ჯუდით ბატლერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Judith Butler

ჯუდით ბატლერი (დაბ. 1956) ამერიკელი ფილოსოფოსია, რომლის ნაშრომებმაც დიდი გავლენა მოახდინა სხეულის, გენდერის, სქესისა და სექსუალობის ფემინისტურ თეორიებზე. მისი ორი ყველაზე ცნობილი წიგნია „გენდერზე შფოთვა: ფემინიზმი და იდენტობის სუბვერსია“ (Gender Trouble: Feminism and the Subversion of Identity, 1990) და „სხეულების მატერიალურობა: „სქესის“ დისკურსული საზღვრების შესახებ“ (Bodies That Matter: On the Discursive Limits of "Sex", 1993). ბატლერის პირველი რევოლუციური მნიშვნელობის სტატია, რომლის იდეებიცაა განავითარებული მის ამ და სხვა წიგნებში, იყო „პერფორმატიული აქტები და გენდერის აგება“ (Performative Acts and Gender Constitution, 1988). აქ პირველადაა ჩამოყალიბებული გენდერის პერფორმატიულობის მისი კონცეფცია. ბატლერის სხვა მნიშვნელოვანი წიგნებია: „აღგზნებადი სიტყვა: პერფორმატიული პოლიტიკა“ (Excitable Speech: A Politics of the Performative, 1997), „გენდერის გარღვევა“ (Undoing Gender, 2004), „ანგარიშგება საკუთარი თავთან“ (Giving an Account of Oneself, 2005) და სხვ.

ბატლერი არ შემოიფარგლება მტკიცებით, რომ გენდერი (ქალისა და კაცის განსხვავება, გენდერული იდენტობა) „ნამდვილი“ კი არ არის, არამედ პატრიარქალური და ჰეტეროსექსისტური დისკურსის კონსტრუქტია, არამედ ეჭვქვეშ აყენებს თვითონ გენდერსა და სქესს შორის ნაგულისხმევი განსხვავების მნიშვნელობას და გენდერის, სქესისა და სექსუალობის არსებული ბინარული კატეგორიების კოჰერენტულობას; ამტკიცებს, რომ სხეული ისტორიული იდეაა და ავითარებს გენდერის პერფორმატიულობის თეორიას. ამ თეორიის თანახმად, გენდერი არ არის არც ინდივიდების მახასიათებელი ატრიბუტი - ის, „რაც არის ადამიანი“, და არც მხოლოდ ნორმების სისტემა, რომლებიც გარედან ეხვევა თავს უკვე არსებულ სუბიექტს. გენდერი არის პერფორმანსი - ის, „რასაც ვაკეთებთ“. ის იქმნება სტილიზებული სხეულებრივი აქტების, რიტუალების რეალურ დროში გამეორებით. ეს გამეორება ქმნის არსებითი, მეტაფიზიკურად არსებული, ბუნებრივი გენდერის, სქესისა თუ სექსუალობის მოჩვენებას. ბატლერისთვის მნიშვნელოვანია, ქვემდებარე-შემასმენლის გრამატიკულმა კონსტრუქციამ არ შეგვიყვანოს შეცდომაში და გენდერის პერფორმატიულობა არ გავიგოთ, როგორც წინასწარარსებული, გარკვეული იდენტობის მქონე სუბიექტის მიერ გარკვეული „სცენარის“ შესრულება - თვითონ იდენტობა იქმნება, „სრულდება“ პერფორმანსში და არსებობს მხოლოდ როგორც პერფორმანსი. მისი არსებობისთვის აუცილებელია, რომ ის „სწორად“ შესრულდეს და არსებობდეს მაყურებელი, აუდიტორია, რომელიც მას „სწორად გაიგებს“. ეს არ ნიშნავს, რომ გენდერი ინდივიდის თავისუფალი არჩევანია, მაგრამ აჩვენებს გენდერის სტრუქტურების არასტაბილურობასა და მათი სუბვერსიის შესაძლებლობას - ყოველი მორიგი გამეორება შეიცავს შესაძლებლობას და რისკს იმისა, რომ წესები „სწორად“ ვერ შესრულდება, მოხდება დამკვიდრებული მნიშვნელობების ახლებური ინტერპრეტაცია. ამასთან არის დაკავშირებული გენდერის გამო მუდმივი „შფოთვა“ და შიში. რეგულაციური დისკურსი, თავისი დისციპლინის ტექნიკებით, აიძულებს სუბიექტებს სპეციფიკური აქტების შესრულებას და ამ აქტებით შექმნილ მოჩვენებითად სტაბილურ კატეგორიებს წარმოადგენს, როგორც ბუნებრივ, ბიოლოგიურ, დისკურსამდელ „ფაქტს“, რითაც მათ ისტორიულ და მყიფე ბუნებას ნიღბავს.

სქესის, როგორც სოციალურად და კულტურულად კონსტრუირებული კატეგორიის, გაგებას უკავშირდება ბატლერის მიერ ფემინისტური პოლიტიკის კრიტიკა ქალის კატეგორიის, როგორც სქესით განსაზღვრულის, არაისტორიული, ესენციალისტური გამოყენების გამო. ის იცავს სუბვერსიის პოლიტიკას, რომელიც გენდერის ბინარული კატეგორიების სტაბილურობას შეარყევს და გენდერისა და სექსუალური სურვილის განუსაზღვრელობას, თავისუფალ ცვალებადობას, გარეშე ფაქტორებით განუსაზღვრელობას გაუთავისუფლებს სივრცეს. შესაბამისად, ბატლერის შრომები განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ქვიარ თეორიის განვითარებისთვის. ბევრი ფემინისტი ფილოსოფოსი ბატლერს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მისი თეორია ძირს უთხრის ქალთა ჩაგვრის თეორიულ გააზრებას და ნიადაგს აცლის ქალთა გათავისუფლების პოლიტიკას: თუკი არ არსებობს „ქალის“ კოჰერენტული კატეგორია, მაშინ არ არსებობს გასათავისუფლებელი სუბიექტი, ამტკიცებენ ეს თეორეტიკოსები.

იხილეთ, აგერთვე: პერფორმატიულობა, ქვიარი, ქვიარ თეორია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Gardner C. V. (2006) “Historical Dictionary of Feminist Philosophy”, The Scarecrow Press Inc.

კატეგორია: 
ავტორები: