გენი

Gene

(ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) მემკვიდრული ინფორმაციის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული.

გენი დნმ-ის (დეზოქსირიბ ონუკლეინის მჟავა) მონაკვეთია და პასუხისმგებელია ორგანიზმში ცილების სინთეზზე. სწორედ დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაცია განსაზღვრავს ორგანიზმის ემბრიოგენეზის, განვითარების, ზრდის, მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციის პროცესებს. ეუკარიოტებში (როგორიცაა ცხოველები, მცენარეები და სოკოები) გენები მოთავსებულია უჯრედის ბირთვში, თუმცა მიტოქონდრიები (ცხოველებში) და ქლოროპლასტი (მცენარეებში) ასევე, შეიცავენ ბირთვული გენებისგან განსხვავებულ გენების პატარა ჯგუფს. პროკარიოტებში გენები ლოკალიზებულია ქრომოსომაში, რომელიც თავისუფლად დაცურავს უჯრედის ციტოპლაზმაში. ზოგიერთი ბაქტერია, ასევე შეიცავს პლაზმიდებს, ქრომოსომის მიღმა არსებულ მცირე გენურ ჯგუფებს. გენები ქრომოსომაში განლაგებულინი არიან ზუსტად განსაზღვრული თანმიმდევრობით და უკავიათ საკუთარი ადგილი, რომელსაც  გენეტიკოსები „ლოკუსს“ უწოდებენ.

ადამიანის გენომი მეტ-ნაკლებად გამოკვლეულია. ის შედგება დაახლოებით 20 000-25 000 გენისაგან, სადაც გენების ზომა მერყეობს დნმ-ის ასეული მონაკვეთიდან - 2 მილიონზე მეტ მონაკვეთამდე.

ყველა ადამიანს აქვს თითოეული გენის წყვილი, რომელთაგანაც ერთს ის იღებს დედისგან მეორეს მამისგან. გენების უმეტესობა მსგავსია ყველა ადამიანში, მხოლოდ მცირე რაოდენობა  (1%-ზე ნაკლები) ქმნის განსხვავებულობას.

განასხვავებენ დომინანტურ და რეცესიულ გენებს. რეცესიულია გენი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში და დომიმანტურია გენი, რომელიც მოქმედებს, როგორც ჰომოზიგოტურ, ასევე ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://ghr.nlm.nih.gov/handbook/basics/gene;

http://www.britannica.com;

http://www.medgeo.net;

ნესბაუმი, რ. (2008). გენეტიკა მედიცინაში. ტომპსონი და ტომპსონი.  

კატეგორია: 
ავტორები: