ეთნიკური წმენდა

Ethnic Cleansing

ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ გეოგრაფიული რეგიონიდან განდევნოს სხვა ასეთი ჯგუფების სამოქალაქო მოსახლეობა ძალადობისა და ტერორის მეთოდების გამოყენებით (მკვლელობა, წამება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ძალადობა, სამოქალაქო მოსახლეობის ძალმომრეობით განდევნა, გადაადგილება და დეპორტაცია, სამოქალაქო მოსახლეობასა და და რაიონებზე მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმები თუ ამ თავდასხმებით მუქარა, და ა.შ.). ე.წ–ის პრაქტიკა გენოციდის სახეს იღებს ე.წ. ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ერთ–ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება; იგი იუგოსლავიის ომის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებში ერთ–ერთი მთავარი ბრალდებაა, რის გამოც მრავალი სერბი სამხედრო თუ სახელმწიფო პირი მიეცა პასუხისგებაში. ბოლო დროს იმავე ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხორვატი და ბოსნიელი პოლიტიკური მოღვაწეც. ე.წ–ის სასტიკი გამოვლინებაა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებები, რომელთა შედეგად მოკლულია 10000–მდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250000–მდე ადამიანი განდევნილია მშობლიური კერიდან. ეს ქმედებები დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: