ჰეგემონური მასკულინობის ცნებაში მოიაზრება ის გენდერული პრაქტიკები, რომლებიც ხელს უწყობს პატრიარქატის ლეგიტიმაციას, კაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ სოციალურ პოზიციებს. ტერმინი მომდინარეობს კლასობრივი ურთიერთობების ანტონიო გრამშისეული ანალიზიდან, რომლის მიხედვითაც, დომინანტურ კლასს „კულტურული ჰეგემონია“ აქვს და მისი მეშვეობით ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას სოციალურ იერარქიაში. ჰეგემონური მასკულინობის ცნება ეკუთვნის რ. კონელის, რომელიც გამოყოფს მასკულინობის ოთხ ტიპს: ჰეგემონური, კომპლიციტური, დაქვემდებარებული და მარგინალური. მასკულინობის ამ ტიპებს შორის ურთიერთობა იერარქიულია. ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენელია კონკრეტულ საზოგადოებაში მამაკაცის იდეალური ტიპი. ჰეგემონური მასკულინობის მახასიათებლები და კრიტერიუმები ცვალებადობს ადგილისა და დროის მიხედვით.
ჰეგემონური მასკულინობა გულისხმობს: 1. დომინანტურ პოზიციას გენდერული ურთიერთობების სისტემაში; 2. თავად სისტემას და 3. იდეოლოგიას, რომელიც კვლავაწარმოებს მასკულინურ დომინაციას.
გენდერული ურთიერთობების თანამედროვე კონფიგურაცია ქმნის სოციალურ ურთიერთობებსა და სტრუქტურებს, რომლებშიც მამაკაცები ქალებისა და სხვა ტიპის მასკულინობის წარმომადგენლების მიმართ უპირატეს მდგომარეობაში არიან. ეს კონფიგურაციები წარმოშობს და განსაზღვრავს ძალაუფლებას, შრომის გადანაწილებას, ემოციურ ურთიერთობებს.
ჰეგემონურ მასკულინობას რამდენიმე განზომილება აქვს: 1. იდეალური ტიპის მასკულინობა და რწმენა იმისა, რომ მასკულინობის მხოლოდ ერთი და სწორი ტიპი არსებობს. 2. მამაკაცები მუდმივად ადარებენ საკუთარ თავს და სხვებს მასკულინობის იდეალურ ტიპს. ისინი ცდილობენ, საკუთარ თავსა და სხვებს იერარქიულ საფეხურზე მიუჩინონ ადგილი. 3. სექსიზმი და ჰომოფობია განაპირობებს ჰეგემონური მასკულინობის ერთ-ერთ განზომილებას - ქალთა დაქვემდებარებას და „ქალური“ ქცევის დასჯას.
ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენელები შეიძლება იყვნენ მსახიობები ან თუნდაც არარეალური არსებები, მაგალითად, ფილმის გმირები. ხოლო ინსტიტუციური ძალაუფლებისა და დიდი სიმდიდრის მფლობელები შეიძლება ძალიან შორს იდგნენ მასკულინობის ჰეგემონური პატერნისაგან. მიუხედავად ამისა, ჰეგემონია მყარდება მაშინ, როცა კულტურული იდეალი და ინსტიტუციური ძალაუფლება , ინდივიდუალურ დონეზე თუ არა, კოლექტიურ დონეზე მაინც ემთხვევა ერთმანეთს.
იხილეთ, აგრეთვე: მასკულინობა, კომპლიციტური მასკულინობა, დაქვემდებარებული მასკულინობა, მარგინალური მასკულინობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Connell, R.W. (2005). Masculinities. Second Edition. Berkeley, CA: University of California Press.