გენოციდი

Genocide

საერთაშორისო დანაშაული, კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლის მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. გ. არის ასეთი ჯგუფის წევრთა გაჟლეტა, მათი სხეულისა თუ გონებისათვის სერიოზული ზიანის მიყენება, განზრახ შექმნა ისეთი საარსებო პირობებისა, რომელთა მიზანია ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური მოსპობა, ჯგუფის წევრთა შორის შობადობის ძალით შემცირება, მათი ბავშვების იძულებით სხვა ჯგუფის ადამიანთათვის გადაცემა. ასეთი ქმედებანი დანაშაულია საერთაშორისო სამართლის წინაშე და მის აღსაკვეთად ყველა სახელმწიფოს ერთობლივი თუ ინდივიდუალური ბრძოლაა საჭირო. გ.-ის გამოცხადება უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად განაპირობა ჰიტლერული რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის, პოლონელის, საბჭოთა კავშირის ხალხთა მასობრივი განადგურების ფაქტების გამოვლენამ. XX ს-ის 90-იან წლებში გ. იქცა აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ ძირითად იარაღად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში (მაგ., ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში), ასევე მან თავი იჩინა აფრიკის ქვეყნებში (რუანდა). ბოლო წლებში გ.-ის ახალი ფორმა წარმოიშვა - ეთნიკური წმენდა (მაგ., აფხაზეთში), რომელიც საერთაშორისო სამართლით კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ დანაშაულის სახეობად არის აღიარებული.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: