რედისტრიბუცია გულისხმობს სოციალური სამართლიანობის იმ ასპექტს, რომელიც მიმართულია ეკონომიკური უთანასწორობებით გამოწვეული უსამართლობის გამოსწორებაზე. რედისტრიბუციის (შემოსავლის ან სიმდიდრის გადანაწილების) პოლიტიკა გულისხმობს ინდივიდებს შორის შემოსავლის ან სიმდიდრის გადაცემას ისეთი სოციალური მექანიზმების მეშვეობით, როგორებიცაა: პროგრესული დაბეგვრა, განათლებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო უზრუნველყოფა, სოციალური დახმარების პროგრამები და სხვ. რედისტრიბუციის პოლიტიკა მიმართულია კლასობრივ, ანუ ეკონომიკურ უსამართლობასთან ბრძოლაზე, რომელსაც ზოგჯერ „სოციალურ უსამართლობასაც“ უწოდებენ, სადაც სოციალური გაიგება ვიწრო - ეკონომიკური ან კლასობრივი - მნიშვნელობით. შესაბამისად, მემარცხენე მოძრაობის იმ მიმართულებას, რომლის ძირითადი ფოკუსია ეკონომიკური სამართლიანობა, ხშირად უწოდებენ „სოციალურ მემარცხენეობას“, როგორც დაპირისპირებულს „კულტურულ მემარცხენეობასთან“; ანალოგიურ კონტექსტებში რედისტრიბუციის პოლიტიკას ხშირად უპირისპირებენ აღიარების პოლიტიკას.
სოციალური სამართლიანობის შესახებ დებატებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აღიარებისა და რედისტრიბუციის, როგორც სამართლიანობის მოთხოვნების, ურთიერთმიმართება. ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ახალი სოციალური მოძრაობების გამოჩენის კვალდაკვალ, სოციალური მემარცხენეობა მნიშვნელოვნად შეავიწროვა კულტურულმა მემარცხენეობამ, რაც გამოიხატა იმაში, რომ ემანსიპატორული მოძრაობების დღის წესრიგიდან განიდევნა კლასობრივი (ეკონომიკური) ჩაგვრის პრობლემები და მათი ადგილი დაიკავა იდენტობების (რასის, სქესის, სექსუალობისა და სხვა ნიშნების) მიხედვით ჩაგვრის პრობლემებმა, რომელთა ძირითად ასპექტად მიიჩნევა აღიარების საკითხები. ეს დებატები ცენტრალურია ფემინისტური თეორიისა და პოლიტიკისთვისაც. მეტიც, ზოგიერთი თეორეტიკოსის (მაგალითად, ნენსი ფრეიზერის) აზრით, გენდერული ჩაგვრა უნიკალურია იმით, რომ მისი ერთნაირად არარედუცირებადი კომპონენტია როგორც ეკონომიკური, ისე „კულტურული“, ანუ განსხვავებული იდენტობის გამო ჩაგვრა. გარდა ამისა, ფრეიზერი ამტკიცებს, რომ თვითონ დაპირისპირება აღიარების პოლიტიკასა და რედისტრიბუციის პოლიტიკას შორის იმ დაშვების საფუძველზე, რომ რომელიმე მათგანი მეორეზე უფრო ფუნდამენტურია, არასწორია: ორივე მათგანი უსამართლობაა იმდენად, რამდენადაც მიზეზია უფრო ფუნდამენტური უსამართლობისა, რომელიც მოქალაქეთა ნაწილისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობის არქონაში გამოიხატება.
იხილეთ, აგრეთვე: განსხვავება, იდენტობის პოლიტიკა, ახალი სოციალური მოძრაობები
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Fraser, N. (2003) Social Justice in the Age of Identity Politics: Redistribution, Recognition, and Participation, in N. Fraser and A. Honneth, Redistribution or Recognition?: A Political-Philosophical Exchange, Verso, pp. 7-109.