პორნოგრაფია - მისი ფემინისტური კრიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Pornography, Feminist Criticism of

პორნოგრაფია (ბერძნულიდან: πόρνη - მეძავი, πορνεία - პროსტიტუცია, γράφω  - წერა, ხატვა, გამოხატვა) განიმარტება, როგორც სექსუალური ობიექტების (სქესობრივი ორგანოების, სქესობრივი აქტის) გამოსახვა (სიტყვიერად, ვიზუალურად ან სხვაგვარად) სექსუალური აღგზნების მიზნით.

ფემინისტურ წრეებში პორნოგრაფია ერთ-ერთი ცხარე სადისკუსიო თემაა. ზოგი მიიჩნევს, რომ პორნოგრაფია ქალის ჩაგვრისა და დაქვემდებარების თვალსაჩინო ილუსტრაცია და, ამავე დროს, ინსტრუმენტია, მაშინ, როდესაც სხვები მას ქალთა სექსუალური გათავისუფლების პროცესში მნიშვნელოვან როლს აკისრებენ. 

მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან რადიკალი ფემინისტები ამტკიცებენ, რომ პორნოგრაფია მჩაგვრელი და ზიანის მომტანია ქალისათვის. ისინი მასში ხედავენ მამაკაცის მიერ ქალის სექსუალური ექსპლუატაციის პრაქტიკას. ამ მიდგომის ნათელი ნიმუშია რობინ მორგანის ცნობილი სენტენცია: „პორნოგრაფია არის თეორია, ხოლო გაუპატიურება – პრაქტიკა“. ამ თეორიულ ხაზს ცნობილი ფემინისტი კრიტიკოსები ანდრეა დვორკინი და კატერინ მაკკინონი აგრძელებენ. მათი შეხედულებით, პორნოგრაფია  ქალს წარმოადგენს როგორც დაქვემდებარებულ სექსუალურ ობიექტს, რომელიც სიამოვნებას იღებს ტკივილისა და დამცირებისაგან და რომლის მისიაც მხოლოდ მამაკაცისათვის სიამოვნების მინიჭება და მისი დომინანტობის დამტკიცებაა.

ფემინსტთა მეორე ნაწილი პორნოგრაფიის ასეთ დახასიათებას ეწინააღმდეგება. კეროლ ვენსი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ ის ფემინისტები, რომლებიც პორნოგრაფიის წინააღმდეგ არიან,  სექსუალობის მხოლოდ უარყოფით მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას და მთლიანად უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ სექსი ქალებისათვის სიამოვნების მიღების, სუბიექტური ნების განხორციელებისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.

„პროსექს“ ფემინისტები  პორნოგრაფიას განიხილავენ, როგორც ქალის სექსუალური თვითგამოხატვის საშუალებას. ისინი ამტკიცებენ, რომ იმ რადიკალი ფემინისტების დამოკიდებულება პორნოგრაფიისდმი, რომლებიც მის აკრძალვას მოითხოვენ, ისეთივე მჩაგვრელი დისკურსია როგორც - პატრიარქალური რელიგიები და იდეოლოგიები. ისინი  თავიანთი შეხედულებებით განამტკიცებენ სტერეოტიპს, რომ ქალი სექსუალური ქმედების სუბიექტი არ არის, მხოლოდ მამაკაცებს სურთ სექსი და მხოლოდ ისინი იღებენ მისგან სიამოვნებას.

ფემინისტების ამ ორ ჯგუფს შორის პორნოგრაფიის შესახებ დაპირისპირება ცნობილია, როგორც „სექსის გამო ომები“, რომელიც  მე-20 საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში გრძელდებოდა.

პორნოგრაფიულ ინდუსტრიაში სულ უფრო ძლიერდება ფემინისტური პორნოგრაფიის ნაკადი. მისი მისიაა არსებული დომინანტური სტერეოტიპების ნგრევა და ალტერნატიული, ფემინისტური, ქალის სუბიქტურობასა და სექსუალურ ლტოლვაზე ორიენტირებული პორნოგრაფიის შექმნა. ზოგიერთი ფემინისტი პორნორეჟისორი თავის ნამუშევრებს ექსკლუზიურად ქვიარ პუბლიკისთვის ქმნის, თუმცა, ზოგიერთი უფრო ფართო აუდიტორიისთვის მუშაობს.

იხილეთ, აგრეთვე: ფემინისტური პორნოგრაფია, სექსთან დაკავშირებული ომები, პროსტიტუცია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Cossman, B., Bell, S., Gotell, L. and Ross, B. (1997) Bad Attitude/s on Trial: Pornography, Feminism and the Butler Decision, Toronto: University of Toronto Press.

Dworkin, A. (1981) Pornography: Men Possessing Women, New York: Perigee Books.

Gibson, P.C.,Gibson, R. (1993) Dirty Looks: Women, Pornography, Power, London, British Film Institute.

MacKinnon, C. (1987) Only Words, Cambridge, MA: Harvard University Press, 1993.

Rubin, G. (1984) 'Thinking Sex: Notes for a Radical Theory of the Politics of Sexuality', in Vance (ed.) Pleasure and Danger: Exploring Female Sexuality, Boston: Routledge and Kegan Paul.

Rich R. (1986), “Feminism and Sexuality in the 1980s”, Feminist Studies, 12, No 3, 1986, pp. 525-561

Snitow, A., Stansell, C., Thompson, S. (eds) (1983) Powers of Desire: The Politics of Sexuality, New York: Monthly Review Press.

Vance, C. (1984) 'Pleasure and Danger: Toward a Feminist Politics of Sexuality', in Vance (ed.) Pleasure and Danger, Boston: Routledge and Kegan Paul.

კატეგორია: 
ავტორები: