დრაგ მეფეები ან დედოფლები არიან არტისტები ან აქტივისტები, რომლებიც თეატრალური წარმოდგენებისათვის ან ფოტოსესიისათვის იცვამენ თავიანთი ბიოლოგიური სქესის საპირისპირო სქესისათვის ხაზგასმით მიღებულ ტანსაცმელს და გამოდიან შესაბამისი პერფორმანსით (მაგალითად, დრაგ მეფეა ბიოლოგიურად ქალი, რომელიც, კაცის ტანსაცმელში „გადაცმული“, მამაკაცურობას „თამაშობს“). დრაგპერფორმანსები, გარდა საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისა, ტრადიციულად საპირისპირო სქესისათვის დამახასიათებელი მოძრაობების, მიხრა-მოხრისა და ცეკვის სტილის მიბაძვასაც მოიცავს. ასეთი „გადაცმის“ მიზანი, როგორც წესი, მასკულინობის ან ფემინურობის პაროდირება, მისი პოლიტიკური კრიტიკაა. დრაგ მეფეებისა და დედოფლების პერფორმანსი იმის ილუსტრაციაა, თუ რამდენად ხელოვნურად არის კონსტრუირებული გენდერი. დრაგის ძირითადი მიზანი ტრადიციული, ნორმატიული გენდერული კატეგორიების დარღვევაა. ეს მიზანი იმით მიიღწევა, რომ დრაგ მეფეები და დედოფლები არც მასკულინური და არც ფემინური გენდერის ჩარჩოებში არ ჯდებიან.
დრაგ მეფეები თავიანთი პერფორმანსებისათვის არა მხოლოდ მასკულინურად იცვამენ, არამედ ხშირად მკერდს ბანდაჟით იხვევენ და სახეზე წვერ-ულვაშს იხატავენ. ისინი შესაძლოა თვითიდენტიფიკაციას აკეთებდნენ როგორც ქალები, მასკულინური ლესბოსელები, ტრანსგენდერები ან გენდერქვიარები. ასევე, შესაძლებელია, რომ მათი პერფორმანსი მათი სექსუალური თუ გენდერული იდენტობით არ იყოს განპირობებული.
პირველი დრაგ მეფე, ვესტა ტილი, ბრიტანეთის მუსიკალურ სცენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. იმ დროის დრაგპერფორმანსები, დღევანედლისაგან განსხვავებით, პოლიტიკური მოტივებით ნაკლებად იყო დატვირთული. დრაგ მეფეების შესახებ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები ფემინისტ თორეტიკოსს ჯუდით ჰალბერსტამს ეკუთვნის. ნაშრომებში „ფემინური მასკულინობა“ (Female Masculinity, 1998) და „დრაგ მეფეების წიგნი“ (The Drag King Book, 1999) ის დრაგ მეფეების პერფორმანსებს ქვიარკულტურისა და ტრადიციული მასკულინობის ჭრილში განიხილავს და მათ ჰეგემონური მასკულინობის გაბატონებულ იმიჯთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად მიიჩნევს.
ტერმინი „დრაგ დედოფალი“ სემანტიკურად განსხვავდება თითქოს მსგავსი ტერმინისაგან - ტრანსვესტიტისაგან. ტრანსვესტიზმი ფეტიშურ პრაქტიკას გულისხმობს, როდესაც სექსუალური სიამოვნება სტერეოტიპულად საწინააღმდეგო სქესისათვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ტარებით მიიღწევა და ხშირად ის ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან არ არის დაკავშირებული. ხოლო დრაგ დედოფლები თითქმის ყველა შემთხვევაში იდენტიფიცირებული არიან, როგორც გეი მამაკაცები. მე-20 საუკუნის დასაწყისში „დრაგ დედოფალი“ პროსტიტუციაში ჩაბმულ გეი მამაკაცს აღნიშნავდა. მოგვიანებით ტერმინმა მნიშვნელობა შეიცვალა და მეტად დაუკავშირდა თეატრალურ წარმოდგენებს.
დრაგის ფენომენის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი, ჯუდით ბატლერი, მას განიხილავს, როგორც გენდერის პერფორმანსს. მისი თქმით, გენდერის იმიტაციით დრაგ მეფეები და დედოფლები ნათლად წარმოაჩენენ თვითონ გენდერის იმიტაციურ ხასიათს და იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ის ისევე ხელოვნურადაა შექმნილი, როგორც დრაგპერფორმანსებისას. ეს გულისხმობს, რომ არა მხოლოდ დრაგ დედოფლები ან მეფეები ბაძავენ საპირისპირო სქესის ქცევებსა და ჩაცმულობას, არამედ ქალები და მამაკაცები რეალურ ცხოვრებაშიც ანალოგიურად ახდენენ საკუთარი გენდერისათვის სტერეოტიპულად დამახასიათებელი ქცევების იმიტაციას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Butler, J.(1990)Gender Trouble: Feminism and theSubversion of Identity, New York: Routledge.
Garber, M.(1992)Vested Interests: Cross-Dressing &Cultural Anxiety, New York: Routledge.
Halberstam, J., Del LaGrace V. (1999)The DragKing Book, London: Serpent’s Tail.
Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.1,
Rupp, L., Verta T. (2000)Drag Queens at the 801Cabaret, Chicago, University of Chicago Press.
Schacht, S.,Underwood,L. eds. (2004)The DragQueen Anthology: The Absolutely Fabulous but Flawless
Customary World of Female Impersonators, New York, Harrington Park Press.