ფსიქოაქტიური ნივთიერებები ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ცნობიერი აღქმის დროებითი შეცვლით ზეგავლენას ახდენს მენტალურ პროცესებსა და ქცევაზე. გავრცელებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფებია ოპიატები, ჰალუცინოგენი, დეპრესანტები და სტიმულატორები.
ჰალუცინოგენები
ცნობიერების ყველაზე ფუნდამენტურ ცვლილებებს ჰალუცინოგენები ანუ ფსიქოდელიკები იწვევენ, რომლებიც ცვლიან როგორც გარეგანი სამყაროს, ისე შინაგანი ცნობიერების აღქმას. ხშირად იწვევენ ჰალუცინაციებს და მესა და არამეს შორის საზღვრების გაქრობას. ყველაზე ცნობილი ჰალუცინოგენებია მესკალინი (მიიღება კაქტუსისგან), ფსილოციბინი (მიიღება სოკოსგან), კანაფი (ჰაშიში, მცენარის დაფხვნილი ფისი და მარიხუანა, მცენარის გამხმარი ფოთლები და ყვავილები) და LSD da PCP (სინთეზირდება ლაბორატორიებში). ჰალუცინოგენური ნივთიერებები მოქმედებენ ტვინში სპეციფიკურ რეცეპტორულ უბნებზე და ნეიროტრანსმიტერ სეროტონინზე.
ოპიატები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების კიდევ ერთი ჯგუფია ოპიატები (მაგალითად, ჰერიონი და მორფინი), რომლებიც თრგუნავენ ფიზიკურ მგრძნობელობასა და გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქციებს. ჰეროინის ინტრავენური მიღების თავდაპირველი ეფექტია სიამოვნებაში გადაშვება, ყველა საფიქრალისა და სხეულებრივი მოთხოვნილების გაცნობიერების ადგილს ეიფორია იკავებს. ჰეროინის მოხმარება ხშირად იწვევს მიჩვევას. ქიმიურ დონეზე ასეთი ეფექტი იმით მიიღწევა, რომ ოპიატები იმავე რეცეპტორულ უბნებს იკავებენ, რომელიც, ჩვეულებრივ ენდორფინებისთვისაა განკუთვნილი. ვინაიდან ენდორფინები მძლავრად მოქმედებენ გუნება-განწყობილებაზე, ტკივილისა და სიამოვნების განცდაზე, ხოლო ოპიატებში შემავალი ენფორფინების ქიმიური სტრუქტურის მქონე ნივთიერებები მათ ადგილს იკავებენ, ნერვული რეცეპტორები ხელოვნურად სტიმულირდება ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებით. შედეგად, ტვინი კარგავს ფაქიზ ბალანსს.
დეპრესანტები
დეპრესანტთა ჯგუფში შედის ბარბიტურატები და, ცალკე აღსანიშნი, ალკოჰოლი. ეს ნივთიერებები გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსების გადაცემის შეკავებით ან შემცირებით. დეპრესანტების მოქმედების ეფექტი, ნაწილობრივ, სინაფსებში ნერვული კომუნიკაციისთვის ხელის შეწყობით მიიღწევა, რომლებშიც ნეიროტრანსმიტერი GABA-ინჰიბიტორი ოპერირებს. ვინაიდან GABA-ს ნერვული გადაცემის შემაკავებელი ეფექტი აქვს, ხოლო დეპრესანტები ხელს უწყობენ მის ფუნქციონირებას, ქცევა კიდევ უფრო შეკავებული და შენელებული ხდება. ბარბიტურატები ძალზე სახიფათო შეიძლება იყოს.
როგორც ჩანს, GABA-ს აქტივობაზე მოქმედებს ალკოჰოლიც, რომელიც მცირე დოზის შემთხვევაში რელაქსაციას და მოზრდილთა რეაქციების მცირედით გაუმჯობესებას იწვევს, თუმცა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ხანმოკლე პერიოდში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გადატვირთვას.
სტიმულატორები
სტიმულატორებს, როგორიცაა ამფეტაფინი და კოკაინი, აღგზნებისა და ეიფორიის მდგომარეობის გამოწვევის მიზნით იღებენ. სტიმულატორები ტვინში ისეთი ნეიროტრანსმიტერების დონის მომატებით მოქმედებენ, როგორებიცაა ნორეპინეფრინი, სეროტონინი და დოფამინი. ასე მაგალითად, სტიმულატორები აკავებენ ტვინში იმ მოლეკულების მოქმედებას, რომელთაც, ჩვეულებრივ, დოფამინი გამოჰყავს სინაფსებიდან.
სტიმულატორების ზემოქმედება სამ სხვადასხვა ეფექტს იწვევს: მომატებული თვითდარწმუნებულობა, მოჭარბებული ენერგია და ჰიპერაქტიულობა, ეიფორიასთან მიახლოებული გუნება-განწყობილება. სტიმულატორების ინტენსიურ მომხმარებლებს პარანოიდალური ილუზიები აღენიშნებათ, როდესაც ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ სხვები მათთვის ტკივილის მიყენებას ცდილობენ.
აღსანიშნავია კიდევ ორი სტიმულატორი, რომელსაც ხშირად არ აღიქვამენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებად. ესენია კოფეინი და ნიკოტინი. თამბაქოში აღმოჩენილი ქიმიური ნაერთი ნიკოტინი საკმარისად ძლიერი სტიმულატორია, რომელსაც ადგილობრივი ამერიკელი შამანები მაღალი კონცენტრაციით იყენებდნენ მისტიკური მდგომარეობებისა და ტრანსის მისაღწევად. ნიკოტინი, რომელიც მიჩვევას იწვევს, ტვინში ბუნებრივად გამომუშავებულ ქიმიურ ნაერთებს ჰგავს. დღეისათვის ცნობილია ტვინის მოქმედების ის რეგიონები, რომლებიც პასუხისმგებელია ნიკოტინსა და კოკაინზე მიჩვევის განვითარებაზე. ნიკოტინში შემავალი ქიმიური ნაერთები იმ რეცეპტორების სტიმულირებას ახდენენ, რომლებიც თავს კარგად აგრძნობინებენ ადამიანს რაიმე კარგის/სწორად გაკეთების შემდეგ; რაც აგრძნობინებს, რომ ყველაფერი წესრიგშია — ფენომენი, რომელიც ხელს უწყობს გადარჩენას. ამიტომ როდესაც ადამიანი ეწევა, ტვინის ის რეცეპტორები ღიზიანდება, რომელიც ატყობინებს მას, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. ნიკოტინის მიერ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება მთლიანობაში დიდად აღემატება ყველა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ერთად, ჰეროინის, კოკაინისა და ალკოჰოლის ჩათვლით.
ფსიქოაქტიური ნივთიერებები: სამედიცინო გამოყენება, ხანგრძლივობა და დამოკიდებულება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.