პერფორმატიულობა

Performativity

 პერფორმატიულობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც იდენტობა მიიღწევა გარკვეული პერფორმანსებით და წინ არ უსწრებს თავად ამ ქმედებებს. პერფორმატიულობა უნდა განვასხვაოთ პერფორმანსისგან, რადგან ეს უკანასკნელი წინასწარ გულისხმობს სუბიექტს, პერფორმატიულობის კონცეფციის არსი კი სუბიექტის კონცეფციის კრიტიკასა და იმ გზების ჩვენებაშია, თუ როგორ ხდება ცალკეულ ისტორიულ მომენტებში ლინგვისტური ან კულტურული აქტების მეშვეობით სუბიექტების ან იდენტობების ჩამოყალიბება. იმის თქმა, რომ იდენტობა პერფორმატიულია, არ გულისხმობს ისეთი სუბიექტის დაშვებას, რომელიც პერფორმანსშია დამალული და გამოაშკარავებას ექვემდებარება. ამ აზრით, იდენტობა „შინაგანი“ რეალობის გამოხატულება კი არ არის, არამედ ჩვენი ქმედებების რეტროაქტიული შედეგი. ამგვარად, პერფორმატიულობის კონცეფცია ეწინააღმდეგება ისეთ თვალსაზრისებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული (გენდერული, ნაციონალური და ა.შ.) იდენტობების ნატურალიზებას, დროში მათი უცვლელობისა და მუდმივობის დამტკიცებას; ამ უკანასკნელთა საპირისპიროდ ის მიგვითითებს იმ კულტურულ პრაქტიკებზე, რომლებიც აწარმოებენ და კვლავაწარმოებენ ცალკეულ იდენტობებსა თუ სუბიექტებს.

იხილეთ, აგრეთვე: ჯუდით ბატლერი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

The Edinburgh Dictionary of Continental Philosophy, Edited by John Protevi, Edinburgh University Press, 2005

კატეგორია: 
ავტორები: