ვიგოტსკის მიხედვით, ბავშვების მიერ სოციალური კონტექსტიდან ცოდნის შესრუტვის, ათვისების პროცესი.
ლევ ვიგოტსკი (Lev Vigotsky) თვლიდა, რომ ბავშვები ინტერნალიზაციის პროცესით ვითარდებიან: ისინი ცოდნას სოციალური გარემოდან იღებენ, რომელიც სერიოზულად აისახება მათი კოგნიტური უნარების განვითარებაზე. ვიგოტსკის მიერ შემოთავაზებულმა სოციალურმა თეორიამ განვითარების კროსკულტურულ კვლევებში პოვა დადასტურება. ინტერნალიზაციის ვიგოტსკისეული ცნება იმ გავლენის ახსნაში გვეხმარება, რომელსაც კულტურული გარემო ახდენს ადამიანის კოგნიტურ განვითარებაზე. ბავშვის შემეცნებითი უნარები ისე ვითარდება, რომ მას მოცემულ კულტურაში მოთხოვნადი და მიღებული ფუნქციების შესრულება შეეძლოს.
ტერმინი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება ფსიქოანალიზში და, ზოგადად, დინამიკურ ფსიქოლოგიაში. ტერმინები ექსტერნალიზაცია-ინტერნალიზაცია ობიექტის ექსტერნალიზაციისა და ინტერნალიზაციის სპეფიციკურ ფსიქიკურ მოდალობას აღნიშნავს. ზოგადად, ინტერნალიზაცია (და ექსტერნალიზაცია) ობიექტის ასპექტებს კი არ შეეხება, არამედ ობიექტში მოცემულ ურთიერთობებსა და კონფლიქტებს. აქედან გამომდინარე, თუ ობიექტის მოცემული ასპექტი ინტერნალიზირდება (ან ექსტერნალიზირდება), ურთიერთობაც ინტერნალიზირდება (ან ექსტერნალიზირდება). ფროიდი საუბრობდა ეგოს ინტერნალიზაციის უნარზე, თუმცა, ფილოგენეტიკურ პოზიციას იკავებდა. ის თვლიდა, რომ როდესაც ადამიანი ვითარდება პრიმიტიული მდგომარეობიდან ცივილიზებულამდე, მისი აგრესიულობა ძალზე მნიშვენლოვნად ინტერნალიზირდება ანუ შიგნით ბრუნდება. შესაბამისად, მისი შინაგანი (ინტერნალური) კონფლიქტები, ინტერნალიზაციის გამო, შეწყვეტილი გარეგანი ბრძოლის ეკვივალენტს წარმოადგენს.
ანა ფროიდმა ინტერნალიზაციის კლინიკური ხედვა შემოგვთავაზა. მიიჩნევდა რა პათოლოგიას ბავშვის მიერ განცდილი შფოთვისა და კონფლიქტების შედეგად, მან ერთმანეთისგან განასხვავა (ა) ინტერნალიზირებული ექსტერნალური კონფლიქტები, რომლებიც ობიექტის დაკარგვის შიშთან და დანაშაულის განცდასთან დაკავშირებულ შფოთვას შეესაბამებოდა და (ბ) კონფლიქტები, რომლებსაც იგი „ჭეშმარიტად“ ინტერნალურს/შინაგანს უწოდებდა. ეს უკანასკნელი იდისა და ეგოს ურთიერთობიდან და მათი ართავსებადი, კონფლიქტური მიზნებიდან აღმოცენდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.