ნეიროტრანსმიტერისგან განსხვავებული სუბსტანცია, რომელიც ნეირონიდან გამოთავისუფლდება და ცვლის ან ამოდულირებს პოსტსინაფსური ნეირონის აქტივობას ანუ ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესს. ნეირომოდულატორები უშუალოდ არ ააქტიურებენ იონური არხების რეცეპტორებს და არ იწყებენ დეპოლარიზაცისა, თუმცა ზრდიან ან ამცირებენ ნეიროტრანსმიტერების ეფექტს. შესაბამისად, ნეიროტრასმიტერებთან ერთად, ხელს უწყობენ რეცეპტორების აგზნების ან შეკავების რეაქციების წარმოქმნას. ხშირად, ბევრი სხვადასხვა ნივთიერების ერთდროულად მოცემულობის გამო, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომელი სუბსტანციაა ტრანსმიტერი და რომელი — მოდულატორი.
ნეირომოდულატორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფია ენდორფინები (ენდოგენური მორფინები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციური ქცევისა (შფოთვა, შიში, დაძაბულობა, სიამოვნება) და ტკივილის კონტროლში. ოპიუმისა და მორფის მსგავსი ნივთიერებები ტვინში ერთსა და იმავე რეცეპტორებს უკავშირდება. ისინი, ნაწილობრივ, პასუხისმგებელნი არიან ტკივილის შემამსუბუქებელ ეფექტზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Segen (2012). Medical Dictionary. Farlex.
http://www.britannica.com/EBchecked/topic/409665/nervous-system/75852/Potassium-channels#toc75855 (1.08.2014)