პიროვნების ტიპები

Personality Types

ადამიანებს აქვთ ტენდენცია, მათ გარშემო არსებული რეალობის, მოვლენების, ობიეტებისა და ა.შ.კატეგორიზება მოახდინონ.  ამგვარ ტენდენციად შეგვიძლია განვიხილოთ ადამიანების  კატეგორიზების სურვილი, პიროვნებების ტიპების მიხედვით. სავარაუდოდ, ამგვარი დაყოფა და კლასიფიცირება გვეხმარება, გავიმარტივოთ საქმე და იოლად ავხსნათ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ქცევები, მოტივაცია და ა.შ.

პიროვნების აღწერის ორ ყველაზე ძველ მცდელობას წარმოადგენს ადამიანის კლასიფიცირება ცალკეული ტიპების შეზღუდული რაოდენობის მიხედვით და იმ ხარსიხის გაზომვა, რომლითაც ისინი შესაძლოა აღიწერონ განსხვავებული ნიშნებით.

პიროვნებების ტიპების მიხედვით აღწერისას, კლასიფიცირების პროცესში ჩვენ აუცილებლად ვეყრდნობით განმსხავებელ ნიშნებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ზოგიერთი თეორეტიკოსის მიდგომა, რომელიც ადამიანებს განსხვავებულ, ურთიერთგამომრიცხავ  ტიპებად აჯგუფებს. პიროვნების ტიპები ე.წ. „სულ ან არაფერი“ ფენომენებია და გამოიხატება გარკვეული ხარისხით. მაგალითად, თუ ადამიანი მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ ტიპს, შეუძლებელია ამავე დროს სხვა ტიპსაც მიეკუთვნებოდეს.

ტიპების მიხედვით პიროვნების აღწერის მცდეობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. პირველი ასეთი საკლასიფიკაციო სისტემა ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელმაც ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში სცადა პიროვნების ტიპების დიფერენცირება და თეორიის მისადაგება.

ჰიპოკრატეს მიხედვით, ადამიანის სხეული ოთხ ძირითად სითხეს ანუ ჰუმორს მოიცავს, რომლებიც ასოცირებულნი არიან სპეციფიკურ ტემპერამენტსა და ქცევით პატერნთან.  ჰიპოკრატემ ზემოთ ხსენებული ჰუმორები ტემპერამენტთან გააწყვილა, რის შედეგადაც მივიღეთ სანგვინიკური (აქტიური; მხიარული), მელანქოლიური ( ნაღვლიანილ ჩაფიქრებული); ფლეგმატური (აპათიური, მოდენუებული); ქოლერიკული (ფიცხი, ადვილად აღგზნებადი) ტიპები.

ცხადია, პიროვნების ტიპებად დაყოფის ეს უძველესი მცდელობა დღეს აქტუალური აღარ არის, თუმცა მაინც პოვა თავისი გამოძახილი ჰანს აიზენკის მიერ, მეოცე საუკუნეში შექმნილ პიროვნების თეორიაში.

შემდგომი მნიშვნელოვანი გარდატეხა პიროვნების ტიპების კლასიფიკაციაში უილიამ შელდონს ეკუთვნის, რომელმაც მეოცე საუკუნის შუა ნახევარში, სხეულის ფორმებზე დაყრდნობით  შექმნა პიროვნების ტიპების აღსაწერი სისტემა. შელდონი სხეულის აგებულებას უკავშირებდა ტემპერამენტს და გამოყო სამი ტიპის აგებულება:ენდომორფული (მსუქანი, რბილი, მგრგვალი);  მეზომოფრული (კუნთიანი, ოთხკუთხედი, ძლიერი) და ექტომორფული (გამხდარი, გრძელი, სუსტი). გამოყოფილ აღნაგობების ტიპს შელდონმა შესაბამისი ფსიქოლოგიური აღწერებიც დაურთო. მაგალითად, ენდომოფრულ ადამიანებს სოციალურ, რელაქსირებულ და ჭამის მოყვარულ ინდივიდებად მიიჩნევდა, ექტომორფულ ტიპებს არტისტულ, ინტროვერტ და გონებრივად განვითარებულ ადმიანებად, ხოლო მეზომორფებს გამბედავ, ენერგიით სავსე ტიპებად. თუმცა, ისევე როგორც ჰიპოკრატეს თეორიამ, ვერც შელდონის კლასიფიკაციამ შეძლო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებისა და ამოხსნის თვალსაზრისით.

მესამე მცდელობა ფრენკ სელოუეის სახელს უკავშირდება. მან პიროვნების ტიპები დაბადების რიგის მიხედვით განსაზღვრა. იქიდან გამომდინარე, რომ დაბადების რიგის მიხედვით ადამიანს მხოლოდ ერთი პოზიცია შეიძლება გააჩნდეს, სელოუეის თეორია აკმაყოფილებს ტიპის თეორიის მთავარ კრიტერიუმებს.

სელოუეი თავისი თეორიის შექმნისას, ძირითადად, ემყარებოდა დარვინის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც  ორგანიზმები იმისთვის, რომ  გადარჩნენ, პოულობენ გარკვეულ განმასხვავებელ ნიშას. მაგალითად: იმ ბავშვებს, რომლებიც რიგითობის მიხედვით პირველები არიან ოჯახში -  უკვე გამზადებული ნიშა გააჩნიათ - მათ უპირობოდ აქვთ მშობლების სიყვარული და ყურადღება და ცდილობენ შეინარჩუნონ ეს ნიშა მშობლებთან ინდენტიფიცირებითა და მორჩილებით. რაც შეეხებათ რიგით მეორე ბავშვებს, სალოუეის აზრით, ისინი მეამბოხეები არიან, რადგან მათ განსხვავებული ნიშის პოვნა სჭირდებათ, ისეთის, რომელშიც ისინი მიაღწევენ წარმატებას და არ იქნებიან გადაკვეთილნი უფროს დედმამიშვილებთან. ამის გამო, გვიან დაბადებულები, როგორც წესი, ავითარებენ ღიაობას გამოცდილებისადმი და უფრო ნოვატორები არიან.

სურათი #1: ჰიპოკრატეს მიერ გამოყოფიილ ტიპები და მათი მახასიათებლები:

    

 სურათი #2 : შელდონის სხეულებრივი აღნაგობის ტიპოლოგია 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: