გადამუშავების დონეების თეორია

Levels-of-processing Theory

თეორია, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ღრმა დონეზე ხდება ინფორმაციის გადამუშავება, მით უკეთ ამახსოვრდება ის ადამიანს.

ინფორმაციის გადამუშავება ანუ ყურადღების ფორმა, რომელსაც ინფორმაციის კოდირების პროცესში ვიყენებთ, გავლენას ახდენს ინფორმაციის დახსომებაზე. გადამუშავების დონეების თეორიის მიხედვით, რაც უფრო ღრმა დონეზე ხდება ინფორმაციის გადამუშავება, მით უფრო უკეთ დაამახსოვრდება ის ადამიანს. თუ გადამუშავება მასალის ანალიზს, შედარებებს, ინტერპრეტაციას და სხვა სახის ოპერაციებს მოიცავს, დახსომების ეფექტი უკეთესი იქნება.

გადამუშავების სიღრმე ხშირად განისაზღვრება, როგორც დასახსომებელი ექსპერიმენტული მასალის შესახებ მსჯელობის სახეობები. განვიხილოთ სიტყვა „ყურძენი“. შეიძლება გთხოვონ, ფიზიკურ დონეზე წარმართოთ მსჯელობა: რა ფერითაა ეს სიტყვა დაწერილი? ან ჟღერადობას მიაქციოთ ყურადღება: ერითმება ის სიტყვა ბერძენს? ან მნიშვნელობაზე გაამახვილოთ ყურადღება: მაგალითად, იმაზე, რომ ის ხილია. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ყოველი მომდევნო შეკითხვა ამ სიტყვის სულ უფრო ღრმა გადამუშავებას მოითხოვს ანუ მისი სხვა სიტყვებთან დაკავშირება გჭირდებათ.

ინფორმაციის გადამუშავების დონეების თეორია კრეიკსა და ლოკჰარტს ეკუთვნით, როლებმაც 1972 წელს გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბარი იყო გადამუშავების სიღრმის მნიშვნელობას მეხსიერების პროცესებისთვის. სწორედ ეს სტატია დაედო საფუძვლად მეხსიერების ახალი თეორიის, ინფორმაციის გადამუშავების დონეების თეორიის ჩამოყალიბებას. ამ თეორიის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად რა მდებარეობს, არამედ იმას,  როგორ და რისთვის არსებობს დამოქმედებს ინფორმაცია. ამ მოდელის მიხედვით, შემოსული ინფორმაციის გაანალიზება სხვადასხვა დონეზე ხდება. გადამუშავება შეიძლება მოხდეს ზედაპირულ დონეზე ანუ სენსორულ ნიშანთა გაანალიზების საფუძველზე. შემდგომ დონეებზე ხდება ხატის ამოცნობა და მასში შემავალი ნაწილების იდენტიფიცირება. მას შემდეგ, რაც, ვთქვათ, სიტყვა „კატას“ ამოვიცნობთ, დაიწყება სიტყვის სემანტიკური დამუშავება და იმ ნიშნების ანალიზი, რომელიც ტიპურია კატისთვის და მას სხვა ცხოველებისგან განასხვავებს.

ამრიგად, ამ მოდელის თანახმად, ინფორმაციის გადამუშავება საფეხურებრივად ხდება და ყოველი მომდევნო საფეხური გადამუშავების მხრივ უფრო და უფრო რთულდება. სხვა სიტყვებით, საფეხურები ერთმანეთისგან გადამუშავების სიღრმით განსხვავდებიან. ამასთან, მეტი სიღრმე ფართო კონცეპტუალურ და სემანტიკურ გადამუშავებას გულიხმობს.

თეორიის მიხედვით, ინფორმაცია, რომელიც ღრმა, სემანტიკურ დონეზე გადამუშავდება, უფრო ხანგრძლივად ამახსოვრდება ადამიანს, ვიდრე ინფორმაცია, რომლის გადამუშავებაც ზედაპირულ, არასემანტიკურ დონეზე მოცდა. 

გადამუშავების თეორიის ნაკლი ისაა, რომ მეცნიერებს ყოველთვის არ შეუძლიათ დააზუსტონ,  რატომ ვაკუთვნებთ გადამუშავების ზოგიერთიპროცესი ზედაპირულს და ზოგიერთი კი — ღრმას. ამ სახის გადამუშავების შემთხვევაშიც კი შედეგები მიუთითებენ, რომ პროცესებს, რომელთაც იყენებთ ინფორმაციის კოდირებისთვის, ზემოქმედებენ იმაზე, შეძლებთ თუ არა ამ ინფორმაციის აღდგენას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“

კატეგორია: 
ავტორები: