ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება სოციალურ ურთიერთობათა ზოგადთეორიული ხასიათის გამოკვლევის აღსანიშნავად. ს.თ. არ ითვალისწინებს, სოციალური მეცნიერების რომელ დისციპლინას განეკუთვნება ესა თუ ის სოციალური ურთიერთობა და როგორია მისი წარმომავლობა. ამდენად, ს.თ. მოიცავს განსხვავებულ მოვლენათა ფართო წრეს, რომელიც განზოგადებული კონცეპტუალური სისტემის სახით არსებობს. ს.თ. სწორედ ამით განსხვავდება დისკრეტული თეორიებისაგან, რომლებიც კერძო განზოგადებებს ახდენენ. ასეთია, მაგალითად, სოციოლოგიური თეორია, რომელიც ს.თ-ისაგან განსხვავებით შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც დარგობრივი სოციოლოგიის ამა თუ იმ სფეროში მუშაობენ და თეორიის აგებისას მოცემული სოციოლოგიური დისციპლინის პარადიგმის ფარგლებში რჩებიან. ამისგან განსხვავებით, ს.თ-ის წარმომადგენლები სოციალური ურთიერთობების ამხსნელი თეორიის შექმნისას სცილდებიან კონკრეტული სოციალური პარადიგმის ფარგლებს და ზოგადსოციოლოგიური ხასიათის ფართო თეორიულ მოდელებს ქმნიან. იდეალში ს.თ., როგორც სისტემა, ცდილობს გახდეს „ლოგიკურად ჩაკეტილი“, ე.ი. მიაღწიოს ლოგიკური ინტეგრაციის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მოცემულ სისტემაში მსჯელობათა კომბინაციის ყოველი მნიშვნელობა ნათლად შეესაბამება იმავე სისტემის რომელიღაც მეორე მსჯელობას. იმის გამო, რომ სოციოლოგიის მეცნიერება ღია და ეკლექტურია, აღნიშნული განსხვავება სოციოლოგიურ თეორიასა და ს.თ-ს შორის მკაცრი არ არის.
სოციალური თეორია
Social Theory
კატეგორია: