ექსპანსია (პოლიტიკური)

Expansion (Political)

პოლიტიკური ექსპანსია გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოებას, გავლენის სფეროს გავრცელებას სხვა ქვეყნებისა და ხალხების ხარჯზე. ხსვადასხვა ეპოქაში პ.ე-ს განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო ეპოქის ეკონომიკური, სამხედრო, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონე, სახელმწიფოს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნილებები. პ.ე. ძირითადად იმპერიალისტური სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათბელი და ხორციელდებოდა სამხედრო კონფლიქტებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, რაც გარკვეული პერიოდისათვის კვალიფიცირდება, როგორც კოლონიალიზმი. მაგრამ ასეთ პირობებშიც განასხვავებენ კონტინენტურ (ვთქვათ რუსეთის ან თურქეთის) და საზღვაო იმპერიების (დიდი ბრიტანეთის) პ.ე-ს. პირველ შემთხვევაში იმპერიების ეკონომიკური ინტერესები რეალიზდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების, მაშასადამე, ძირითადად, გადამხდელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, მაშინ როდესაც საზღვაო იმპერიები უმთავრესად დაინტერესებულნი იყვნენ ვაჭრობისა და მრეწველობისათვის ახალი ბაზრების, იაფი ნედლეულისა და მუშახელის მოპოვებით.                                                                                       თანამედროვე ეპოქაში პ.ე-ის ძველი კოლონიური ფორმები შეცვალა სახელმწიფოების კულტურულმა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა ექსპანსიამ. ძლიერი სახელმწიფოები გავლენის სფეროს ზრდას ამჯობინებენ ახალი ტერიტორიების მოპოვებას. გლობალიზმის ეპოქამ, რასაც თან სდევს ეროვნული სახელმწიფოების დასუსტება, ექსპანსიის ძირითად სუბიექტებად ტრანსნაციონალური გაერთიანებები აქცია.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: