მასკულინობების იერარქიულ სისტემაში კომპლიციტური მასკულინობა იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზეა, ვიდრე ჰეგემონური მასკულინობა. არცთუ ისე ბევრი კაცი აკმაყოფილებს მასკულინობის ნორმატიულ სტანდარტებს; რაოდენობა კაცებისა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ჰეგემონურ მასკულინობას მიეკუთვნებიან, ძალიან ცოტაა. მიუხედავად ამისა, კაცები ჰეგემონიისგან სარგებლობას იღებენ იმ პატრიარქალური დივიდენდის სახით, რაც ქალთა საერთო დაქვემდებარებისგან მიღებული უპირატესობაა. კომპლიციტური მასკულინობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება, პრესტიჟული კარიერა და დაიკავონ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციები, რადგან ჰეგემონური მასკულინობის ხატი უზრუნველყოფს და ლეგიტიმაციას აძლევს ყველა კაცის პოზიციას საზოგადოებაში. ამ ტიპის მასკულინობას ჰეგემონური მასკულინობის „დეზერტირ“ ვერსიად განიხილავენ, რადგან ისინი იზიარებენ პატრიარქალურ დივიდენდებს პატრიარქატის „ფრონტის ხაზის“ დაცვის გარეშე.
კომპლიციტური მასკულინობა ყველანაირად ცდილობს, მოერგოს ჰეგემონურ მასკულინობას, რათა ისარგებლოს ქალის სუბორდინაციის შედეგად მიღებული მატერიალური, ფიზიკური და სიმბოლური ბენეფიტებით და თავიდან აირიდოს სუბორდინაცია. ამასთან, ჰეგემონური მასკულინობის მიბაძვით მას თან ახლავს ჰეგემონის გრძნობა.
იხილეთ აგრეთვე: მასკულინობა, ჰეგემონური მასკულინობა, დაქვემდებარებული მასკულინობა, მარგინალური მასკულინობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Connell, R.W. (2005). Masculinities. Second Edition. Berkeley, CA: University of California Press.