მიდრეკილება-სტრესის მოდელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Diathesis-stress Model

ფსიქოლოგიური აშლილობების გამომწვევი მიზეზების ახსნის მოდელი, რომელიც გენებისა და გარემოს ურთიერთქმედების სპეციფიკურ მეთოდს ეფუძნება და რომლის მიხედვითაც, ინდივიდები გარკვეული ნიშნების ან ქცევების გამოვლენის თანდაყოლილი ტენდენციებით ხასიათდებიან, რომლებიც, შესაძლოა, სტრესის დროს გააქტიურდნენ (იხ. სურათი).

თითოეული თანდაყოლილი ტენდენცია მიდრეკილებაა, რაც ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც ინდივიდს აშლილობის განვითარებისადმი მოწყვლადს ხდის. როდესაც სათანადო ცხოვრებისეული მოვლენა ხდება, როგორიცაა გარკვეული ტიპის სტრესორი, აშლილობაც ვითარდება. მაგალითად, თუ ადამიანს სისხლის დანახვის ეშინია და ყოველ ჯერზე გული მისდის, ამ მიდგომის მიხედვით, იგი სისხლის დანახვაზე გულის წასვლით რეაგირების თანდაყოლილი ტენდენციით ხასიათდება. ეს ტენდენცია არის მიდრეკილება ანუ მოწყვლადობა. ის მანამდე არ გამოვლინდება, ვიდრე გარკვეული გარემო პირობები არ შეიქმნება ანუ გარვეული მოვლენები არ მოხდება. ამ კონკრეტული ადამიანისთვის ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბიოლოგიის პრაქტიკულ მეცადინეობაზე ცხოველის გაკვეთის ნახვა და ამის დანახვაზე თვალების დახუჭვა. ამან შეიძლება გაააქტიუროს გულის წასვლისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ამ ადამიანს ბიოლოგიის პრაქტიკულ მეცადინეობებზე რომ არ ევლო, მთელი ცხოვრება შეიძლება ისე გაეტარებინა, რომ არც კი სცოდნოდა, რომ ასეთი მიდრეკილება ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ის არ ეცოდინებოდა, რომ ეს მიდრეკილება ასეთი ინტენსიური იყო, თუმცა, შესაძლოა, ნაკაწრის ან მცირე ჭრილობების დანახვისას უსიამოვნო განცდა დაუფლებოდა. ამრიგად, ვხედავთ, რომ მიდრეკილებას გენეტიკური საფუძველი აქვს, სტრესი კი გარემოდან მომდინარეობს, მაგრამ აშლილობის განვითარების აუცილებელ პირობას მათი ინტერაქცია წარმოადგენს.

ანალოგიურად, შეიძლება ავიღოთ რომელიმე ინდივიდის მაგალითი, რომელსაც გენეტიკურად დაჰყვა ალკოჰოლიზმისადმი მოწყვლადობა. ეს მას არსებითად განასხვავებს მეგობრისგან, რომელსაც არ აქვს ასეთი გენეტიკური მოცემულობა. სტუდენტობის წლებში, შესაძლოა, ორივე ბევრს სვამდეს, მაგრამ მხოლოდ პირველი, ე. წ. დამოკიდებულების გენების მქონე ინდივიდი დაადგება ალკოჰოლიზმის ციცაბო გზას, მისი მეგობარი კი — არა. საქმე ისაა, რომ კონკრეტული მოწყვლადობის ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდება მასთან დაკავშირებული აშლილობა. რაც მცირეა მოწყვლადობა, მით დიდი ცხოვრებისეული სტრესია საჭირო აშლილობის გასააქტიურებლად და, პირიქით, რაც მეტია მოწყვლადობა, მით მცირე ცხოვრებისეული სტრესი იქნება საკმარისი (იხ. სურათი). გენი-გარემოს ურთიერთქმედების ასეთი მოდელი ისედაც პოპულარული იყო, თუმცა გარემოსა და თავის ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციას შორის ურთიერთქმედება საკმაოდ გამარტივებულად იყო წარმოდგენილი.

რეალურად არსებული მიმართება თვალსაჩინოდ გამოჩნდა კასპისა და მისი კოლეგების (2003) კვლევაში. მათ 847 ახალზელანდიელი ინდივიდი შეისწავლეს, რომლებმაც, სამი წლის ასაკიდან, უამრავი შეფასება, ტესტირება და კვლევის პროცედურები გაიარეს ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე. ამასთან, მკვლევრები აფიქსირებდნენ, იყვნენ თუ არა მონაწილეები დეპრესიულები ბოლო ერთიწლის მანძილზე, 26 წლის ასაკში. კვლევის მონაწილეთა 17%-მა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღენიშნებოდათ კლინიკური დეპრესიის ეპიზოდი, ხოლო 3%-მა თქვა, რომ სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. თუმცა, კვლევის არსებითი ნაწილი ის იყო, რომ მკვლევრები მონაწილეთა გენეტიკურ მოცემულობასაც სწავლობნენ, კერძოდ, მათ ის გენი აინტერესებდათ, რომელიც თავის ტვინში ოთხიდან ერთ-ერთი ნეიროტრანსმიტერის სეროტონინის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთის გამომუშავებაზე აგებდა პასუხს.

კასპისთვის საინტერესო გენის ორი — გრძელი და მოკლე — ვერსია ანუ ალელი არსებობს. ცხოველებზე წარმოებულ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სულ მცირე, წყვილი გრძელი ალელის მქონე ინდივიდები უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს, ვიდრე წყვილი მოკლე ალელის მქონენი. ვინაიდან მკვლევრები მონაწილეთა ცხოვრებაში მომხდარ ყველა სტრესულ მოვლენას აფიქსირებდნენ, მათ შეეძლოთ ამ მიმართების შემოწმება. ორი მოკლე ალელის მქონე ინდივიდთა კლინიკური დეპრესიის განვითარების რისკი ორმაგდებოდა, თუ მათ, სულ მცირე, ოთხი სტრესული მოვლენა ჰქონდათ გამოცდილებაში იმათთან შედარებით, რომლებსაც, ასევე, ოთხი სტრესული მოვლენა და ორი გრძელი ალელი ჰქონდათ. მოკლე წყვილის მქონე ინდივიდებში მწვავე და სტრესული ბავშვობა ორჯერზე მეტად ზრდიდა მოზრდილობაში დეპრესიის განმვითარების ალბათობას, ვიდრე მათთან, ვისაც, ასევე, წყვილი მოკლე ალელი ჰქონდა, მაგრამ არა — ძალადობის გამოცდილება ბავშვობაში. მეორე მხრივ, წყვილი გრძელი ალელის მფლობელების შემთხვევაში ბავშვობის სტრესული გამოცდილება არ ზემოქმედებდა დეპრესიის მაჩვენებელზე მოზრდილობაში. ამ ჯგუფის 30% დეპრესიული ხდებოდა ასეთი გამოცდილებისგან დამოუკიდებლად (ის. გრაფიკი). მაშასადამე,  წყვილი მოკლე ალელის მქონეთაგან განსხვავებით, წყვილი გრძელი ალელის მქონეთა დეპრესია ახლო წარსულში გადატანილ სტრესებს უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე — ბავშვობის გამოცდილებას.

ეს კვლევა ძალზე მნიშვენლოვანია იმის ნათლად საჩვენებლად, რომ ვერც გენები და ვერც ცხვორებისეული გამოცდილება (გარემოში მიმდინარე მოვლენები) ცალ-ცალკე ვერ ახსნის ისეთი აშლილობის განვითარებას, როგორიც დეპრესიაა. ის ამ ორი ფაქტორის რთული ურთერთქმედების შედეგია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning,

Caspi, A., Sugden, K., Moffitt, T. E., Taylor, A., Craig, I. W., Harrington, H., McClay, J., Mill, J., Martin, J., Braithwaite., A. and  Poulton, R. (2003). Influence of life stress on depression: moderation by a polymorphism in the 5-HTT gene. Science, New  Series, Vol. 301, No. 5631 (Jul. 18), pp. 386-389.

კატეგორია: 
ავტორები: