მეთოდოლოგია

Methodology

იმ პრინციპებისა და ხერხების ერთობლიობა, რომელიც ახდენს მეცნიერული კვლევის ორგანიზებას. მას სხვანაირად მეცნიერული კვლევის სტრატეგიასაც უწოდებენ. მ. უნდა განვასხვავოთ მეცნიერული, მათ შორის, სოციოლოგიური თეორიისაგან. პირველი უფრო ფართოა მეორეზე. მ. უშუალოდ არ უკავშირდება სოციალურ პრობლემებს, მისი პრინციპები შეიძლება გამოსადეგი გახდეს რიგი მეცნიერებებისთვის, რომლებსაც კვლევის სხვადასხვა საგანი აქვთ. მაგ., გამოკითხვის მეთოდი წარმატებით მუშაობს ფსიქოლოგიურ კვლევებში, ხოლო ისეთი სტატისტიკური მეთოდი, როგორიცაა მახასიათებლების გაზომვა, ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ სოციალურ, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. რაც შეეხება სოციალურ თეორიას, იგი განსაზღვრულია საგნობრივი შინაარსით, რომელიც გამოყოფს მას სხვა დისციპლინებისაგან. მ–სა და თეორიას შორის განსხვავებას ასეც გამოხატავენ: პირველი უპასუხებს კითხვაზე – „როგორ“?, ხოლო მეორე – კითხვაზე „რა“? შესაბამისად, მ. უფრო მეტად ფორმალიზებული დისციპლინაა, ხოლო სოციალური თეორია – შინაარსობრივი.ნებისმიერი მეცნიერული, მათ შორის სოციოლოგიური კვლევა საჭიროებს შესაბამის მ–ს. სოციოლოგიური კვლევის მ. (მას ზოგჯერ სოციოლოგიური კვლევის მეთოდიკასაც უწოდებენ) პროცედურათა სისტემაა, რომელიც მოიცავს ოპერაციათა ერთობლიობას, კერძოდ, მეთოდების ტექნიკური საშუალებებისა და კვლევის ინსტრუმენტების თანამიმდევრულ გამოყენებას. მეთოდი ემპირიულ–სოციალურ კვლევაში წარმოადგენს პირველადი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის ძირითად ხერხს. რაც შეეხება ტექნიკას, ის შეიცავს სპეციალურ წესებს, რომელთა გამოყენება აუცილებელია ამა თუ იმ მეთოდის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. მაგალითად, ინფორმაციის მოპოვების ერთ–ერთ მეთოდად შეიძლება გამოიყენონ ანკეტური გამოკითხვა ან ინტერვიუ. ტექნიკა მოცემულ შემთხვევაში იქნება კითხვების ფორმულირების სხვადასხვა წესი (ღია და დახურული, პირდაპირი და ირიბი, ძირითადი და საკონტროლო და ა.შ. კითხვები). რაც შეეხება თავად კითხვარს, მისი შევსების ინსტრუქციასა და სხვა დოკუმენტებს – ყველაფერი ეს კვლევის ინსტრუმენტებია. (იხ. კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები)

კატეგორია: 
ავტორები: