გარემოში მიმდინარე და აღმოცენებულ პროცესებს და ძალებს შეისწავლის. ხოლო შესწავლის საგანი, ძირითადად, ადამიანის და ცხოველის დაკვირვებადი ქცევებია. ფსიქოლოგები აკვირდებიან და იკვლევენ, რას, რატომ, როგორ და რა ინტენსივობით აკეთებს ინდივიდი ამა თუ იმ გარემოში და უფრო ფართო სოციალურ და კულტურულ კონტექსტებში.
გარდა დაკვირვებადი ქცევების შესწავლისა, ფსიქოლოგია ადამიანის მოქმედების გაგებას შინაგანი, ფსიქიკური პროცესების ახსნითაც ცდილობს. აზროვნება,დაგეგმვა, მსჯელობა, შემოქმედება და ა.შ. ადამიანის ფსიქიკის ის ასპექტებია, რომლებიც ხშირად მიუწვდომელი რჩება გარშემომყოფებისთვის და არ არის ისეთსავე თვალსაჩინო ქცევა, როგორებიცაა, მაგალითად, სირბილი, ყვირილი და ა.შ.
ფსიქოლოგიის მთავარ მიზნები ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება, გაკონტროლება და ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. ფსიქოლოგები ინდივიდების მნიშვნელოვან აქტივობებსა და პირობებს შეისწავლიან.
როგორც წესი, ფსიქოლოგია ინდივიდზე და მის შესწავლაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს არ გამორიცხავს ცხოველების შესწავლასაც.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1