პიროვნების რწმენა, რომ მას შეუძლია მოვლენის, პროცესის, განცდის ან შედეგის შეცვლა.
ეს ტერმინი ყველაზე ხშირად სტრესორებთან გამკლავების კონტექსტში გვხვდება და უმეტესად ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში გამოიყენება, თუმცა არსებობს გაცნობიერებული კონტროლის უფრო ფართო განმარტებებიც, რომლებიც ერთმანეთისგან განზომილებების რაოდენობით განსხვავდებიან. ერთგანზომილებიანი განსაზღვრების მიხედვით, კონტროლის განცდა უნიპოლარული კონსტრუქტია, რომელშიც ადამიანების მიერ გაცნობიერებული კონტროლის აღქმა ერთიანი, გლობალური კონტინიუუმია: მაქსიმალური კონტროლის ფლობის განცდიდან მის სრულ უქონლობამდე.
არსებობს განსხვავებული მოდელებიც. მაგალითად, უოლტსონისა და კოლეგების მიხედვით, გაცნობიერებული კონტროლი მოიცავს რწმენებსა და წარმოდგენებს იმის შესახებ, რამდენად შეუძლია ინდივიდს განაპირობოს საკუთარი შინაგანი მდგომარეობები და ქცევები, გავლენა მოახდინოს გარემოზე, ან/და მიაღწიოს სასურველ შედეგებს. უოლტსონმა, ასევე, კონსტრუქტის შიგნით ორი მნიშვნელოვანი განზომილება გამოყო: (1) კონტროლის ობიექტის დროითი ორიენტაცია ანუ დროის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში, წარსულში თუ მომავალში, არის ლოკალიზებული კონტროლის ობიექტი; (2) რა არის კონტროლის ობიექტი: შედეგი, ქცევა თუ პროცესი.
თომპსონის მიხედვით, სწორედ აღქმულ გაცნობიერებულ კონტროლს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა და არა — აქტუალურ კონტროლს.
ბრაიანტმა კონსტრუქტთან არსებული დეფინიციების ანალიზის საფუძველზე შექმნა გაცნობიერებული კონტროლის ოთხფაქტორიანი მოდელი, რომელიც მოიცავს: (ა) ნეგატიური მოვლენების არიდებას (პირველადი-ნეგატიური კონტროლი); (ბ) ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავებას (მეორადი-ნეგატიური კონტროლი); (გ) პოზიტიური მოვლენების უზრუნველყოფას (პირველადი-პოზიტიური კონტროლი); (დ) პოზიტიური მოვლენების შეგრძნება (მეორადი-პოზიტიური კონტროლი).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.
Bryant B.F. (1989). A Four Factor Model of Perceived Control: Avoiding, Coping, Obtaining and Savoring. Loyola UniversityOf Chicago.
Waltson, K.A.;Waltson, B.S.Smith, S. and Dobbins, C.J. (1987) Perceived Control and Health. Vanderbilt University