ტერმინი „გინოკრიტიკა“ შემოიტანა ამერიკელმა ფემინისტმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ელენ შოუვოლტერმა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს, რათა აღენიშნა დავიწყებული ქალი მწერლების ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევა. გინოკრიტიკა ფოკუსირდება არა ქალთა რეპრეზენტაციებზე ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ თავად ქალ მწერლებზე, მათი ნაშრომების კვლევასა და მათ ხელახლა აღმოჩენაზე. ეს ისტორიული და მატერიალისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რა პრაქტიკულ საკითხებს უკავშირდებოდა წერა ქალებისთვის: მაგალითად, ჰქონდათ თუ არა მათ განათლება, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გამომცემლებთან, უხდიდნენ თუ არა ფულს ნაწერის გამოქვეყნებაში, სად და როგორ წერდნენ და სხვ. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ქალების ენასთან დამოკიდებულება, იმის კვლევა, თუ როგორ ენას იყენებდნენ ისინი. გინოკრიტიკამ რევოლუცია გამოიწვია აკადემიაში: კვლევის ამ მიმართულებამ აჩვენა, რომ აუცილებელია რეფლექსია იმაზე, თუ როგორ ფასდება ლიტერატურული ტექსტი არსებულ კულტურაში. გინოკრიტიკამ ლიტერატურული კანონის ხელახლა დაწერის მოთხოვნა წამოაყენა იმით, რომ აჩვენა მამაკაც და ქალ მწერლებს შორის არსებული სტრუქტული უთანასწორობა.
გინოკრიტიკას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას არ შეუძლია, მოიცვას ისტორიული დისკურსის მიერ უგულებელყოფილი ყველა ხმა (მაგალითად, ქალებისა, ვისაც არც წერა შეეძლო და არც კითხვა) და, ამდენად, ქალი სუბიექტის კონსტრუირებას მხოლოდ არასრული ისტორიის საფუძველზე აკეთებს. ამიტომ ეს სუბიექტი პრივილეგირებული, თეთრკანიანი, საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალია. მეორე მხრივ, გინოკრიტიკოსები ესენციალიზმის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან ქალ მწერლებზე ფოკუსირებით ისინი ფაქტობრივად უშვებენ, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია ქალის „ავთენტური“ რეპრეზენტაციის შექმნა. ეს კი, თავის მხრივ, ამყარებს დაშვებას, რომ გენდერი და სქესი ერთი და იგივეა.
იხილეთ, აგრეთვე: ლიტერატურის ფემინისტური თეორია/კრიტიკა, ვირჯინია ვულფი, „საკუთარი ოთახი“.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Robbins,R.(2001)‘Will Real Feminist theory please stand up?’, Wolfreys, J. (ed.) (2007). Introducing Literary Theories Edinburgh: Edinburgh University Press.