გლია

Glia

უჯრედი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნეირონებს და აჩქარებს ნერვულ გადაცემას, აშორებს დაზიანებულ და დაღუპულ ნეირონებს და ხელს უშლის სისხლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების თავის ტვინში შეღწევას.

ტვინის ნეირონთა ქსელში გაბნეულია მათზე ხუთჯერ თუ ათჯერ მეტი რაოდენობის გლიური უჯრედები. თავად ტერმინი ბერძნულიდან მომდინარეობს და „წებოს“ ნიშნავს. უჯრედის სახელწოდებაში უკვე ჩანს ამ უჯრედების მთავარი ფუნქცია: ისინი ნეირონების საყრდენს წარმოადგენენ.

ხერხემლიანებში გლიას ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: (1) პირველი ფუნქცია განვითარების საფეხურზე ჩნდება. გლიური უჯრედები ახალშობილ ნეირონებს ტვინში მათი შესაბამისი ლოკალიზაციის პოვნაში ეხმარებიან. (2) მეორე ფუნქციაა ცხოველქმედება, როდესაც ნეირონები ზიანდება და იღუპება, დაზიანების უბანში გლიური უჯრედები მრავლდება და ასუფთავებს უჯრედულ ნარჩენებს. მათ, ასევე, შეუძლიათ ნეირონთა შორის ნაპრალებში ნეიროტრანსმიტერების და სხვა ნივთიერებების შთანთქმა. (3) მესამე ფუნქციაა იზოლაცია. გლიური უჯრედები ზოგიერთი აქსონის ირგვლივ საიზოლაციო საფარველს ქმნიან, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ეს ცხიმოვანი იზოლაცია მნიშვნელოვნად ზრდის ნერვული სიგნალის გადაცემის სიჩქარეს. (4) გლიის მეოთხე ფუნქციაა ტვინის მგრძნობიარე ნეირონების დაცვა სისხლთან ერთად შემოსული ტოქსინებისგან. სპეციალიზირებული გლიური უჯრედები, რომელთაც ასტროციტები ეწოდებათ, ქმნიან ე. წ. ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რომელიც ტვინის სისხლძარღვთა ირგვლივ უწყვეტი ცხიმოვანი შრეა. ცხიმში უხსნადი ნივთიერებები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რადგანაც მრავალი შხამი და სხვა მავნე ნივთიერება ცხიმში არ იხსნება და, შესაბამისად, ტვინშიც ვერ აღწევენ. (5) ბოლოს, ნეირომეცნიერები სულ უფრო და უფრო თვლიან, რომ გლია გავლენას ახდენს ნეირონთა შორის კომუნიკაციაზე იმ იონთა კონცენტრაციაზე ზემოქმედებით, რომლებიც ნერვული იმპულსის გატარებას უზრუნველყოფენ.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

კატეგორია: 
ავტორები: