ნენსი ფრეიზერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nancy Fraser

ნენსი ფრეიზერი (დაბ. 1947) თანამედროვე ამერიკელი ფილოსოფოსი, კრიტიკული თეორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნაშრომები ეხება პოლიტიკის ფილოსოფიის, ფემინისტური თეორიის, მე-19 და მე-20 საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის პრობლემებს.

1993 წელს გამოქვეყნებულ წერილში (Beyond the Master/Subject Model: Reflections on Carole Pateman's Sexual Contract) ფრეიზერმა მკაცრად გააკრიტიკა გენდერის ბინარულ კატეგორიზაციაზე დამყარებული მოდელები, სახელდობრ, ქალის სუბორდინაციის ქეროლ პეიტმანისეული ბინარული, ბატონი/მონა დიქოტომიაზე დამყარებული მოდელი. ფრეიზერის აზრით, გენდერული უთანასწორობა თანამედროვე სამყაროში სახეცვლილია და მის გასააზრებლად დომინაციის ბინარული მოდელი არაადეკვატურია, სანაცვლოდ, აუცილებელია უპიროვნო სტრუქტურული მექანიზმების გათვალისწინება. თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში ქალების დაქვემდებარების უკეთ გასააზრებლად ფემინისტებმა უნდა გააანალიზონ ის, თუ როგორ ხდება ქალების სუბორდინაციის შენარჩუნება კულტურული ნორმების, სოციალური პრაქტიკებისა და სხვა უპიროვნო სტრუქტურული მექანიზმების მეშვეობით.

საინტერესოა ასევე ფრეიზერის მიერ ძალაუფლების ფუკოსეული ცნების ანალიზი. იგი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ძალაუფლების მექანიზმებში საინტერესო ემპირიული მიგნებების მიუხედავად, ფუკოს ნაშრომები ნორმატიულად დეზორიენტირებულია. ფუკო ცდილობს, თავი აარიდოს ნორმატიული კატეგორიების გამოყენებას და მათ ნაცვლად აღწეროს, როგორ ფუნქციონირებს ძალაუფლება, და ამით ძალაუფლების შესწავლის ახალი მეთოდოლოგიისკენ მიგვითითებს. ფრეიზერის აზრით, ფუკოს ცდა, ნორმატიულად ნეიტრალური დარჩეს და ნორმატიულობის მიმართ კრიტიკულიც კი იყოს, შეუსაბამობაშია მისი ნაშრომების პოლიტიკურ არსთან. მაგალითად, ფუკო ამტკიცებს, რომ ძალაუფლებას თან ახლავს წინააღმდეგობა; მაგრამ, ფრეიზერის აზრით, ის ვერ გვიხსნის, რატომ უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა დომინაციას. ფრეიზერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ნორმატიული ცნებების გამოყენებითაა შესაძლებელი იმის ახსნა, თუ რატომაა პრობლემური ძალაუფლება/ცოდნის თანამედროვე რეჟიმი და რატომ უნდა გავუწიოთ მას წინააღმდეგობა.

ფრეიზერის სხვა მნიშვნელოვანი შრომები ეხება სოციალური სამართლიანობის ორ ასპექტს - აღიარებასა და რედისტრიბუციას - შორის არსებული დაძაბულობის ანალიზს.

მასვე ეკუთვნის თანამედროვე ფემინიზმის მკაცრი კრიტიკა იმის გამო, რომ თანამედროვე სამყაროში ის უნებლიეთ ნეოლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის მოკავშირე აღმოჩნდა. სახელდობრ, ფრეიზერი ამტკიცებს, რომ „ოჯახის ხელფასის“ (ანუ მამა-მარჩენალისა და დედა-დიასახლისის მოდელის) ფემინისტურმა კრიტიკამ ლეგიტიმაცია მოუმზადა მოდელს „ოჯახი ორი მარჩენალით“; ამის რეალური შედეგი კი იყო ხელფასებისა და შრომის უსაფრთხოების შემცირება, ცხოვრების სტანდარტების გაუარესება, ქალის „ორმაგი ცვლის“ ტვირთის დამძიმება, სიღარიბის ზრდა და მისი სულ უფრო მეტად კონცენტრაცია მარტოხელა ქალების ოჯახებში. ამრიგად, „ქალის გაძლიერების“ ნარატივი ნეოლიბერალიზმმა ექსპლუატაციის გასამართლებლად გამოიყენა. მეორეც, ფემინიზმის მიერ არაეკონომიკურ უსამართლობებზე ყურადღების გამახვილებამ, ეკონომიზმის უგუგდებამ და გენდერული განსხვავების კულტურულ კონსტრუქციებზე დაშენებული იერარქიების კრიტიკამ (რასაც შედეგად უნდა მოეტანა სამართლიანობა როგორც კულტურის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით), რეალურად შედეგად გამოიღო ცალმხრივი ფოკუსირება „გენდერულ იდენტობაზე“ და ეკონომიკური საკითხების მარგინალიზება. ეს კი ძალიან კარგად მოერგო ნეოლიბერალიზმის ცდას, ბოლომდე ამოეძირკვა სოციალური თანასწორობის იდეალის მეხსიერება. მესამეც, ფემინისტების მიერ კეთილდღეობის სახელმწიფოს პატერნალიზმის გამო კრიტიკა უნისონში აღმოჩნდა „ძიძა სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ნეოლიბერალზიმის ბრძოლას, სოციალური დაცვის საკითხების „ენჯეოებისთვის“ გადაბარებასა და მარკეტიზაციის ლეგიტიმაციასთან. ამ ჩიხიდან გამოსავალს ფრეიზერი შემდეგ ნაბიჯებში ხედავს: ბრძოლა აუნაზღაურებელი საქმიანობების, ზრუნვის ჩათვლით, დაფასებისა და ანაზღაურებადი სამუშაოს დეცენტრირებისთვის; მასკულინისტურ კულტურულ ღირებულებებზე დამყარებული სტატუსის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთმანეთთან ინტეგრაცია; ბრძოლა მონაწილეობითი დემოკარტიისთვის, რომლის მეშვეობითაც უნდა შეძლონ საჯარო ძალებმა სამართლიანობის სახელით კაპიტალის შეზღუდვა.

იხილეთ, აგრეთვე: ფუკო, რედისტრიბუცია, განსხვავება

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Benhabib, Seyla, Judith Butler, Drucilla Cornell, and Nancy Fraser (1995). Feminist Contentions: A Philosophical Exchange, Linda Nicholson (ed.), New York: Routledge.

Fraser, Nancy (1989). Unruly Practices: Power, Discourse and Gender in Contemporary Social Theory. Minneapolis, MN: University of Minnesota Press.

Fraser, Nancy (1993). “Beyond the Master/Subject Model: Reflections on Carole Pateman's Sexual Contract”. Social Text, 37: 173–181.

Fraser, Nancy, “How feminism became capitalism's handmaiden - and how to reclaim it”, The Guardian, Monday 14 October 2013 06.30 BST, available at: http://www.theguardian.com/commentisfree/2013/oct/14/feminism-capitalist...

კატეგორია: 
ავტორები: