ფსიქობიოგრაფია

Psychobiography

ფსიქოლოგიური, განსაკუთრებით პიროვნების, თეორიის სისტემატური გამოყენება ადამიანის ცხოვრების თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ისტორიად გარდაქმნის მიზნით.

ფსიქობიოგრაფიაში, როგორც წესი, ასეთ ტრანსფორმაციას ცნობილი, ენიგმატური ან პარადიგმული ფიგურის ცხოვრება ექვემდებარება ხოლმე. ფსიქობიოგრაფიების უმრავლესობა მრავლისმომცველი და ამომწურავია. ბევრი ფსიქობიოგრაფიული კვლევა მთელ ცხოვრებას მოიცავს, დაბადებიდან სიკვდილამდე და მთლიანი ცხოვრების ცენტრალური ისტორიის აღმოჩენას, გაგებას ან ფორმულირებას ისახავს მიზნად. ამ ისტორიის სტრუქტურირება კი კონკრეტული ფსიქოლოგიური თეორიის მიხედით ხდება.

არსებობს მოსაზრება, რომ ფსიქოლობიოგრაფია ბუნდოვანი, მარგინალური და არც ისე კარგი ავტორიტეტის მქონე მიმართულებაა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში, თუმცა, რალურად ის მჭიდროდ უკავშირდება დისციპლინის ცენტრალურ მიზნებს.

მეოცე საუკუნებმდე ლიტერატურული ბიოგრაფები იშვიათად იყენებდნენ ფსიქოლოგიურ ცნებებსა და კონცეფციებს სამიზნე სუბიექტების ცხოვრების ინტერპრეტირებისას. რომის იმპერიაში პლუტარქემ (46-120 ჩვ.წ.აღ.-ით) „გამოჩენილი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება“ დაწერა. ავტორი ისეთ ცნობილ ადამიანებზე წერდა, როგორებიც იყვნენ პერიკლე (ათენელი სახელმწიფო მოღვაწე) და იულიუს კეისარი. პლუტარქემ, ფაქტობრივად, ისტორიიდან აღებულ ფაქტებზე დაყრდნობით მცირე ზომის მორალური მოთხრობები შემოგვთავაზა, რომლებიც ხასიათის ისეთ გამორჩეულ ნიშნებს გამოკვეთდნენ, როგორებიცაა პატიოსნება და სიმამაცე. შუა საუკუნეებში ქრისტიანი ავტორები, წმინდანების სადიდებლად ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ცნობილი ქრისტიანი მოღვაწეების ცხოვრების ასეთი ბიოგრაფიები, უპირატესად, ღმერთის სადიდებლად და მკითხველისთვის რწმენის სასწავლებლად იწერებოდა. ბევრი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები სტანდარტული ფორმით არის დაწერილი: სიუჟეტი კულმინაციას „ურწმუნოთა“ გარემოცვაში წმინდანის გასამართლების, განაჩენის გამოტანისა და აღსრულების  ეპიზოდებში აღწევს. ეს რელიგიური ამბები პიროვნების სიღრმისეული შესწავლა კი არ იყო, არამედ მორალური და სპირიტუალური გაკვეთილების ფუნქციას ასრულებდა (McAdams, 2009).

XVII საუკუნეში ბიოგრაფიას უფრო დახვეწილი ფორმა მიეცა, როდესაც ისეთმა ბიოგრაფებმა, როგორებიც იყვნენ ისააკ უოლტონი (ეკლესიის უმაღლესი პირების ბიოგრაფიების ავტორი) და ჯონ ობრი (შედარებით ჩვეულებრივ ადამიანებზე ფოკუსირდებოდა), საკუთარ თავებს ლიტერატურული ავტორები უწოდეს. მათ, როგორც შემოქმედებმა, მიზნად დაისახეს ისეთი ნარატივების შექმნა, რომლებიც საინტერესოც იქნებოდა და შემოქმედებითად დამაკმაყოფილებელიც. ყველაზე შემოქმედებითი და ბევრისმთქმელი ადრეული ბიოგრაფია და, ფაქტობრივად, ყველაზე ცნობილიც დასავლურ ლიტერატურაში, ჯეიმს ბოსველმა გამოაქვეყნა 1971 წელს.  ნაშრომი „სამუელ ჯონსონის ცხოვრება“ დოქტორ ჯონსონის (1709-1784), ცნობილი ინგლისერი ავტორის, კრიტიკოსისა და ლექსიკოგრაფის ცხოვრებას ასახავს, რომელიც ევროპის ინტელექტუალური საზოგადოების ელიტურ წრეებში ტრიალებდა. ეს იყო პირველი ნაშრომი, რომელშიც ბიოგრაფისა და კვლევის სუბიექტის პირადი ურთიერთობის პრობლემა განიხილებოდა.

1910 წელს ფროიდმა თავისი ცნობილი „ლეონარდო და ვინჩი და ბავშვობის მოგონება“ დაწერა, რომელიც პირველ ფსიქობიოგრაფიულ ნაწარმოებად არის მიჩნეული. ფროიდისეული ანალიზის დიდი ნაწილი ლეონარდოს ბავშვობის დროინდელ ფანტაზიას ეყრდნობა, რომელშიც „ჯერ კიდევ აკვანში ვიწექი, როდესაც სვავი დაფრინდა, მომიახლოვდა, პირი კუდით გამიღო და ბევრჯერ მომარტყა ტუჩებზე“ (გვ. 33-34). ლეონარდოს შემთხვევაში ფროიდმა, ცხადია, ფსიქოანალიზი აირჩია საყრდენ თეორიად, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ფსიქობიოგრაფია მაინც და მაინც მკაცრად ფსიქოანალიტურ ჩარჩოში დაიწეროს (Runyan, 1982). ბევრი ფსიქობიოგრაფია პიროვნებისადმი იუნგის, ერიკსონისა და ობიექტი-ურთიერთობის მიდგომებზეა აგებული. ფსიქობიოგრაფები სოციალური დასწავლის თეორიის, ჰუმანისტული ფსიქოლოგიის, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის, მაკლელანდის მოტივაციის თეორიისა და ტომკინსის სკრიპტების თეორიის პოზიციიდანაც იწერება.

აკადემიურ ფსიქოლოგიაში ინდივიდუალური ცხოვრების შესწავლაზე მუშაობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოჩენილი ფიგურები, მათ შორის პიროვნების ფსიქოლოგები ჰენრი მარეი, გორდონ ოლპორტი და რობერტ უაიტი. თანამედროვე ფსიქობიოგრაფიის გამორჩეული და ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ყოველგვარი ეჭვგარეშე, ერიკ ერიკსონია, რომელიც, ასევე, ჰარვარდში მოღვაწეობდა 1960-1970 წლებში. მისმა ნაშრომებმა „ახალგაზრდა მამაკაცი ლუთერი“ (1958) და „განდის სიმართლე“ (1969) უდიდესი გავლენა მოახდინეს და არა მხოლოდ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა წრეებში მიიზიდეს საზოგადოების ყურადღება ფსიქობიოგრაფიისა და ფსიქოისტორიისკენ, არამედ, ზოგადად, კულტურაში.

ერთი მხრივ, აკადემიური ფსიქოლგიისა და, მეორე მხრივ, ფსიქობიოგრაფიისა და ინდივიდუალური ცხოვრების მეცნიერული შესწავლის ურთიერთმიმართების აღწერის პირველი მცდელობა იყო რუნიანის 1982 წელს გამოსული წიგნი, რომელშიც იგი კრიტიკულად მიმოიხილავს კონკრეტული შემთხვევის შესწავლას, იდეოგრაფიულ და ფსიქობიოგრაფიული მეთოდებს. შემდეგი მნიშვნელოვანი პუბლიკაციები ეკუთვნით მაკადამსსა და ოჩბერგს (1988), ირვინ ალექსანდერს (1990) და ალან ელმსს (1994). დღეისათვის ყველაზე ამომწურავი და მრავლისმომცველი წიგნი ფსიქობიოგრაფიის, მისი მეთოდების, მიდგომებისა და საკვლევი მიმართულებების შესახებ ეკუთვნის უილიამ ტოდ შულცს (2005) ეკუთვნის, რომელშიც შეჯამებულია გასული საუკუნის მანძილზე დარგში არსებული მნიშვნელოვანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

„კარგი“ და „ცუდი“ ფსიქობიოგრაფია

მართალია, ფროიდის „ლეონარდოდან“ მოყოლებული, ბევრი ფსიქობიოგრაფია დაიწერა და ბევრი რამ გახდა ცნობილი კონკრეტული ცხოვრების გაგების მიმართულებით (Elms, 1994), მაინც ძალიან რთულია კარგი ფსიქობიოგრაფიის დაწერა. ყველაზე მოტივირებული ფსიქობიოგრაფებიც კი დგანან იმ მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების წინაშე, რომლებიც უცხოა სხვა ნებისმიერი მიმართულებით მომუშავე მკვლევრისთვის. ასე მაგალითად, მათ კვლევის სუბიექტები ხშირად უკვე გარდაცვლილნი არიან და შეუძლებელია მათი ინტერვიუირება, ტესტირება ან უშუალოდ დაკვირვება. ანალიზისთვის საჭირო მონაცემები ძალზე მრავალფეროვანი ფორმით არსებობს: შესასწავლი პიროვნების შესახებ უაღრესად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჭორებიდან დაწრებული, პირადი კორესპონდენციისა და სხვა წერილობითი საბუთებითა და ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ საჯაროდ დოკუმენტირებული ფაქტებით დასრულებული. ყველაზე სანდო მონაცემები (როგორიცაა, მაგალითად, დაბადების თარიღი და და-ძმების რაოდენობა) ყველაზე ნაკლები ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს, ხოლო ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო (ვთქვათ, პირადი ფანტაზიები, რეფლექსიები ან სიზმრები) კი — ყველაზე ნაკლებად სანდო და ყველაზე ძნელად ინტერპრეტირებადი. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგება ზოგიერთი ფსიქობიოგრაფი, მის ხელთარსებული დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავებაა, კერძოდ, ის, თუ როგორ უნდა ამოარჩიოს ის კონკრეტული მასალა, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს.

ირვინგ ალექსანდერი (1988) ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპებს გვთავაზობს, რომლებითაც ფსიქობიოგრაფი დიდი რაოდენობით მონაცემს შედარებით მართვად რაოდენობაზე დაყვანას შეძლებს. ეს პრინციპები, ძირითადად, შემდგომი გადამუშავებისათვის ღირებული მასალის იდენტიფიცირებისა და მოცემული მომენტისთვის უსარგებლო ინფორმაციის გადახარისხებისთვის არის მოწოდებული. ალექსანდერი თვლის, რომ მონაცემები შეიძლება პირველობის, სიხშირის, უნიკალობის, უარყოფის, ხაზგასმის, გამოტოვების, შეცდომის, იზოლაციისა და დაუსრულებლობის მიხედვით შეფასდეს. თითოეული მათგანი ფსიქობიოგრაფის სამუშაო წესად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც ის ცხოვრების ცენტრალური ისტორიის დადგენას ან შექმნას ცდილობს. თითოეული პრინციპი მას იმაზე მიუთითებს,  რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნარატივში. ამრიგად, პირველობა მიგვითითებს იმაზე, რომ რითიც იწყებს ადამიანი თხრობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნიკალურობა გვიჩვენებს, რა არის უცნაური და დამაინტრიგებელი ისტორიაში, რაც განსაკუთრებულად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. გამოტოვება მონათხრობში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის მანიშნებელია. დამახინჯება და იზოლაცია გვიჩვენებს, რომ როცა მონათხრობში რაღაც არ ებმის ერთმანეთს ლოგიკურად, ბიოგრაფმა ამ ლოგიკური კავშირების მოძიება უნდა სცადოს. და ბოლოს, დაუსრულებლობა მიგვითითებს, რომ როცა ისტორიები არასათანადოდ სრულდება, ბიოგრაფი ამის მიზეზების გარკვევა უნდა სცადოს. ფსიქობიოგრაფი გულდასმით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს მონაცემებში გაფანტულ მანიშნებლებს, რომლებიც კარნახობენ მას, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს, შექმნას და გადმოსცეს პიროვნების ცხოვრების ისტორია (McAdams, 1988b).

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერის მიერ შემოთავაზებული პრინციპი ფსიქობიოგრაფს კონკრეტულ ცხოვრებისეულ ისტორიაში მნიშვნელოვანი მონაცემების იდენტიფიცირებაში ეხმარება, მის წინაშე მაინც დგება მონაცემების თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ნარატივში ორგანიზებისას ფსიქოლოგიური თეორიის გამოყენების საკითხი. ფსიქოლოგიური თეორია მან მოქნილად და დახვეწილად უნდა გამოიყენოს.

ძალიან ბევრი ფსიქობიოგრაფი ცდილობს, რომ ცხოვრების ისტორია ხისტი თეორიული კატეგორიების ჩარჩოში მოაქციოს, თითქოს კონკრეტული ცხოვრების ყველა ასპექტი იდეალურად ერგებოდეს არსებულ თეორიულ სქემას. ზოგიერთები ძალზე არათანმიმდევრულად და შაბლონურად იყენებენ თეორიას და ადამიანის ცხოვრებას გაუაზრებლად, მექანიკურად განიხილავენ რომელიმე თეორიაში აღწერილი ყველა კატეგორიის მიხედვით, მაგალითად, ერიკსონის განვითარების რვავე ფსიქოსოციალურ სტადიის ან მარეის 20 ფსიქოგენური მოთხოვნილების მიხედვით. სხვები უბრალოდ ვერ ახერხებენ ცალკეული ცხოვრების მის კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში გაგებას, ვინაიდან რთული ქცევები და გამოცდილებები მარტივ ამხსნელ პრინციპებზე, ვთქვათ, ტუალეტის ვარჯიშის ადრეულ პრობლემებზე ან ცალკეულ ტრავმატულ მოვლენებზე დაჰყავთ. ასეთი ფსიქობიოგრაფიები ძალიან მოსაწყენია. უფრო მეტიც, ისინი თეორიებს გალიად, ხოლო ცხოვრებას კარიკატურად აქცევენ.

დახვეწილ, ოსტატურად დაწერილ ფსიქობიოგრაფიაში მონაცემები და თეორია ურთიერთთანასწორია და თითოეული პატივს სცემს მეორის მთლიანობას. მაშასადამე, გაწაფული ფსიქობიოგრაფი თეორიას ნატიფად და ნიუანსირებულად იყენებს; იმაში ხედავს შინაარსებსა და საზრისს, რაშიც შესაძლებელია დანახვა, ებრძვის სირთულესა და წინააღმდეგობრიობას; იცის, როდის თქვას უარი აბსტრაქტულ, განზოგადებულ თეორიებზე და საშუალება მისცეს კონკრეტულ, უნიკალურ ცხოვრებას, რომ თავად თქვას თავისი სათქმელი.

ალტერნატიული ახსნები

კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ფსიქობიოგრაფიის შექმნა არ არის ცალსახა და სწორხაზოვანი საქმიანობა, განსაკუთრებით რთულდება საქმე, როდესაც კვლევის სუბიექტი აწ გარდაცვლილი პიროვნებაა. როგორც უკვე ვთქვით, მის შესახებ, შესაძლოა, უამრავი წერილობითი წყარო არსებობდეს: დღიურები, წერილები, მემუარები, მისი უახლოესი ადამიანების ჩანაწერები, საჯაროდ ცნობილი არტეფაქტები და ა. შ. თუმცა, როგორი მრავალფეროვანი წერილობითი თუ ფოტო მემკვიდრეობა არ უნდა დატოვოს ადამიანმა, შეუძლებელია მისი ცხოვრების მეტ-ნაკლებად გრძელი მონაკვეთის თუ რომელიმე კონკრეტული ქმედების ცალსახად ინტერპრეტირება და მისი ერთადერთ ჭეშმარიტ ინტერპრეტაციად მიჩნევა. მაშასადამე, ყოველთვის იარსებებს კონკრეტული ცხოვრებიდან აღებული ერთსა და იმავე მოვლენის, ქცევისა თუ სიტუაციის ერთზე მეტი, სულ მცირე, ორი ალტერნატიული ინტერპრეტაცია. ამრიგად, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რომელი ინტერპტერაციაა მეტად ღირებული? რამდენად შესაძლებელია, რომ ორი, სამი ან მეტი ალტერნატიული ინტერპრეტაცია მეტ-ნაკლებად თანაბრად მართებული იყოს? შესაძლებელია კი თითოეულ მათგანში რაციონალური მარცვლის პოვნა?

რუნიანს (1982) მიაჩნია, რომ შესაძლელებლია ალტერნატიული ფსიქობიოგრაფიული ინტერპრეტაციების გონივრულად შედარება და ერთმანეთთან დაპირისპირება. ასევე, სრულიად შესაძლებელია მათი შეფასება კარგად ჩამოყალიბებული სტანდარტების მიხედვით. რუნიანის მიხედვით, სხვადასხვა ახსნა ისეთი სტანდარტებით შეგვიძლია შევაფასოთ, როგორიცაა (1) ლოგიკური მართებულობა; (2) ამომწურაობა სამიზნე მოვლენების მთელი რიგი ამოუცნობი ასპექტების ახსნისას; (3) ფალსიფიკაციის მცდელობისას შემოწმების გავლის უნარი. შემოწმება შეიძლება ეხებოდეს მიღებული წინასწარმეტყველებების ან წარსული მოვლენების ნავარაუდევ კანონზომიერებებზე დაყრდნობით აგებული ახსნების შემოწმებას; (4) ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციასთან კონსისტენტურობა; (5) დასაბუთებულობა ან ადამიანის ფუნქციონიების ან საკვლევი პიროვნების შესახებ მეტაად ზოგად ცოდნასთან შესაბამისობა; (6) მეტი დამაჯერებლობა სხვა ამხსნელ ჰიპოთეზებთან შედარებით (გვ. 47).

რუნიანის (1982) მიხედვით, ნებისმიერი კონკრეტული ფსიქობიოგრაფიული მოვლენისთვის შესაძლებელია ერთზე მეტი კარგი ახსნის მოძიება, ვინაიდან მოვლენები უმეტესად, როგორც ვიცით, ერთზე მეტი მიზეზით არიან განპირობებულნი და მათზე სხვადასხვა დონეზე მოქმედი ძალები ერთობლივად შეიძლება განაპირობებდნენ კონკრეტულ ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში.

ფსიქობიოგრაფიის კრიტიკა

ფსიქობიოგრაფიას, ისევე როგორც პიროვნების კვლევის ნებისმიერ სხვა მეთოდს, თავისი სუსტი მხარეები და, შესაბამისად, კრიტიკა აქვს. ფსიქობიოგრაფიას ისეთი მახასიათებლების გამო აკრიტიკებენ, როგორებიცაა კრიტიკული პერიოდის თაობაზე მცდარი დასკვნა, ინტერპრეტაციისას ერთ კონკრეტულ მოვლენაზე ფოკუსირება, არაადეკვატური მტკიცებულება, სოციალური და ისტორიული ფაქტორების უგულებელყოფა, საწყისებამდე ჩაძიების მცდელობა, გადაჭარბებული პათოლოგიზაცია და რეკონსტრუქცია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Alexander, I.E. (1988). Personality, psychological assessment, and psychobiography. Journal of Personality, 56, 265-294.cat

Elms, A. C. (1994). Uncovering Lives: The Uneasy Alliance of Biography and Psychology. New York, Oxford: Oxford University Press.

Freud, S. (1910/1999). Leonardo da Vinci and A Memory of His Childhood. Routledge.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.

McAdams, D. P. (1988b). Biography, narrative, and lives: An introduction. Journal of Personality, 56, 1-18.

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.

Runyan, W. M. (1982). Life Histories and psychobiography: Explorations in theory and method. New York: Oxford University Press.

Schultz, W. T. (2005). Handbook of Psychobiography. Oxford, New York: Oxford University Press.

კატეგორია: 
ავტორები: